მთავარისაქართველო„შეზღუდული თავისუფლებების წელი" - საია 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს

„შეზღუდული თავისუფლებების წელი” – საია 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს

,,შეზღუდული თავისუფლებების წელი” – ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

„ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებით გააძლიერა წნეხი გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, შესაბამისად, იმ უფლებებზე, რომლებიც დემოკრატიას ფუნქციურს ხდის“, – ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც დღეს, 10 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, 2025 წლის განმავლობაში „2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი” გაგრძელდა. ეს კი, მათივე განმარტებით, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრის სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებითა და დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით ხდებოდა.

„ანგარიში ცხადყოფს, რომ რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება. მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის, საჯარო მოსამსახურეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცილისწამებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

ანგარიშის თანახმად, „რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე” გამოხატვის თავისუფლება იყო. ამასთან, საიას შეფასებით გაუარესებას განაგრძობდა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების მდგომარეობაც.

ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ ცვლილებებზე „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, კანონში, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი 9 დეკემბერს დაუჭირა. საიამ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ახალი საკანონმდებლო პაკეტი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „კვლავ რეპრესიულ ცვლილებებად“ შეაფასა.

„ჩვენ ვხედავდით როგორც ავტოკრატიულ სამართალშემოქმედებას, როდესაც ხელისუფლება ახალი ავტორიტარული კანონებით ცდილობდა უფლებების შეზღუდვას, ისე პრაქტიკაში ისეთი ზომების გამოყენებას, მაგალითად, დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც აშკარად მათი დაშინების ან უფლებების ჩახშობისკენ იყო მიმართული. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბოლო დროს დაინიციირებული ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, რაც იმას გულისხმობს, რომ ტროტუარზე აქციის გამართვას უკვე ფაქტობრივად თანხმობა სჭირდება და ხელისუფლებას, შსს-ს, აქვს უფლება აქციას დრო, ადგილმდებარეობა და მიმართულება შეუცვალოს“, – ამბობს თამაზ კირტავა, საიას პროექტის კოორდინატორი და ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი.

საიას ანგარიშით, 2025 წელს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა „პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება“. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აცხადებენ, რომ 2025 წელს კვლავ გრძელდებოდა „დემონსტრანტებისადმი არასათანადო მოპყრობა”, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში „სისტემურ წამებაზე” პასუხისმგებელი პირები კვლავ დაუსჯელები რჩებიან.

„2025 წლის განმავლობაში, ისევე როგორც წინა წლებში, ჩვენი სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში აქტიურად ვაკვირდებოდით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოში. 2024 წლის 28 ნოემბრიდან განსაკუთრებით ინტენსიური გახდა აქციების კონტექსტში ადამიანების დაკავება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცადეთ, არცერთი პროცესი არ გამოგვრჩენოდა. წელს საგამონაკლისო წელი იყო – გამოვლინდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც რიგ შემთხვევებში არ მოგვეცა შესაძლებლობა, შევსულიყავით სასამართლო დარბაზში. ამავდროულად, ჩვენი შეფასება ამ 69 პირის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სექტემბრის მდგომარეობით გვაქვს გამოქვეყნებული, ცხადყოფს, რომ ამ ტიპის საქმეებზე მართლმსაჯულების წარმოება რეალურად პოლიტიკურად მოტივირებულია…“ – ამბობს თამარ ონიანი, საიას ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი.

ანგარიშში ვკითხულობთ იმასაც, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, კვლავ ყურადღების მიღმა რჩება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და რომ 2025 წელს „კვლავ თვალშისაცემი იყო ღირსეული საცხოვრისის უფლებისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის სავალალო შედეგები“.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend