მთავარისაქართველო„ჩემი პატიმრობა რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა” - მზია ამაღლობელის საქმე სააპელაციო სასამართლოში

„ჩემი პატიმრობა რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა” – მზია ამაღლობელის საქმე სააპელაციო სასამართლოში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო. ადვოკატებები მეორე ინსტანციაში ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც ჟურნალისტს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, და მზია ამაღლობელის გამართლებას ითხოვენ.

პროკურორების მოთხოვნა კი ის არის, რომ ჟურნალისტი გასამართლდეს მუხლით, რომელიც მას თავდაპირველად წარედგინა. პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი – პოლიციელზე თავდასხმა დაუსაბუთებლად გადააკვალიფიცირა.

სხდომას ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელიც, რომელიც ქუთაისში რუსთავის ქალთა საპატიმროდან მიიყვანეს. „ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან, არც ბატონი პროკურორის ბრალდების კვალიფიკაციასთან და არც სახელაშვილის განაჩენთან. ჩემი პატიმრობა რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – თქვა მზია ამაღლობელმა სხდომათა დარბაზში.

ჟურნალისტის საქმეს მეორე ინსტანციაში მოსამართლეები: ნიკოლოზ მარგველაშვილი, მარინე სირაძე და ნანა ჯოხაძე განიხილავენ.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ. ჟურნალისტს უფლებადამცველები მოითხოვდნენ, საქმის მასალებს დართვოდა ის პრემიები, რომლებიც მზია ამაღლობელმა გასული თვეების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო – მათ შორის, ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯილდო და სახაროვის პრემია. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობის ეს ნაწილი დააკმაყოფილა.

ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხებოდა მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონისა და სხვა პირადი ნივთების დაბრუნების საკითხს, რის თაობაზეც პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტის ტელეფონის ექსპერტიზა დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.

სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეს დაერთვება დოკუმენტები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც.

ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ათი თვეა პატიმრობაშია. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აგვისტოში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.

სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 14 ნოემბერს დასკვნითი სიტყვებით გაგრძელდება.

მასალა მომზადებულია „ნეტგაზეთსა” და „ბათუმელებზე” დაყრდნობით

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend