მთავარიკუბიდაღუპულია 20-ვე პირი, რომელიც თურქულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში იმყოფებოდა - ევრონიუსი

დაღუპულია 20-ვე პირი, რომელიც თურქულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში იმყოფებოდა – ევრონიუსი

თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, „ევრონიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 5 კილომეტრში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი „C130“ ტიპის საჰაერო ხომალდი 11 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოვარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ის განჯის აეროდრომიდან აფრინდა და, აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ჩამოვარდნისას 8 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

„საქაერონავიგაციის“ განცხადებით, საჰაერო ხომალდი „საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გამოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც [უწყებამ] საერთაშორისო პროტოკოლის სრული დაცვით დაიწყო ძებნა-შველის სამუშაოები“.

საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, შედგა სატელეფონო საუბარი აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის.

„ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები და მათთან ერთად ვართ ლოცვებში…“ – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„ჩვენ ღრმად შეძრულები ვართ  განჯიდან გამოფრენილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის ცნობით, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ სამხედროები.

ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ მძიმე წუთებში  და ღრმა სამძიმარს გიცხადებთ პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თქვენ, გარდაცვლილთა ახლობლებს და ნათესავებს, ასევე თურქეთის მოძმე ხალხს“ – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

სამძიმრის წერილს ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის განცხადება პლატფორმა X-ზე ვრცელდება:

„ღრმად დამწუხრებული ვარ საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების დროს.“

თურქული სახელმწიფო მედიის, „ანადოლუს“ თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ისაუბრა, რომელმაც დიპლომატს მომხდარის გამო მიუსამძიმრა.

უახლესი

სხვა ამბები

00:11:10
00:01:49
spot_imgspot_img
Send this to a friend