გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი მოლდოვაში იმყოფება.
ის შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს ევროპული ინტეგრაციის საკითხებში და მოლდოვის ახალი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს.
კიშინაუში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, მხარეთა შორის განსახილველ საკითხებს შორის იყო ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი წინაპირობები.
კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს მოლდოვაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ასევე განიხილეს ქვეყანაში ევროკავშირის დახმარებით განსახორციელებელი სხვა პროექტებიც:
Moldova is on track to join the EU.
Now is the time to accelerate reforms & fulfill the high ambitions.
Moldovans voted loud & clear for their rightful place in Europe.
5 times in 5 years.
Today is the moment to unite & build a national consensus to deliver on this promise. pic.twitter.com/HwU3YGiMmo
— Marta Kos (@MartaKosEU) November 11, 2025
„კიშინაუში სამი გზავნილით ჩამოვედი. პირველ რიგში, თქვენ სწორ გზაზე ხართ. ეს დადასტურდა გასულ კვირაში, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში.
მეორე მხრივ, ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, როგორც თავადაც თქვით. არ მინდა, რაიმე ფუჭი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რა იქნება. ნამდვილი მუშაობა ახლა იწყება.
სამომავლოდ თქვენ მოგიწევთ თქვენი კანონმდებლობის მორგება ევროპულ სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, ამის თან სდევს გარკვეული აღმასვლაც და დაღმასვლაც, თუმცა, მოგიწოდებთ, გამოავლინოთ იგივე სიმტკიცე, რასაც აქამდე ავლენდით.
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ნდობა ერთმანეთისადმი და განვაგრძოთ წინსვლა. სინამდვილეში, რეფორმების ეს პროცესი ღირს ამად, რადგან სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც გაიარეს ეს გზა, რამაც მოიტანა რიგითი მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა.
ჩემი მესამე გზავნილი არის ის, რომ ეროვნული ერთობა არის წარმატების გასაღები. მოლდოვაში ბოლო სამი ვიზიტის ფარგლებში, შევძელი შეხვედრა მერებთან, ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან, ბიზნეს და სამოქალაქო საზოგადოებებს. ვხედავ, რომ მოლდოვა ნამდვილად დიდ იმედებს ამყარებს ევროკავშირზე. ყველა ცდილობს საკუთარი ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის საზოგადოებრივი ერთობის მიღწევას…“ – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.
მოლდოვის ვიცე-პრემიერი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, კრისტინა გერასიმოვა დარწმუნებულია, რომ კიშინაუმ ევროპულ გზაზე „ხელშესახებ პროგრესს“ მიაღწია, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მისივე თქმით, არსებული დინამიკის მიუხედავად, მოლდოვას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
„მინდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდო, დაგვეხმაროს ამ პროცესში, რათა უახლოეს მომავალში შევძლოთ მოლაპარაკებების დასრულება და მოვამზადოთ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირში წევრობისთვის.
ევრობლოკში მოლდოვის შესვლას ჩვენ განვიხილავთ არა როგორც პოლიტიკურ მიზანს, არამედ სახელმწიფოს სიღრმისეული ტრანსფორმაციის პროცესს, რათა თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს ყველა სარგებლის მიღება – ბევრად უფრო ხარისხიანი სახელმწიფო სერვისები, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა და მტკიცე სამართლებრივი სახელმწიფო.
მოლდოვა მარტო არ არის. ევროკავშირში ჩვენ გვყავს სანდრო მეგობრები, რომლებიც მხარს გვიჭერენ, სჯერათ ჩვენი პოტენციალის და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იციან, რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა ამ პროცესში…“ – თქვა მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, კრისტინა გერასიმოვამ.


