ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას. ამ პროცედურით ოფიციალურად შევიდა ძალაში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, როსენ ჟელიაზკოვის, 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2025 წლის იანვრიდან მისი მეთაურობით დანიშნულმა მთავრობამ უნდობლობის ექვსი ვოტუმი გადალახა, თუმცა ამჯერად ხელისუფლების გადადგომა მოჰყვა რამდენიმეკვირიან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.

საზოგადოებრივი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ბულგარეთის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა და ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით, მასშტაბურ კორუფციასთან მისი წარუმატებელი ბრძოლა. ამან ათი ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოიყვანა როგორც დედაქალაქ სოფიაში, ისე ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.
მასშტაბური პროტესტის ფონზე, ბულგარეთის ხელისუფლებას მოუწია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გაწვევა. ადგილობრივი ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ითვალისწინებდა მოსახლეობისთვის გადასახადების ზრდას.
ბულგარეთის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაკუთრებული განხილვის საგანია იმ ფონზე, როდესაც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანა ევროზონის ერთიანი ვალუტის ნაწილი ხდება. ამავდროულად, ბულგარეთი არის ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე სუსტი სახელმწიფო, სადაც კორუფცია რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად.


