ცვლილებებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დღეს დაუჭირა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ეხმაურება.
უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ახალი საკანონმდებლო პაკეტით შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „კვლავ რეპრესიული ცვლილებები“ შედის.
საიას განმარტებით, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული ეს ცვლილებები ცდება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით შეზღუდვის უფლების საფუძვლებს და „წარმოადგენს არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას, არამედ შეკრების თავისუფლების ეფექტიანი კრიმინალიზებისთვის გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“.
ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ ახალი ცვლილებები „ფაქტობრივად, არ ტოვებს სივრცეს, რომელშიც შეკრება de facto თანხმობას არ ექვემდებარება და ართმევს ადამიანებს შესაძლებლობას, თავად აირჩიონ შეკრების ადგილი“.
ორგანიზაციის თანახმად, ინიციირებული ცვლილებები „ავტორიტარული კანონშემოქმედების ტენდენციის“ გაგრძელებაა. საია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ამ ტენდენციის ფარგლებში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეკრებისა და მანიფესტაციის მომწესრიგებელ ნორმებში შესული ცვლილებების შედეგად „გაიზარდა სანქციები და გაჩნდა ახალი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობების საფუძვლები“, რომლებმაც საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის კრიტიკა გამოიწვია.
„აშკარაა, რომ ამ გზით „ქართული ოცნება” შეკრების თავისუფლების ფაქტობრივ გაუქმებას ცდილობს“, – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.


