12 დეკემბერს თურქმენეთის დედაქალაქმა უმასპინძლა „მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმს“, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30 წლისთავს მიეძღვნა.
ფორუმს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც თურქმენეთს წელს უკვე მესამედ სტუმრობს. თუმცა მისი ყველა სხვა წინა ვიზიტისგან ეს მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმ მხრივ, რომ ამჯერად ირაკლი კობახიძეს მოუწია ერთი პლატფორმის გაზიარება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ ფორუმში მონაწილეობა ახსნა მისი შინაარსით, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სრულად პასუხობს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას:
„დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული – შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს…“
თურქმენეთში ირაკლი კობახიძის განსხვავებულ ვიზიტს მოჰყვა განსხვავებული შეფასებები თბილისიდანაც. ხელისუფლების ოპონენტები მოღალატეობრივ ნაბიჯს უწოდებენ აშხაბადის ფორუმის პლატფორმის გაზიარებას იმ ქვეყნის პრეზიდენტთან, რომელსაც საქართველოს 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული.
მათი ნაწილი 2019 წლის 20 ივნისს იხსენებს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფი ირაკლი კობახიძე რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრს, სერგეი გავრილოვს შეხვდა, მოგვიანებით კი რუსმა დეპუტატმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის სავარძელიც დაიკავა. მაშინ ამ შეხვედრასა და 20 ივნისის ცნობილ მოვლენებს ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
ოპოზიციის ნაწილმა კი პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტიც გაიხსენა, სადაც ირაკლი კობახიძე ერთ სივრცეში აღმოჩნდა ტერორისტული დაჯგუფებების – „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერებთან.
„როდესაც პუტინი გამოდის სიტყვით, კობახიძე არ დგება და არ გადის დარბაზიდან, რაც არის პროტესტის ჩვეულებრივი ფორმა. ეს არის იმის უტყუარი ნიშანი, თუ სად მიდის და სად არის მისული ეს რეჟიმი. ნეიტრალიტეტი არის ოცნება არა საქართველოს, არამედ რუსეთის, რომ დაამკვიდროს ნეიტრალიტეტი უკრაინაში, საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ. ეს არის რუსეთის საუკუნის ოცნება, რასაც ასრულებს ივანიშვილი-კობახიძის რუსული რეჟიმი…“ – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„„ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ აწ უკვე გარდაცვლილ ლიდერებთან ერთად ირანელი დიქტატორის ტირილში სიარულის მერე, ახალ „წარმატებას“ მიაღწია ქართულ დიპლომატიაში ირაკლი კობახიძემ და ამჯერად უკვე აშხაბადში ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფება. მას უკვე ჰქონდა შეხვედრა თურქმენეთის მემკვიდრეობით პრეზიდენტთან, რომელმაც მამისგან მიიღო პრეზიდენტობა, ვითარცა მონარქმა და ახლა უკვე ერთ დარბაზში ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად და მას აწონებს თავს…“ – თქვა „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.
12 დეკემბერს განცხადება გაავრცელა ოპოზიციურმა კოალიციამ „ცვლილებისთვის“. მათი განცხადებით, აშხაბადის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობა შეურაცხყოფს საქართველოს „სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს, მეორე მხრივ კი ანგრევს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ არაღიარების პოლიტიკას.
ოპონენტების კრიტიკას „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტულსა და სპეკულაციურს უწოდებს. მმართველი პარტიის ლიდერთა მტკიცებით, ირაკლი კობახიძემ აშხაბადის ფორუმის პლატფორმა სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოიყენა და „ოკუპანტის წინაშე ოკუპაციაც ახსენა“.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებით:
„ვინც ამ ინტერესებს პატივს სცემს, მათ ვესაუბრებით, ვინც პატივს არ სცემს – არა. რუსეთის მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. შესაბამისად, არ ვსაუბრობთ. თქვენ შეიძლება ვერ ატყობთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან…“
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „კარგია, რომ (ოკუპაციის შესახებ) გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა“:
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი. ეს ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. მათ შორის, მან აღნიშნა ოკუპაციაც და მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენი ქვეყნის განვითარების ხვალინდელი დღე – ეს არის მშვიდობა და თანამშრომლობა…“
„მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდნენ რეგიონის სხვა ლიდერებიც, მათ შორის ვლადიმერ პუტინიც, რომლის განცხადებითაც, მოსკოვი ღირსეულად ასრულებს გაეროს ვალდებულებებს.
მისივე მტკიცებით, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზები უნდა მოიძებნოს ყველა ქვეყნის თვალსაზრისის გათვალისწინებით.
ამ განცხადებას ვლადიმერ პუტინი აკეთებს იმ ფონზე, როდესაც კრემლი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას თანხმდება მხოლოდ მოსკოვის ინტერესების დაცვითა და კიევის პოზიციის სრულად უგულებელყოფით.
გასულ თვეებში ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე თეირანის არაერთი მუქარის ფონზე, აშხაბადში ჩასულმა ირანის პრეზიდენტმა კი მშვიდობის გადააზრების აუცილებლობაზე ისაუბრა:
„დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიაზროთ მშვიდობის გაგება – მშვიდობა, რომელსაც არ შეიძლება მივაღწიოთ სამხედრო ბიუჯეტების, მტკიცე საომარი კავშირებისა და სიმბოლური დიპლომატიის გზებით…“ – თქვა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა.
„გულწრფელად ვისურვებთ ომის შეჩერებას რუსეთსა და უკრაინას შორის. მზად ვართ, კონკრეტული გზებით დავუჭიროთ მხარი პროცესს, დიპლომატიური ინიციატივების ხელშეწყობით, რომლებიც მიმართულია ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობაზე. ვგულისხმობ, სტამბულის პროცესს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდა თურქმენეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს, ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს. აზიურ სახელმწიფოებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ხშირად სტუმრობს, რის გამოც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპონენტები კრიტიკას არ იშურებენ. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს შორის, უკვე წელიწადზე მეტია, ოფიციალურ დონეზე არ შემდგარა დიალოგი. დიალოგი, რომლისთვისაც, როგორც თბილისში, ისე ბრიუსელში ამბობენ, რომ „მზად არიან“, თუმცა ორივე მხარეს აქვს კონკრეტული დათქმები.

