საუდის არაბეთის ტელეკომპანია „ალ-არაბიასთან“ საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რამდენიმე საკითხი განიხილა.
მან ღიად თქვა, რომ 1920 წელს რუსულმა არმიამ მოახდინა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია. ალიევის განცხადებით, მოსკოვის გატარებული პოლიტიკის შედეგია ზანგეზურის დერეფნის საკითხი, რომელმაც სომხეთთან სამხედრო დაპირისპირება და ყარაბაღის ომი გამოიწვია.
„1917 წელს, როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა, შეიქმნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. მუსულმანურ სამყაროში ეს იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც 1918 წლის მაისში ჩამოყალიბდა. მან 1920 წლის აპრილამდე იარსება, შემდეგ კი რუსული არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოახდინა მისი ოკუპაცია. 1917 წლის რევოლუციის შემოქმედმა ბოლშევიკებმა ხალხი მოატყუეს. მათი ლოზუნგები იყო: „ფაბრიკა-ქარხნები – მუშებს, მიწა – გლეხებს, თავისუფლება – ერებს“.
ჩვენ საკუთარი სახელმწიფო შევქმენით, თუმცა ბოლშევიკებმა ის წაგვართვეს. ოკუპაციიდან რამდენიმე თვეში, 1920 წლის ნოემბერში, საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, აზერბაიჯანისთვის წაერთმია ზანგეზური და გადაეცა ის სომხეთისთვის. ასე იქცა აზერბაიჯანი ორად გაყოფილ სახელმწიფოდ – ძირითადი ტერიტორია და ნახიჩევანი, შუაში დასავლეთ ზანგეზურით. საბჭოთა დროს ეს არ იყო პრობლემა, რადგან არც საზღვრები არსებობდა და არც ომი იყო. მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ, დაკავშირებოდნენ ნახიჩევანს ავტომობილით ან სარკინიგზო ხაზით, თუმცა, მას შემდეგ, რაც სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, მათ ეს დამაკავშირებელი გზა და დერეფანი შუაზე გახლიჩეს…“ – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
ბაქოსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მან ისაუბრა რუსეთის მიერ ჩამოგდებულ აზერბაიჯანულ თვითმფრინავზეც და ამ შემთხვევას უწოდა „საბედისწერო შეცდომა“.
„რუსეთის მიერ აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება და ამ თემაზე რუსეთის ოფიციალური პირების რეაქციამ აზერბაიჯანში ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, გასროლა არ უნდა მომხდარიყო, რადგან, როდესაც რუსეთის აეროპორტებზე დრონებით თავდასხმაა, ისინი სპეციალურ რეჟიმს აცხადებენ. ისინი ამას ეძახიან „ხალიჩას“ – ყველა თვითმფრინავი იღებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას დრონებით თავდასხმის შესახებ და უკან ბრუნდებიან. კატასტროფამდე ორი კვირით ადრე, მსგავსი რამ მოუვიდა ჩვენს თვითმფრინავს, რომელიც რუსეთის იმავე ქალაქში მიფრინავდა. მან მიიღო შეტყობინება და უკან დაბრუნდა. ამჯერად მსგავსი შეტყობინება არ ყოფილა. გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც თვითფრინავი უკვე ჩამოგდებული იყო. მათ ეს მხოლოდ იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ შეცდომაში შეეყვანათ გამოძიება. მათ თვითმფრინავს ორჯერ ესროლეს…
ჩვენ გვაქვს ბორტის დარჩენილი ნაწილები. ის ადგილი ჩვენგან მხოლოდ 40 წუთის საფრენ მანძილზეა, ამიტომ იქ ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ იყო გაგზავნილი. მათ ყველაფერი გადაიღეს და ამის ნახვა ინტერნეტითაც შეგიძლია. გასროლისგან ლაინერის მთლიანი კორპუსი სავსე იყო ხვრელებით. ის დაზიანებული იყო რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ. ეს იყო საბედისწერო შეცდომა…“
ილჰამ ალიევმა გაიხსენა ბაქოს ქმედება შემთხვევაზე, როდესაც აზერბაიჯანმა რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენი საკუთარ ტერიტორიაზე, მისი თქმით, შემთხვევით ჩამოადგო:
„შემიძლია, მაგალითად მოგიყვანოთ შემთხვევა ყარაბაღის მეორე ომიდან. სამხედრო მოქმედებების ბოლო დღეს, აზერბაიჯანმა შემთხვევით ჩამოაგდო რუსეთის ვერტმფრენი, რომელიც იმყოფებოდა იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან, რადგან 30 წლის განმავლობაში, რუსული ვერტმფრენები არასდროს გამოჩენილან ამ ტერიტორიაზე, სომხეთის მხრიდან.
მათთვის, ვინც ის ჩამოაგდო, ცხადი იყო, რომ სომხურმა ვერტმფრენმა დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე. იმავე დღეს მე დაუყოვნებლივ დავურეკე რუსეთის პრეზიდენტს და მას ბოდიში მოვუხადე. ჩვენ დაუყოვნებლივ გადავუხადეთ კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახებსა და თავდაცვის სამინისტროს. დავიწყეთ გამოძიება და პასუხისგებაში მივეცით ის პირები, ვინც დაუშვა ეს საბედისწერო შეცდომა. ამ შემთხვევაში, რუსული მხარისგან მსგავსი არაფერი გვინახავს. ჩვენმა ქმედებამ შეგვიქმნა მოლოდინი, რომ მოსკოვიც მსგავსად მოგვექცევა, მითუმეტეს, როცა ორი ქვეყანა ერთმანეთს მეგობრებს უწოდებს. ეს იყო დიდი სიურპრიზი. მომხდარზე მათ დღემდე არაფერი უთქვამთ. ჩვენ ველოდებოდით გამოძიებას, ვფიქრობდით, რომ ადრე თუ გვიან ის დასრულდებოდა“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქო არ არის პასუხისმგებელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებაზე:
„რუსეთში დაიწყო უსაფუძვლო თავდასხმები აზერბაიჯანელებზე. ორი ადამიანი აწამეს და მოკლეს, შემდეგ კი ოფიციალური ინფორმაციით თქვეს, რომ ისინი გულის შეტევით დაიღუპნენ. თუკი მათ მართლაც ჩაიდინეს დანაშაული 20 წლის წინ, როგორც რუსები ამბობენ, ისინი ადამიანები იყვნენ. მათ ასე არ უნდა მოქცეოდნენ. ეს იყო უპრეცედენტო აქტი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ურთიერთობის გაუარესებაზე. ჩვენ მხოლოდ ვპასუხობთ კონსტრუქციული, ლეგალური გზით, მაგრამ არასდროს ვიქნებით ტოლერანტული ჩვენ წინააღმდეგ ნებისმიერი სახის აგრესიის ან უპატივცემულობის გამოხატვაზე…“
საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თქვა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისი განმარტებით, ამის უმთავრესი მიზეზი არის ბაქოს წარსული გამოცდილება, რომელსაც ილჰამ ალიევი „ტანჯვას“ უწოდებს.
„როგორც ქვეყანამ, აზერბაიჯანმა გამოიარა ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის ტანჯვა, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიცია მკაფიოა. რომ დავუბრუნდეთ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან, აზერბაიჯანი მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და აგრძელებს მის მხარდაჭერას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

