ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტში დღეს შეხვედრებს მართავდნენ. თავდაპირველად ევროპელი სტუმრები, ფრაქცია “საქართველოსთვის” პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.
როგორც პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ თქვა, მათ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ და იმაზეც, თუ რატომ შეწყვიტეს ერთი წლის თავზე ბოიკოტი და დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას.
საუბარი შეეხო 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებსაც, რომელსაც გიორგი გახარიას პარტიაში, ოპოზიციის დარტყმად მიიჩნევენ.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. თქვენ მეკითხებით შეფასებებზე – პირდაპირ გეტყვით, რომ შეფასებები არ მოგვისმენია. მათ ეს ახსნეს იმით, რომ ამ დელეგაციის ვიზიტის მიზანი შეფასებების გაკეთება არ არის, მათთვის მთავარი მიზანია ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება. პოზიციებს, სავარაუდოდ, მოვისმენთ მას შემდეგ, რაც ისინი დაბრუნდებიან და გააკეთებენ მოხსენებას ევროპის საბჭოში. ჩვენ ვესაუბრეთ ყველა პროცესზე. რა თქმა უნდა, მათაც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, რომ ეს იყო შეცდომა. ასევე, ვუთხარით, რომ შეცდომა იყო მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი, რამაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე, რამაც სამწუხაროდ, ასევ დააზიანა ოპოზიცია. ავუხსენით ყველა ის გარემოება და ფაქტორი, თუ რატომ მივიღეთ პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება. ვუთხარით ისიც, რომ უვიზო რეჟიმი უნდა შეუნარჩუნდეს ქართველ ხალხს, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის მონაპოვარია და მიუხედავად იმ მძიმე დანაშაულებისა, რასაც ჩადის “ოცნების” რეჟიმი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა შეუნარჩუნდეს ქართველ ხალხს. ასევე, ვუთხარით ის, რომ ზოგადად, ევროპული იდეის გადარჩენისთვის საბრძოლველად ჩვენ მზად ვართ, რისთვისაც გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას,” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ოპოზიციური პარტიის დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, ედიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ.
როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ არსებობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ე.წ. გაყალბების არანაირი საბუთი ან თვალსაჩინოება, „ამიტომ გაუგებარი იყო, რის საფუძველზე ითხოვდა საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს წლის დასაწყისში მიღებული რეზოლუციით“.
დელეგაციის წევრები ასევე ფრაქცია “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატებსაც შეხვდნენ. მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებით, თუ ევროპის საბჭო რეზოლუციიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას ამოიღებს, ქართული დელეგაციის საქმიანობა ამ ორგანიზაციაში დაუყოვნებლივ აღდგება.
„მათ ჰქონდათ რამდენიმე საკითხზე კითხვები. პირველი იყო „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მეორე იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით. მესამე იყო, რამდენად კომფორტულად ვგრძნობთ ჩვენ თავს პარლამენტში, სადაც ოპოზიციის ნაწილი არ არის წარმოდგენილი. მეოთხე იყო, ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებასთან დაკავშირებით, ევროპაში ინტეგრაციის საკითხზე.
ჩვენ მათ ძალიან ნათლად ავუხსენით, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია. ჩვენ ეს კანონი მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არანაირად არ არღვევს არც ერთ უფლებას, რომელიც არის ჩამოთვლილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ჩვენ მათ ნათლად ვუთხარით, რომ ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე სტრასბურგში. შესაბამისად, დაველოდოთ განხილვებს.
რაც შეეხება მეორე კითხვას, რამდენად კარგია, როდესაც ოპოზიციის ნაწილი არ არის პარლამენტში – ამაზე ჩვენი პასუხი იყო, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა. მართალია, ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობენ. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ იმედი ჰქონდათ, მოახდენდნენ რევოლუციას. ეს რევოლუცია ჩაუვარდათ, შესაბამისად, დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებულები. შესაბამისად, აღარც რევოლუცია აღარ არის და პარლამენტის მანდატებიც აღარ აქვთ. ამიტომ თავის თავს უნდა დააბრალონ ის, რაც მოხდა.
რაც შეეხება ევროკავშირის საკითხს – ჩვენ მათ ვუპასუხეთ, რომ გვაქვს დროებით დაძაბული მდგომარეობა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ეს საკითხები ისევ ეხება ერთი მხრივ, გამჭვირვალობის კანონს და მეორე მხრივ, არჩევნების შემდეგ მომხდარ არეულობას, ასევე, ოქტომბრის საკითხებს. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს ჩვენი მხრიდან და ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს ვითარება შეიცვლება და დიალოგი აღდგება საქართველოსა და ევროკავშირს შორის”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
PACE-ს დელეგაციის წევრები საქართველოში 10-11 ნოემბერს, სამუსაო შეხვედრებს მართავდნენ. პარლამენტში მისვლამდე, ისინი სამოქალაქო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

