მთავარიამერიკააშშაშშ-ში ავიარეისების რაოდენობა კვლავ 10%-ით შემცირებულია

აშშ-ში ავიარეისების რაოდენობა კვლავ 10%-ით შემცირებულია

აშშ-ში ფედერალური მთავრობის მუშაობის შეწყვეტის გამო  რეისების დიდი ნაწილი კვლავ გაუქმებულია. შტატებში ავიაკომპანიებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ რეისების 10 პროცენტით შემცირების ბრძანება გასცა.

ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ რეისები შეამცირა. თანამშრომლების ნაწილი ანაზღაურების გარეშე დარჩა. ამერიკაში ასობით რეისი გადაიდო და გაუქმდა, მოგზაურებს შინ დასაბრუნებლად ალტერნატიული გზების მოძიება უწევთ.

„გუშინ მთელი დღე აეროპორტში გავატარე. არანაირი ანაზღაურება არ მოუციათ. სასტუმროში თანხა მე გადავიხადე. ღამე სასტუმროში დავრჩი. იმედია, შემდეგი რეისით სახლში დავბრუნები. ეს სრული სიგიჟეა. ყველა ძალიან გაბრაზებულია. ეს ნამდვილად არ იყო სასიამოვნო გამოცდილება,“ – ამბობს ენი პოლაკი, რომლის რეისიც გაუქმდა და დენვერში სახლში დაბრუნება ვერ შეძლო.

ფრენა გადაედო ჰოუპ ჰოლისაც, რომელიც შიშობს, რომ ავიარეისების გაუქმების გამო კოლორადოში ჩარჩება.

„გუშინ ნიუ-იორკის აეროპორტიდან ლა-გუარდიაში დილის 5 საათზე უნდა გავფრენილიყავით, მაგრამ ფრენა  საღამოს 9 საათამდე გადაიდო. შემდეგ კი რეისი საერთოდ გააუქმეს და აქ გამოგვგზავნეს, რომ დენვერის გავლით აიოვაში ჩასასვლელად მარშრუტი შეგვეცვალა. ახლა სახლში დაბრუნებას ვცდილობთ. აიოვაში კოლორადოს გავლით მივდივართ. იქ არის ჩვენი სახლი. ახლა იმის მეშინია, კოლორადოში არ გავიჭედოთ“,- ამბობს ჰოუპ ჰოლი.

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლის შედეგადაც ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა უნდა აღადგინოს, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში რეისები სრულად ვერ აღდგება. ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ განაცხადა, რომ ფრენები იქამდე შეფერხდება,  სანამ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების მაჩვენებელი არ გაუმჯობესდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:11:10
00:01:49
spot_imgspot_img
Send this to a friend