BBC-ის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიება განხილვის საგანი იყო პარლამენტის 9 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოითხოვს, საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის ფორმატშიც ოპოზიციონერი დეპუტატები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვას.
ამასთან, ისინი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ წევრებსაც, მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნის ინიციატივას, სხვა შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლისას, ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების თაობაზე პასუხისმგებლობა მათაც დაეკისრება:
„თურმე თქვენივე თავი ობიექტურად გამოგიძიებიათ და დაგისკვნიათ, რომ მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს წყალში „კამიტე“ კი არა, სხვა ნივთიერება გაგირევიათ. თქვენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები რომ გვერდით გადავდოთ, ჯერ დასანქცირებულმა გომელაურმა, შემდეგ თქვენმა პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, შემდეგ კი სუსმა თავისი ბრიფინგებით აღიარეს, რომ წყალში ნივთიერების გარევა მოხდა მშვიდობიანი აქციის დარბევისთვის, რაც უკვე დანაშაულია და, როგორც ვხვდები, ეს თქვენმა დეპუტატებმა ინფორმაციის დონეზე არ იციან, არ იციან, რომ წყლის ჭავლში ნებისმიერი სხვა ნივთიერების გარევა დანაშაულია.
თქვენივე პირით აღიარებული ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას კი ახლა იმით ცდილობთ, რომ თითქოს ეს ნივთიერება „კამიტე“ არ ყოფილა. არც მე ვამბობ, რომ ეს „კამიტე“ იყო. მაგრამ თქვენც და ჩვენც ვთანხმდებით, რომ ნივთიერება გაურიეთ, ანუ დანაშაული უკვე ჩადენილია.
აი, რა ნივთიერება იყო და რა დოზებით, ამაზე თქვენს გამოძიებას ვერ ვენდობით, იცით რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეები ნიღბიან ზონდერებს აცემინეთ, ახალგაზრდები ძვლებში დალეწეთ, ჟურნალისტებს კისერი მოტეხეთ და სასიკვდილოდ გაიმეტეთ, დაკავებულ ადამიანებს, დაკავების შემდეგ მანქანებში სცემდით, ახალგაზრდებს ჯერ სახლებში ტელეფონებზე ურეკავდით, აგინებდით, აშინებდით და შემდეგ სადარბაზოებთან ხვდებოდით და სცემდით. არ ინდობდით არც ბავშვებს და არც ქალებს.
თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც არცერთი მსგავსი ფაქტი არ გამოიძია, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ხალხის ცემისთვის დააჯილდოვა. თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც შინაგან საქმეთა მინისტრი და მოადგილეები მაგნიცკის სიაში შევიდნენ…“ – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა.
ოპონენტების განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამენ მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ დეპუტატები მიუთითებენ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის დაშლაზე გამოყენებულ მეთოდებზე და პასუხისმგებლობას აკისრებენ გიორგი გახარიას, რომელიც იმ მოვლენების შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა, ახლა კი გერმანიაში, პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით კი დაუსწრებლად აქვს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა:
„ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული კვალი თქვენ სტიპენდიატ ბატონ გახარიას მოჰკითხეთ, რომლის გაცემული ბრძანებითაც, სამწუხაროდ, თვალები დათხარეს ახალგაზრდებს და შემდეგ ბინძურად შეაწმინდა ხელი ჩვენს გმირ პოლიციელებს, მე ეს ბრძანება არ გამიციაო. პოლიციელებმა თვითნებურად იმოქმედესო… თუ რაიმე კვალზეა საუბარი, პირველ რიგში გახარიასთან უნდა გქონდეთ…“ – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით 9 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ დაუკავშირდა.
დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით, „BBC-ის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ბრიტანეთის მთავრობას ბოდიში მოეხადოს კორპორაციის მიერ დაშვებული შეცდომების თუ არაეთიკური ჟურნალისტური პრაქტიკის გამო“.

