რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა და ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა ვლადიმირ კარა-მურზამ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „გამაოგნებლი და სამარცხვინო“ იყო წარსულში დასავლეთის ლიდერების დამოკიდებულება პუტინის მიმართ, თუ როგორ მისცეს მათ პუტინს თავისუფლად მოქმედებისა და რუსეთში დემოკრატიისთვის ძირი გამოთხრის საშუალება.
რუსი პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმირ კარა-მურზას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ციმბირის ციხეში იმის გამო, რომ გააკრიტიკა პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღება. იგი 2024 წელს გაათავისუფლეს პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, რომელზეც მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ ამერიკის შეერთებეული შტატების მაშინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის იმ დროს მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი და ვლადიემრ პუტინი. მიუხედავად ყველაფრისა, ვლადიმირ კარა-მურზა მაინც ოპტიმისტურად უყურებს რუსეთისა და უკრაინის მომავალს.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს უთქვამს ეს თქვენთვის, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ წესით, აქ არ უნდა იჯდეთ. თქვენ დაპატიმრებული იყავით 2015-17 წლებში და მხოლოდ 5% გქონდათ ცოცხლად გადარჩენის შანსი. გითხრეს, რომ ერთი თვე გაატარეთ კომაში. და მერე, რამდენიმე წლის წინ, 25 წელი მოგისაჯეს ციმბრის ციხეში და მაინც მოახერხეთ გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადებული შეთანხმების ფარგლებში. პირველ რიგში, მოგვიყვევით, რაც თავს გადაგხდათ. როდესაც პირველად მოგწამლეს, მაინც რა მოხდა? ან როგორ მოხდა? როგორ მიხვდით, რაც ხდებოდა?
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი: „მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი ჩართული რუსულ ოპოზიციურ პოლიტიკაში, ვმუშაობდი ბორის ნემცოვთანაც, რომელიც რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ყველაზე თვალსაჩინო ლიდერი გახლდათ, იყო პრემიერ-მინისტრის მოადგილე, რომელიც პირდაპირ კრემლის წინ მოკლეს 10 წლის წინ, 2015 წელს. მასთან სამუშაოდ 1999 წელს მივედი და რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატიც ვიყავი 2003 წელს, როდესაც ჯერ კიდევ შეეძლოთ ოპოზიციონერ კანდიდატებს კენჭისყრა, რაც დღეს წარმოუდგენელია. მრავალი წლის განმავლობაში ბორის ნემცოვი და მე ჩართული ვიყავით მაგნიტსკის სიის მისაღებად წარმართულ საერთაშორისო კამპანიაში. იმ კანონებისა, რომლებიც პირად სანქციებს – როგორებიცაა, მაგალითად, ვიზის აკრძალვა ან აქტივების გაყინვა – აკისრებს პუტინისა და სხვა დიქტატორული რეჟიმების წარმომადგენლებს მთელ მსოფლიოში, მათ, ვინც პირადად იღებს მონაწილეობას ადამიანის უფლებების შელახვასა და კორუფციაში. და როგორც ხვდებით, ეს მაინცდამაინც არ მოსწონთ კრემლში, რადგან პუტინის გარემოცვის წევრები ძალიან დიდი ხანია, მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ რუსეთში იპარავენ. პირველად 2015 წლის მაისში დამაპატიმრეს. თავიდანვე ეჭვიც კი არ შემპარვია, რომ ეს რუსეთის უშიშროებამ გააკეთა, მაგრამ ახლა უკვე ვიცით ეს, საერთაშორისო მედიის გამოძიების წყალობით, რომელსაც Bellingcat-ი უძღვებოდა. მე ამოვიცანი კიდეც კონკრეტული ადამიანები, და არა მხოლოდ განყოფილება, რუსეთის უშიშროების ფედრალური სამსახურის ( FSB) ოფიცრები, რომელთა ამოცანაც პუტინის პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციაა. ეს მოხდა 2015 წლის მაისში, მოსკოვში კოლეგებთან შეხვედრა მქონდა და უეცრად ვიგრძენი, რომ სუნთქვა მიჭირდა, მერე უკვე ვეღარც ვსუნთქავდი, ოფლმა დამასხა, გული ძალიან ამიჩქარდა და სანამ რამეს მოვიფიქრებდი, გონება დავკარგე. საშინელი განცდაა, როდესაც გრძნობ, რომ კვდები. ზუსტად ამას ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ დადგა დასასრული. მერე საავადმყოფოში გადამიყვანეს და ექიმებმა ჩემს ცოლს უთხრეს, რომ მხოლოდ 5 პროცენტი იყო ჩემი გადარჩენის შანსი. აპარატზე ვიყავი მიერთებული, მრავალი ორგანოს დაზიანების გამო კომაში ვიმყოფებოდი და ოფიციალური დიაგნოზი, რომელიც მოსკოვის საავადმყოფოში დამისვევს, იყო გაურკვეველი ნივთიერებით გამოწვეული ტოქსიკოზი, რომელიც ნორმალურ, არასამედიცინო ენაზე მოწამვლას ნიშნავს. გადავრჩი, ექიმებმა გადამარჩინეს და მერე, ერთი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, თავიდან ვსწავლობდი სიარულს, კოვზის ხელში დაჭერას, არაფერი აღარ შემეძლო. როგორც კი ფეხზე დავდექი, რუსეთში დავბრუნდი და მუშაობა განვაახლე. მაგრამ იგივე განმეორდა 2017 წლის თებერვალში. ზუსტად იგივე, იგივე დიაგნოზი, იგივე მდგომარეობა. და ახლა, Bellingcat-ის საოცარი გამოძიების წყალობით, ვიცით, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში არსებობს სპეციალური განყოფილება. აი, ასეთია დღეს რუსეთის რეალობა, იქ მოქმედებს სპციალური სამთავრობო განყოფილება, რომლის საქმიანობაც ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურ განადგურებას, მოკვლას“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „ყველამ იცის, რომ თქვენ მიგიჩნევენ რუსეთში კორუფციისა და მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ დაუღალავად მებრძოლ ადამიანად. საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთში აღარ შეიძლება იყოა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. იქ ხალხს წამლავენ, ფანჯრიდან ყრიან, უცხოეთში ხოცავენ და ა.შ. მაინც, როგორ მივიდა საქმე აქამდე? მიზეზი ის ხომ არ არის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ მიაქცია სათანადო ყურადღება პუტინს?“
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი: „გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად გამაოგნებლი და სამარცხვინო იყო დასავლეთის ლიდერების საქციელი, როდესაც პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა. არსებობს ასეთი მითი, რომელსაც დღეს ხშირად ავრცელებს როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფი ხალხი – ხშირად საკუთარი თავის გამართლების მიზნით. ამ მითის შინაარსი ასეთია, რომ ადრე პუტინი არც ისე ცუდი კაცი იყო, სჯეროდა რეფორმების, მოდერნიზაციისა და დასავლეთთან თანამშრომლობის. მაგრამ მერე რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და ახლა პუტინი, აი, ასე იქცევა. სინამდვილეში არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. პუტინი თავიდანვე პუტინი იყო. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც მივხვდი, რას წარმოადგენდა ეს კაცი და საით წაიყვანდა ქვეყანას. ეს მოხდა 1999 წლის 20 დეკემბერს, სანამ პუტინი პრეზიდენტი გახდებოდა. ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, მოვიდა მოსკოვში ლუბიანსკის მოედანზე მდებარე ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის – სუკის (KGB) შენობაში, დღეს იქ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სათავო ოფისია, რათა ოფიციალურად გაეხსნა იური ანდროპოვის მემორიალური დაფა. ეს კაცი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სუკის უფროსი იყო, ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც 1956 წელს უნგრეთში შეჭრაზე იყო პასუხისმგებელი, ის შიდა განხეთქილების ჩახშობის მომხრე იყო, როცა კაგებეს ხელმძღვანელობდა. ის იყო კაცი, რომელიც განასახიერებდა კომუნისტური სისტემის ყოველგვარ სიავეს. და სწორედ მისი მემორიალური დაფის გახსნა მოინდომა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთში სიმბოლოებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. და მე კითხვა აღარ გამჩენია. პუტინი ვერ არჩევდა სხვა უფრო ძლიერ სიმბოლოს იმის ნიშნად, თუ როგორი იქნებოდა მისი მომავალი ხელსუფლება. და თუ მაინც დარჩა მაშინ ვინმეს კითხვა, იმასაც გაეცა პასუხი, როდესაც თავისი პრეზიდენტობის პირველივე წელს ბატონმა პუტინმა აღადგინა სტალინის ეპოქის საბჭოთა ჰიმნი და იგი რუსეთის ფედერაციის ჰიმნად აქცია“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „რა განცდა გეუფლებათ მაშინ, როდესაც გესმით, რომ ისეთი ხალხი, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკის სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი, ვლადიმერ პუტინს ქებას ასხამს და ამბობს: ოჰ, მან დონალდ ტრამპისთვის ილოცა, როდესაც იგი დაჭრეს ერთ-ერთ წინასაარჩვენო შეკრებაზე და რომ ის პრინციპში კარგი ბიჭია?“
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი: „ვლადიმერ პუტინი ხომ სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკის) ყოფილი ოფიცერია და მან ერთხელ საჯაროდაც თქვა, რომ მისი საყვარელი საქმიანობა ხალხის გადაბირება იყო. და ვინმეს გადაბირება რომ მოახერხო, უნდა იცნობდე თანამოსაუბრეს, უნდა იცოდე, ვისთან გაქვს საქმე და მისი ნდობა უნდა მოიპოვო. აი, სწორედ ამას აკეთებდა პუტინი, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა. ჯორჯ უოკერ ბუში მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო და როდესაც პუტინი მას შეხვდა, მოუყვა იმ ჯვრის ამბავს, რომელიც დედამ აჩუქა და რომელიც გადაურჩა პუტინის აგარაკზე გაჩენილ დიდ ხანძარს. ბევრი ამისთანა რამ უთხრა. და სწორედ ამის მერე გამოვიდა პრეზიდენტი ბუში და თქვა, რომ, როდესაც პუტინს თვალებში ჩახედა, მისი სული დაინახა. და იცით რა, ჩემი აზრით, პუტინმა სწორად გათვალა, რომ დონალდ ტრამპის გულის მოგება პირადად მისთვის მაამებლობით შეიძლებოდა. და ზუსტად ეს გააკეთა, როდესაც საუბარში ახსენა, რომ მისთვის ილოცა და ასევე ბატონ უიტკოფს მასთან ვაშინტონში გაატანა ნახატი. ეს ზუსტად ის ხრიკებია, რომლებსაც მიმართავდა საბჭოთა, და არა მხოლოდ საბჭოთა, უშიშროების სამსახური მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ჩემთვის გაუგებარია, როგორ იჯერებს სერიოზული ხალხი ამ ხრიკებს 21-ე საუკუნეში.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „მოდი, ოპტიმიზმსაც შევეხოთ, რადგან, როგორც ვიცი, დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ოპტიმისტურად უყურებდით რუსეთის მომავალს“.
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი: „ახლაც ოპტიმისტურად ვუყურებ“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „დიახ, და სწორედ ამაშია საქმე, რადგან მაინცდამაინც დიდი იმედი არ ჩანს ოპტიმიზმისთვის. პუტინი ცოცხალია და კარგადაა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მახსოვს დიდი ხნის განმავლობაში ხალხს ეგონა, მას თითქოს სიმსივნე ჰქონდა და ა.შ. ერთი შეხედვით, არ ჩანს მისი გადაყენების შანსი, პრიგოჟინმა თითქოს სცადა ეს, მაგრამ წარუმატებლად“.
