მთავარიმსოფლიოვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი გეგმები

ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი გეგმები

აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი აზიის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს. ვაშინგტონი ახლა სეულთან განიხილავს ისედაც მჭიდრო სამხედრო პარტნიორობის გაძლიერებას.

პარტნიორობა, რომელიც კორეის ომის დროს ჩამოყალიბდა და 1953 წელს ურთიერთდახმარების მემორანდუმით გამყარდა, ახლა ცვლილებების მოლოდინშია. ცვლილებები კი სწორედ კორეისა და აშშ-ის ალიანსის მოდერნიზებას ითვალისწინებს.

„თავდაცვის მინისტრთან ერთად განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ალიანსის მოდერნიზაციისთვისაა საჭირო. მამხნევებს მინისტრ ანის მიზნები, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და მეტი ინვესტიცია განახორციელოს კორეის რესპუბლიკის სამხედრო შესაძლებლობებში. ეს მოიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვან სარაკეტო თავდაცვის სისტემებსა და კოსმოსურ ძალებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ძალებისთვის მშვიდობის შესანარჩუნებლად და, ღმერთმა ნუ ქნას, ომის მოსაგებადაც”, ამბობს, აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პიტ ჰეგსეთი.

აშშ-ისა და სამხრეთ კორეის პარტნიორობის წყალობით, რომელიც წლების განმავლობაში ერთობლივი წვრთნებით და მრავალი პროგრამის დახმარებით მყარდებოდა, სეულმა მოკლე პერიოდში შეძლო ეფექტიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება. ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კორეის თავდაცვის ძალებს მოდერნიზაციის პროცესშიც ეხმარება.  ვაშინგტონს სეულთან 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტრანზაქციები აქვს საგარეო სამხედრო გაყიდვების სისტემაში. ერთ-ერთი ბოლო შესყიდვების შედეგად სეული დამატებით აღიჭურვა F-35  გამანადგურებლებით, Patriot-ის სარაკეტო სისტემებით, Global Hawk უპილოტო საჰაერო ხომალდებით, Harpoon-ისა და Hellfire რაკეტებით,  მოიერიშე ვერტმფრენებითა და ასე შემდეგ. ახლა კი საუბარია, რომ სამხრეთმა კორეამ შექმნას ბირთვული წყალქვეშა ხომალდიც.

„შემდეგი საკითხი ბირთვულ წყალქვეშა ნავებს ეხება. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სახელმწიფო  და ენერგეტიკის დეპარტამენტებთან, რათა  შევასრულოთ პრეზიდენტ ტრამპის დაპირება. ვფიქრობ, ეს ასახავს იმას, რაც ვთქვი: პრეზიდენტს სურს, მოკავშირეები ძლიერები იყვნენ. მას სურს, რომ ჩვენს მოკავშირეებს ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები. და რადგან კორეა სამაგალითო მოკავშირეა, ის მზადაა ასეთი მიზნებისთვის. შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ საუკეთესო შესაძლებლობები საკუთარი და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად“, – ამბობს, აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პიტ ჰეგსეთი.

თუმცა როგორც სეულში ამბობენ, ეს არ გულისხმობს ბირთვულ იარაღს.

„კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლება ურყევი ვალდებულებაა. როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, სეულს  არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა. ამიტომ სამხრეთ კორეაში ბირთვული იარაღის შექმნა შეუძლებელია“, – თქვა ან გიუ-ბექმა, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.

სეულში შეხვედრებზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ამერიკისა და სამხრეთ კორეის ალიანსის მთავარი მიზანი კვლავ ჩრდილოეთ კორეისგან დაცვაა.

სამხრეთ კორეაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტიც შთამბეჭდავია. ქვეყანაში არსებულ ბაზებზე 28 500 ამერიკელ სამხედროზე მეტი მსახურობს.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:10

ძველი ხიდი

spot_imgspot_img
Send this to a friend