პროკურატურის ცნობით, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, გიორგი წულეისკირი, ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.
საქმე „მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლებას“ ეხება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას თქმით, ბრალდებულთა მიერ მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.
უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ დიდი ოდენობით თანხების მოტუებით დაუფლების მიზნით დააფუძნეს იურიდიული პირი – ,,სფერო ინვესტი“, რომელაც ერთობლივად მართავდნენ. პროკურატურის თანახმად, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობის თანხები ჩაარიცხინეს, თავად კი, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, „გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.“
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს ,,სფერო ჰოლდინგის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი – ,,სფერო ინვესტი“, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.
გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, ,,სფერო ინვესტის“ სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს ,,უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის,“ აგრეთვე ე.წ. ,,კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულებები, კერძოდ:
უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი“-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი“ მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა“ შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
,,კაპიტალდაბანდების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის“ ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს“, – განაცხადა გიორგი მიქაიამ.