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი:
„მე უბრალოდ პოლიტიკოსი კი არ ვარ, არამედ ისტორიკოსიც ვარ განათლებით და ერთი რამ, რასაც რუსეთის ისტორია ძალიან კარგად გვასწავლის, ის არის, რომ ყველა საკვანძო პოლიტიკური ცვლილება იქ ძალიან სწრაფად და სრულიად მოულოდნელად ხდება. მეფის რეჟიმი მე-20 საუკუნის დასაწყისში და კომუნისტური რეჟიმიც მე-20 საუკუნის ბოლოს ზუსტად სამ დღეში დაემხო, და ეს არ არის მეტაფორა. ასე ხდება რუსეთში. არავინ იცის, როდის ან როგორ მოხდება ცვლილება. რაც ზუსტად ვიცით, ის არის, რომ მარადიული არაფერია. და ყოველივეს, რასაც დასაწყისი აქვს, დასასრულიც ექნება. მსოფლიო ისტორიაში ყველა დიქტატურა დაემხო“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „გეგულებათ ვინმე არსებული რეჟიმის წიაღში, ვისაც პუტინის დამხობა უნდა?“
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი:
„რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ უამრავი ადამიანია დღეს რუსეთში, რომლებიც არაფერში არ ეთანხმებიან არსებულ რეჟიმს, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ ომს. როდესაც ციხეში ვიჯექი, ყოველთვე ათასობით წერილს ვიღებდი ქვეყნის ყოველი კუთხიდან იმ ხალხისგან, რომელიც არასდროს მინახავს, მწერდნენ ისეთი ქალაქებიდან, რომლებშიც არასდროს ვყოფილვარ, ზოგიერთის სახელიც კი არ ვიცოდი. და ეს ხალხი პოულობდა დროს და, სხვათა შორის, რისკზე მიდიოდა ამით, რათა მოეწერა ჩემნაირი კაცისთვის, ასე ვთქვათ, ხალხის მტრისთვის ოფიციალური ციხის საკორესპონდენციო სისტემის გავლით“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „ეს წერილები თქვენამდე ცენზურას გადიოდა?“
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი:
„ზოგი კი, ზოგი – არა. თუმცა ბევრს ამოწმებდნენ, რადგან სავალდებულოა, რომ წერილმა ციხის ცენზურა გაიაროს. და, რა თქმა უნდა, ზედ საკონტაქტო ზუსტი ინფორმაცია უნდა მიუთითო. ხალხი მწერდა, რომ ისინი ჩემსავით ფიქრობდნენ. იმავეს ფიქრობდნენ ამ ომთან დაკავშირებით, რასაც მე. გეხსომებათ, გასულ 2024 წელს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა რუსეთში პუტინის ცირკისა და რამდენიმე წინასწარ დამტკიცებული მასხარას მონაწილეობით, რომლებიც პუტინის პარალელურად იყრიდნენ კენჭს. და უეცრად გამოჩნდა პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი, პარლამენტის ყოფილი წევრი და ადვოკატი ბორის ნადეჟდინი, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს, როგორც ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი, რომ იგი უკრაინაში ომის წინააღმდეგია და მას ერთ დღეში დაასრულებს. ხალხს ამაზე წარმოუდგენელი რეაქცია ჰქონდა. მოულოდნელად მთელ რუსეთში, დიდ თუ პატარა ქალაქებში, მისი კამპანიის ოფისებთან საათობით დადგა რიგში ხალხი, რათა ხელი მოეწერათ მისი ნომინაციის პეტიციისთვის, რადგან კანდიდატად რომ დაგარეგისტრირონ, გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველთა ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. და ეს მთელ ქვეყნაში ხდებოდა. იმ წერილებში, რომლებსაც მიგზავნიდნენ, ხალხი ამ გრძელი რიგების ფოტოებსაც მიყრიდა და მეუბნებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს ყველაფერი“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „ისინი გაძლევენ იმედს“.
