მთავარისაქართველო„კორუფციის მხილების ნაცვლად ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის”- სამოქალაქო ორგანიზაციები

„კორუფციის მხილების ნაცვლად ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის”- სამოქალაქო ორგანიზაციები

50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებას და ანტიკორუფციულ მექანიზმებს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იყენებს.

მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც უნდა იკვლევდეს მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივ ინტერესებსა და კორუფციულ გარიგებებს, რეალურად მხოლოდ დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების დევნითაა დაკავებული.

განცხადების მიხედვით, 2013 წლიდან კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და ბიძინა ივანიშვილთან, სახელმწიფო ტენდერებიდან 3.28 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს. მხოლოდ 2020–2024 წლებში 1 მილიარდ ლარზე მეტი გადაეცა მმართველი პარტიის დონორებთან ასოცირებულ კომპანიებს, რომელთა შემოწირულობების ოდენობამ 7.7 მილიონ ლარს მიაღწია.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშებში არ აისახება არცერთი ელიტური კორუფციის შემთხვევა, არც ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი და არც საჯარო მოხელეთა საეჭვო ქონებრივი გარიგებები, მაშინ როდესაც ბოლო წლებში მხოლოდ საჩუქრად რეგისტრირებული ტრანზაქციების გზით 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება გადაეცა თანამდებობის პირებს.

მათივე თქმით, 2025 წლის სექტემბერში ბიურომ დაიწყო 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მონიტორინგი, რაც “გრანტების შესახებ” კანონში აპრილში მიღებულ ცვლილებებს მოჰყვა. ეს ცვლილებები, არასამთავრობოების შეფასებით, არღვევს გაერთიანების თავისუფლებას და მიზნად ისახავს ხელისუფლების კრიტიკოსების დისკრედიტაციასა და დაშინებას.

“სახელმწიფო რესურსები მიტაცებულია პოლიტიკური ელიტისა და მასთან დაახლოებული ბიზნესის მიერ, ხოლო ანტიკორუფციული ბიურო იქცა კონტროლისა და რეპრესიების ინსტრუმენტად“, – წერია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

მათი თქმით, ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ ნიღბად იყენებს მაშინ, როცა რეალურად იცავს კორუმპირებულ ინტერესთა ჯგუფებს და ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

უახლესი

სხვა ამბები

00:11:10
00:01:49
spot_imgspot_img
Send this to a friend