მთავარიმსოფლიოსამშვიდობო პროცესში ახალი დეტალები იკვეთება

სამშვიდობო პროცესში ახალი დეტალები იკვეთება

ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკშია, ქალაქში, რომლის აღებაზეც რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაური რამდენიმე კვირის წინ ვლადიმერ პუტინს ანგარიშს აბარებდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რეალობა ვალერი გერასიმოვის სიტყვებზე უფრო მკაფიოდ მეტყველებს. რუსეთის წინსვლის ფონზე უკრაინული ძალები ფრონტის ხაზზე დასახული მიზნებისკენ სწრაფვას აგრძელებენ, რათა მოლაპარაკებათა მაგიდაზე მეტი ბერკეტი ჰქონდეთ.

„დღეს მე კუპიანსკის სექტორში ვარ, ჩვენს მებრძოლებთან ერთად, რომლებიც უკრაინისთვის დასახული მიზნების შესრულებას განაგრძობენ. რუსეთი აგრძელებდა კუპიანსკზე საუბარს – რეალობა სახეზეა. ვესტუმრე ჩვენს ჯარისკაცებს და მივულოცე მათ. მადლობას ვუხდი თითოეულ ქვედანაყოფს, ყველას, ვინც აქ იბრძვის, ყველას, ვინც ანადგურებს ოკუპანტს. დღეს ფრონტზე შედეგების მიღწევა გადამწყვეტია, რათა უკრაინამ შედეგებს მიაღწიოს უკვე დიპლომატიაში. ასე მუშაობს ეს ყველაფერი: ჩვენი ძლიერი პოზიციები ქვეყანაში ითარგმნება ძლიერ პოზიციებად მოლაპარაკებების მაგიდაზე ომის დასასრულებლად. მადლობა თითოეულ მებრძოლს! მე ამაყი ვარ თქვენით! და მადლობას ვუხდი სახმელეთო ჯარებს, დღეს თქვენი დღეა. გმადლობ, ბიჭებო!“ – აღნიშნა კუპიანსკში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ძლიერი პოზიციები უკრაინას ახლა ისე ესაჭიროება, როგორც არასდროს, რადგან სამშვიდობო ხელშეკრულება აქტიური დამუშავების პროცესშია და არსებობს მოლოდინი, რომ ამ მხრივ საკვანძო გარღვევა უკვე უახლოეს კვირებში მიიღწევა, თეთრი სახლის მოლოდინით ახალ წლამდე. ამ მოლოდინს ამყარებს რამდენიმე სიახლე, რომელიც გეგმის სადავო პუნქტებთან დაკავშირებით გამოიკვეთა.

კერძოდ, ცნობილია, რომ კიევს დონბასში კონტროლირებადი ტერიტორიების დატოვების სანაცვლოდ, ამერიკული მხარე თავისუფალი ეკონომიკური ზონის ან დემილიტარიზებული სივრცის შექმნას სთავაზობს. რუსულმა მხარემ პირველად გააკეთა დაშვება, რომ ადგილზე მათი სამხედროები არ განლაგდებიან. თუმცა მოსკოვს აქვს მოლოდინი, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე დონბასი სრულად რუსეთის ადმინისტრაციის კონტროლქვეშ იქნება და ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების თუ სამხედრო გზით, ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში შევა.

„სავსებით შესაძლებელია, რომ იქ არ განლაგდნენ უშუალოდ სამხედროები, არც რუსეთისა და არც უკრაინის მხრიდან. მაგრამ იქნება როსგვარდია, ჩვენი პოლიცია, იქნება ყველაფერი, რაც საჭიროა წესრიგის დასაცავად“, – თქვა რუსულ მედიასთან რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა.

დონბასის დათმობა კიევისთვის წითელ ხაზად რჩება, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შესაძლო ტერიტორიული დათმობების შესახებ პასუხს რუსეთი უკრაინელი ხალხისგან უნდა ელოდოს. იქნება ეს არჩევნები თუ რეფერენდუმი. მისივე განცხადებით, ამერიკელები ამჟამად ეძებენ გარკვეულ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც უკრაინული ძალები ტოვებენ დონბასს ისე, რომ იქ რუსული ძალები არ შედიან. ჩანს, რომ საკითხი აქტიური მოლაპარაკებების პროცესშია.

კომპრომისულია ის განცხადებაც, რომლითაც კიევმა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა გამოთქვა, შესაბამისი უსაფრთხოებითი გარანტიების მინიჭების საფუძველზე პარტნიორების მხრიდან. ეს იმისთვის, რომ კენჭისყრა სრულფასოვნად ჩატარდეს. დონალდ ტრამპმა მანამდე არ გამორიცხა, რომ ამ შემთხვევაშიც რჩება შესაძლებლობა არჩევნები კვლავ  ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოიგოს. ზოგადად მისით უკმაყოფილოა, ამტკიცებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი გეგმა უკრაინაში ყველას მოეწონა, პრეზიდენტი ზელენსკის გარდა.

„ვფიქრობდი, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ვფიქრობდი, რომ უკრაინასთანაც ახლოს ვიყავით. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გარდა ყველას ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია. ოთხი ან ხუთი განსხვავებული ნაწილისგან შედგება. რთულია საკითხია, რადგან მიწების გარკვეული გზით მოჭრა გიწევს. ეს არ არის ყველაზე მარტივი საქმე. ეს უძრავი ქონების გარიგებას ჰგავს, ათასჯერ უფრო რთულს. ეს არის გარიგება, რომელიც ყოველთვიურად ათასობით ადამიანის მკვლელობას შეაჩერებდა. ათასობით ადამიანი კვდება, ძირითადად ჯარისკაცები, მაგრამ, როგორც იცით, რამდენიმე ბომბი ცვივა”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

უქმეებზე სამშვიდობო გეგმის განსახილველად ემზადებიან პარიზში, სადაც წონიანი ევროპული ქვეყნების ლიდერები შეიკრიბებიან. უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი – ისინი ელიან ამერიკის წარმომადგენლებსაც, თუმცა თავად აშშ-ში ამბობენ, რომ წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგზავნიან, თუ წარმატებული შედეგი მიღწევადი იქნება. მიზეზად თეთრ სახლში ის დაასახელეს, რომ დროის დაკარგვა ფუჭ საუბრებში არ სურთ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend