აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ იწყებს სამხედრო ოპერაციას სახელწოდებით “სამხრეთის შუბი”. ოპერაცია მიზნად ისახავს „ნარკოტერორისტების“ წინააღმდეგ ბრძოლას.
ბოლო კვირებია ვაშინგტონი ლათინურ ამერიკაში ჯარების, სამხედრო ხომალდებისა და გამანადგურებლების განლაგებას განაგრძობს.
„დასავლეთ ნახევარსფერო ამერიკის სამეზობლოა – და ჩვენ მას დავიცავთ“, – დაწერა პიტ ჰეგსეთმა.
ეს მოვლენები მიმდინარეობს აშშ-სა და ვენესუელას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობების ფონზე. კარაკასში ფიქრობენ, რომ ვაშინგტონის რეალური მიზანია ხელისუფლებას ჩამოაშოროს ქვეყნის სადავო პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო.
აშშ-ის მიერ რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერების პარალელურად, სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს ვენესუელაში.
ოთხშაბათს, ვენესუელის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მადურომ აშშ რეგიონულ წყლებში გემებზე თავდასხმების გასამართლებლად, ცრუ ნარატივების შექმნასა და მისი ქვეყნისთვის მუქარაში დაადანაშაულა.
„ვინაიდან მათ არ შეუძლიათ თქვან, რომ ჩვენ გვაქვს დამალული ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი, ისინი უცნაურ ნარატივს იგონებენ“, – თქვა მადურომ, რომელსაც ვაშინგტონი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ თითქმის 200 000 ჯარისკაცია მობილიზებული ორდღიანი წვრთნებისთვის, რათა გაუმჯობესდეს ვენესუელის მზადყოფნა, უპასუხოს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის მზარდ „იმპერიალისტურ საფრთხეს“.


