მთავარისაქართველოხელოვნური ინტელექტის მომავალი

ხელოვნური ინტელექტის მომავალი

AI-ს სასწავლო და სამეცნიერო განზომილება

შესაძლოა ბევრჯერ გიფიქრიათ, რომ ნეტა ვინმეს თქვენ მაგივრად შეესრულებინა ესა თუ ის დავალება, ან გინდოდათ უბრალოდ აღგეწერათ, რისი გაკეთება გსურთ და ეს ყველაფერი მინიმალურ დროში თავისთავად მომხდარიყო, ან გაქვთ მცირე ბიზნესი და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციისთვის ბუღალტერი გჭირდებათ… უკვე ყველამ იცის, რომ შესაძლებელია! ყველამ იცის, რომ ამისათვის და ათასი სხვა რამისთვის უკვე კარგა ხანია არსებობს ხელოვნური ინტელექტი.

თუმცა ხელოვნური ინტელექტის მოხმარება კვლავ იწვევს ათას კითხვასა და საფიქრალს. სწორედ ამ საფიქრალით შეიკრიბნენ ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები ჰაკათონზე, რომელიც „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” ჩატარდა პარტნიორებთან ერთად.

ეს იყო კონკურსი, რომელშიც გუნდები ერთმანეთს, ინოვაციური აპლიკაციების შექმნაში ეჯიბრებოდნენ. მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ეს აპლიკაციები კი საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

„ჩვენ ვქმნით აპლიკაციას, სადაც მომხმარებელი აღწერს რისი გაკეთება უნდა და ამ აღწერის შედეგად, AI დააგენერირებს შესაბამის პასუხს, იმისთვის რომ მომხმარებელმა მარტივად შეძლოს რეკლამის განთავსება „მეტას” პლატფორმებზე”,- ამბობს ჰაკათონის მონაწილე აკაკი ხოჭოლავა.

„ჩვენი იდეა პრობლემას უგვარებს მცირე ბიზნესებს, მათ თავიანთი ბიზნესების დასაწყებად ესაჭიროებათ ხოლმე ხშირად სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის გაკეთება, რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ცალკე დროს მოითხოვს, ცალკე ხარჯებს მოითხოვს, თუნდაც ბუღალტერი, რომ დაიქირაონ და ა.შ. ისეთ რაღაცებში ვეხმარებით, როგორიც არის მაგალითად, დეკლარაციების შევსება, ინვოისების გაკეთება, ასევე ვახსენებთ სხვა დედლაინებს, იმიტომ რომ სახელმწიფო რეგულაციები იცვლება ხოლმე ხშირად და უჭირთ ხოლმე მცირე ბიზნესებს ამასთან ადაპტაცია და ამ ყველაფრისთვის ერთ სივრცეში არსებული პლატფორმაა და აპლიკაცია, რომელშიც შედიხარ და ყველაფერს გიგვარებს“, – თქვა ჰაკათონის მონაწილემ გიორგი ტალახაძემ.

„ეს არის სასწავლო პლატფორმა, გათვლილი არის კომპანიებისთვის, მათ შეუძლიათ, რომ პირდაპირ ადამიანური ენით დაატრენინგონ მოდელი ანუ ჩვენი პროდუქტი და ამ პროდუქტს უკვე ეცოდინება, რა ასწავლოს თანამშრომლებს, ან ახალ თანამშრომლებს და შესაბამისად, ეს პროდუქტი დაუგენერირებს მათ სასწავლო რესურსებს, სტატიებს, პოდკასტებს, სასწავლო კურსებსა და შეაფასებს მათ“, – ამბობს ჰაკათონის მონაწილე მარიამ ტარყაშვილი.

ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო რესურსების შესაქმნელად კონკურსის მონაწილეებმა ბევრი იშრომეს. პროექტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთ პროექტებზე ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ემუშავათ. მენტორებმა ახალგაზრდებს  თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს.

„ინოვაციები ხელოვნური ინტელექტის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გამოკვეთს და ახალ დონეზე აიყვანს საქართველოში მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. აქ იმყოფება ბევრი სტუდენტი, რომლებიც ჰაკათონში მონაწილეობენ. ისინი მუშაობენ ახალი პროექტების შექმნასა და პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტაზე. შესანიშნავია, მონაწილეები ძალიან აქტიურები და ენთუზიაზმით სავსენი არიან. ისინი რეალურ გამოცდილებას იღებენ იმაზე, თუ როგორ იქმნება პროდუქტი ნულიდან, როგორ ხდება მისი პროტოტიპის შექმნა და განვითარება”, – განაცხადა ანა რულოდამ, SeedAI-ის პროგრამებისა და ოპერაციების დირექტორმა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი”, კორნელის კომპიუტერული და ინფორმაციული მეცნიერებების კოლეჯი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ბანკი.

„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ბევრი ინდუსტრია საქართველოში უბრალოდ არ ფუნქციონირებს. კოლეგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ხუმრობდნენ, რომ ამერიკაში ყველაფერი არის next door ანუ შესაბამისად ხელმისაწვდომია თითოეულ ინდუსტრიასთან კონტაქტი და ჩვენ ეს ფუფუნება არ გვაქვს და საერთაშორისო პარტნიორობა ამიტომაა მნიშვნელოვანი, როდესაც კორნელის უნივერსიტეტი საქართველოში ჩამოდის  ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როდესაც საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები, უცხოური კომპანიები საქართველოში ჩამოდიან და ჩვენი მთავარი ამოცანაც ეს არის, დავაკავშიროთ ჩვენი ეკოსისტემა გლობალურ ეკოსისტემასთან, რათა ვიყოთ წარმოდგენილი იმ ეკოსისტემაში, სადაც პოტენციური მომხმარებლები არიან იმ ინოვაციური იდეების, რომლებსაც ქართული სტარტაპები  ქმნიან და ამიტომაა მნიშვნელოვანი სწორედ ასეთი გლობალური დონის პარტნიორობები და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებას“, – ამბობს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

„მიზანი იქნება, რომ ეს პროექტები რაც შეიქმნება, იყოს ხანგრძლივი და მხარდაჭერა ჰქონდეთ, რომ პროექტზე, რომლებზეც იმუშავებენ, წაიღონ და განავითარონ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მათ შეეძლებათ პროდუქტის გლობალურ მარკეტებზე გატანაც“, – ამბობს Weill Cornell Medicine-ს ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელი, ჯუდი გაბესკირია.

და იმისათვის, რომ ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეღო ინფორმაცია ამ კუთხით, ჰაკათონის პარალელურად გაიმართა საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია AI INNOVATE 2025, რომელმაც გააერთიანა გლობალური ტენდენციები, სტარტაპგამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და ინოვაციური ხედვა.

სწორედ ახალგაზრდების განვითარების ხელშესაწყობად და მათი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად ნიუ ვიჟენი კვლავ აპირებს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ბარკალაია ამბობს, რომ სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება.

„ეს არის ის თაობა, რომელიც უფრო ახლოს არის ხელოვნურ ინტელექტსა და ინოვაციებთან. და ჰაკათონში მონაწილეობას იღებენ ბავშვები 15 წლიდან ზემოთ, რაც ნიშნავს, რომ ეს ბავშვები არის ჩვენი მომავალი და მათ უნდა იცოდნენ, ხვალ რა ელოდებათ, როგორ უნდა იცხოვრონ და ის ხალხი, რომელიც ჩამოსულია,  საქართველოში არიან სპეციალისტები და მგონია, რომ ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით.

ჩვენ სამომავლოდაც ვაპირებთ ასეთი ღონისძიებების ჩატარებას, შეიძლება ნოემბერში ჩატარდეს ასეთი ღონისძიება, შეიძლება მომავალ წელსაც ჩატარდეს კიდევ მესამე, მეოთხე და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებთ ამ მიმართულებით და ინოვაციები იქნება ერთ-ერთი ძირითადი ჩვენი მიმართულება, რასაც ნიუ ვიჟენი განახორციელებს. დღევანდელ დღეს ჩვენი უფრო მეტი ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ უფრო კარგად დავეუფლოთ ხელოვნურ ინტელექტს, დავეუფლოთ ინოვაციებს, რომლებსაც დღეს მსოფლიო გვთავაზობს. ეს ძალიან ახალია და ძალიან ბევრს ეშინია ამ ინოვაციების გამოყენება და ზუსტად ჩვენი კონფერენციის თემები იყო, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ინოვაციები და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ ჩვენი კომპანიები გახდნენ უფრო გლობალურები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართული სტარტაპებით თუ ქართული ინოვაციებით ცნობილი“, – განაცხადა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” რექტორმა გიორგი ბარკალაიამ.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” ჰაკათონი დასრულდა, გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, მონაწილეებმა თქვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, ის, რაც აქამდე აკლდათ. ჰაკათონის მონაწილეებს ბევრი შესაძლებლობა გაუჩნდათ: ეს იყო 10,000 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი, (ეს ნაწილდებოდა სხვადასხვა კატეგორიაში) სტაჟირების შესაძლებლობები წამყვან კომპანიებში, პირდაპირი დასაქმების შანსი, ინდუსტრიის ექსპერტმენტორებთან მუშაობა, პორტფოლიოს გამდიდრება, ღირებული კონტაქტები, პრაქტიკული გამოცდილება AI ტექნოლოგიებში და უკუკავშირი ინდუსტრიის პროფესიონალებისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend