მთავარიმსოფლიოNATOჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო შესაძლებლობები

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო შესაძლებლობები

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამხედრო მრეწველობა მნიშვნელოვნად გააფართოვა. როგორც NATO-ში აცხადებენ, მხოლოდ 155-მილიმეტრიანი ჭურვების წარმოება ექვსჯერ გაიზარდა. გაიხსნა არაერთი ახალი სამხედრო საწარმო. მაგალითად, გერმანიაში ამუშავებული ქარხანა გეგმავს, ერთ წელიწადში 350 ათასი საარტილერიო ჭურვი აწარმოოს.

თავისთავად გერმანია შეუქცევადად ყალიბდება ევროპაში წამყვან სამხედრო ძალად. Nato-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო, აცხადებს, რომ ბერლინი ნატოს მამოძრავებელი ძალაა.

„დაგეგმილია, რომ გერმანიამ 2029 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ს 3.5% უნდა დახარჯოს. კონფლიქტი ჩვენს კართან არის. რუსეთმა ომი ევროპაში დააბრუნა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომის იმ მასშტაბისთვის, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა ან დიდმა ბებია-ბაბუებმა გადაიტანეს.

ჩვენ გავზარდეთ ჩვენი მზადყოფნა, გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე, ვაგრძელებთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას ზღვაზე  წვრთნებით. ნატოს პასუხი რუსეთის პროვოკაციებზე იყო მშვიდი, გადამწყვეტი და პროპორციული, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შემდგომი ესკალაციისა და დაპირისპირებისთვის. ჩვენი მტკიცე ერთგულება ნატოს მე-5 მუხლისადმი, რომლის მიხედვითაც, ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა, ძლიერი გზავნილია. ნებისმიერმა აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და გავცემთ ძლიერ პასუხს და სწორედ ამიტომ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჰააგაში“, – ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ახსენა სწორედ ის სამხედრო წვრთნები, რომლებიც ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებულია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე. წვრთნები კომპლექსურია და ყველა შრეს მოიცავს – ხმელეთს, ზღვასა და ჰაერს.

ალიანსისთვის საჰაერო თავდაცვის მიმართულება პრიორიტეტულია. გერმანიაში დრონსაწინააღმდეგო კომპლექსური სწავლება ჩატარდა. პუტლოსის საწვრთნელ პოლიგონზე Flytrap-ის ფარგლებში დრონსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები გამოცადეს.

„ეს საშუალებას გვაძლევს, ერთ სივრცეში გავაერთიანოთ ამერიკული და გლობალური ინდუსტრიის მზა სისტემები. გამოვცადოთ მათი ინტეგრაციისა და ურთიერთქმედების უნარი ჩვენს ძალებში უკვე არსებულ მაღალი სიზუსტის რადარულ სისტემებთან, ასევე ჩვენი მართვისა და კონტროლის სისტემებთან. ჯერ აქ არის საჭირო ინტეგრაცია, შემდეგ კი ის გავრცელდება როგორც ამერიკულ, ისე გაერთიანებულ ძალებში. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიჩქარე შესყიდვისას და ინოვაციისას. ეს ჩვენ უკრაინის ომისა და იქ მყოფი  პარტნიორებისგან ვისწავლეთ.  ჩვენ უნდა შეგვეძლოს ძალიან სწრაფად მოქმედება ახალი გადაწყვეტილებებით, რათა დავუპირისპირდეთ ამ ცალმხრივი, თავდამსხმელი დრონების მასას, რომელსაც ვხედავთ“, – აღნიშნა ოპერაციების ოფიცერმა აშშ-ს არმიის 52-ე საჰაერო თავდაცვის ბრიგადიდან კაპიტანმა კურტ ბლუმეიერმა.

გერმანიაში გამართულმა სამხედრო მანევრებმა ერთ სივრცეში მოუყარა თავი სამხედროებს, შემსყიდველ ჯგუფებსა და დრონების მწარმოებელ კომპანიებს. მსგავსი შეხვედრები სამხედრო სფეროს მრავალი  მიმართულებისთვის ეწყობა.

დრონების წარმოებას კრემლიც ზრდის და როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რუსეთი შეიარაღების შექმნის პიკურ მაჩვენებელსაც  უახლოვდება. ამ ფონზე კი ალიანსის მიზანია, კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს სამხედრო შესაძლებლობები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend