დიდი შვიდეულის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ და გაზრდიან უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვის გაუმჯობესებისთვის.
დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს ოფიციალური განცხადება, რომელშიც საუბარია რუსეთის მხრიდან ესკალაციის გამომწვევ ქმედებებზე, მათ შორის, NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე გახშირებული თავდასხმებსა და უკრაინაში სამთავრობო და დიპლომატიური შენობების დაზიანებაზე.
„ვეთანხმებით ერთად მოქმედების საჭიროებას. ვთვლით, რომ ახლა ზომების მნიშვნელოვნად და კოორდინირებულად გაძლიერების დრო დადგა, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის გაძლიერებას და კრიტიკულად დავასუსტოთ რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ ომი. ეს ზომები მოიცავს ჩვენს იურისდიქციებში მობილიზებული რუსეთის სახელმწიფო აქტივების სრული ღირებულების კოორდინირებულ გამოყენებას ომის დასასრულებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ ავითარებს სხვადასხვა ვერსიას უკრაინის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად. მინისტრები ასევე შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვის აუცილებლობაზე, რომელიც კრემლის შემოსავლის მთავარი წყაროა.
ამასთან, აღინიშნა, რომ ისინი მიიღებენ ზომებს რუსეთიდან პროდუქციის იმპორტის, მათ შორის ნახშირწყალბადების იმპორტის შესამცირებლად და ეტაპობრივად შესაჩერებლად.


