აშშ-ს სურს, რომ უკრაინამ დონბასის იმ ტერიტორიებიდან გაიყვანოს სამხედრო ძალები, რომელსაც ამჟამად კიევი აკონტროლებს. ამის სანაცვლოდ, ვაშინგტონი კიევს ამ ადგილებზე „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ ან „დემილიტარიზებული სივრცის“ შექმნას სთავაზობს.
ამის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს ჟურნალისტებთან ისაუბრა. ზელენსკის განცხადებით, ეს წინადადება ვაშინგტონის მხრიდან უკვე მეორე ვერსიაა. ადრე, აშშ განიხილავდა შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც ეს ტერიტორიები რუსეთს უნდა გადასცემოდა. მიუხედავად კომპრომისული ვერსიისა, ზელენსკის თქმით, წინადადებაში ბევრი გაურკვევლობა რჩება.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა უკავშირდება იმას, თუ ვინ მართავს სივრცეს უკრაინული სამხედროების გასვლის შემდეგ. „რა შეაჩერებს [რუსეთს] წინსვლაში? ან მშვიდობიანი მოქალაქეების საფარქვეშ შეღწევაში?“ იკითხა მან. მისივე თქმით, ამგვარი სქემა მხოლოდ მაშინ იქნებოდა სამართლიანი, თუ უკრაინას ექნებოდა მყარი გარანტიები, რომ რუსული ჯარები სამხედრო ფორმით თუ მშვიდობიანი მოქალაქეების საფარქვეშ – არ დაიკავებენ ამ ტერიტორიას.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზეც, რომ აშშ უკრაინას არჩევნების ჩატარებას სთხოვს, თუმცა, მისი აზრით, ეს საკითხი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დადგეს, რაც ფრონტზე ცეცხლი შეწყდება და უკრაინის მოქალაქეები უსაფრთხოდ შეძლებენ საარჩევნო უბნებზე მისვლას

