პორტუგალიის პოლიციამ ქვეყნის სანაპიროსთან დააკავა ნარკოტიკებით დატვირთული წყალქვეშა ნავი, რომელსაც დაახლოებით 1.7 ტონა კოკაინი გადაჰქონდა.
30 ოქტომბერს ჩატარებულ ოპერაციაში პორტუგალიის საზღვაო და საჰაერო ძალები ერთობლივად მოქმედებდნენ. სამართალდამცველებმა ატლანტის ოკეანის შუაგულში ოთხი პირი აიყვანეს.
„ასეთი სიტუაცია ბოლო წლებში რამდენჯერმე განმეორდა. ეს არის მოდელი, რომელზეც პოლიცია საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად მუშაობს. ეს არის ძალიან კარგი მოდელი ამ ტიპის მისიის წარმატებით შესასრულებლად. ჩვენ აღმოვაჩინეთ წყალქვეშა ნავი, რომლიდანაც სხვა სწრაფმავალ ნავზე ტვირთავდნენ ნარკოტიკებს. ოპერაციაში ჩაერთნენ საზღვაო ძალებიც, შედეგად, დავაკავეთ წყალქვეშა ნავი, ამოვიღეთ 1740 კილოგრამი კოკაინი და დავაპატიმრეთ სამხრეთ ამერიკის მოქალაქეობის მქონე ოთხი პირი“, – განაცხადა პორტუგალიის პოლიციის წარმომადგენელმა, ვიტორ ანანიასიმ.
ოპერაცია „ელდორადოში“, როგორც მას ხელისუფლება უწოდებს, ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია, სამხრეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და ასევე დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ნარკოტიკები იბერიის ნახევარკუნძულისკენ მიჰქონდათ, რათა შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებში გადაეტანათ.
„საზღვაო ძალების, პოლიციისა და სხვა სამსახურების თანამშრომლობით, 1740 კილოგრამზე მეტი კოკაინი აღმოვაჩინეთ. საოპერაციო არეალი მოიცავდა დაახლოებით 1700 კილომეტრ ფართობს, ლისაბონიდან 1000 კილომეტრის დაშორებით“, – განაცხადა პორტუგალიის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, სა გრანხამ.
წელს, მარტის თვეში, ხელისუფლებამ აზორის კუნძულების სანაპიროსთან დააკავა კიდევ ერთი წყალქვეშა ნავი, რომლითაც ექვს ტონაზე მეტი კოკაინი გადაჰქონდათ.