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი:
„დიახ, რადგან პუტინის პროპაგანდა ცდილობს, ყველა დაარწმუნოს როგორც რუსეთში, ისე დასვალეთში, რომ რუსული საზოგადოება მონოლითურია, რომ ყველა უჭერს მხარს პუტინს და ომს. რასაკვირველია, ის არ დაუშვეს არჩევნებზე, როგორც ყოველთვის ხდება რუსეთში, მაგრამ ამის წყალობით ხალხმა უეცრად დაინახა, რომ არსებობენ ჩემნაირი ადამიანები, რომ ისინი არ არიან მარტონი“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, რადგან ისტორიკოსიც ხართ. მაინც რა განცდა გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ციმბირში გიშვებდნენ ციხეში, რადგან ციმბირის შესახებ ცივი ომის, საბჭოთა კავშირის დროიდან გვსმენია და მის ხსენებაზე მაშინვე თვალწინ გვიდგება სისასტიკე, არაადამიანობა და სიკვდილი. რა იფიქრეთ თქვენ, როცა ეს გაიგეთ და რას გრძნობდით ციმბირის ციხეში? ალაბთ არ გქონდათ გამოსვლის იმედი, რადგან 25 წელი გქონდათ მისჯილი“.
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი:
„დიახ, დარწმუნებული ვიყავი, იქ მოვკვდებოდი. გასული წლის პატიმართა გაცვლა უბრალოდ სასწაული იყო. მხოლოდ ასე შემიძლია ვუწოდო. თუმცა როგორც ისტორიკოსს, რა თქმა უნდა, წაკითხული მქონდა და ციხეში კიდევ ერთხელ გადავიკითხე საბჭოთა დისიდენტების მემუარები, სტალინის პერიოდის ლიტერატურა, რასაკვირველია, სოლჟენიცინი და შალამოვი, ასევე მე-19 საუკუნის წიგნებიც. ის ქალაქი, სადაც ციხეში ვიჯექი, მაგალითად, ომსკი, დიდი ქალაქია დასავლეთ ციმბირში. სწორედ იქ იყო დატუსაღებული დეკაბრისტების ნაწილი მე-19 საუკუნეში. იქ იჯდა ციხეში დოსტოევსკიც, ასე რომ, მისი „მკვდარი სახლის ჩანაწერები“ ომსკის ციხეში მიღებულ შთაბეჭდილებებს ასახავს. რაც შეეხება მე-20 საუკუნეს, ომსკის ციხეში დროებით იჯდა სოლჟენიცინიც და ა.შ. რამაც ნამდვილად გამაოცა, ის იყო, რომ ყველა წვრილმანიც კი ზუსტად ისევ ისეა იქ დარჩენილი, როგორც კომუნისტების დროს იყო. მაგალითად, ალექსანდრ სოლჟენიცინი თავის „პირველ წრეში“ აღგვიწერს, რომ პატირმები მოსკოვიდან ციმბირში კუიბიშევის დროებითი ციხის გავლით მიჰყავდათ. ახლა კუიბიშევს სამარა ჰქვია, ძველი სახელი დაუბრუნეს. სწორედ ეს გზა გავიარე სტოლიპინისდროინდელი ვაგონებით, რომელთაც რუსეთში პატიმართა გადასაყვანად იყენებენ და რომლებიც საუკუნის განმავლობაში არ შეცვლილა. არსებობს ასეთი აზრი, თითქოს ყველა ისტორიკოსს ქვეცნობიერად სურს, რომ საკუთარ თავზე გამოცადოს, რასაც სწავლობს. როგორც მივხვდი, ძალიან ფრთხილად უნდა იყო საკუთარ სურვილებთან, რადგან შეიძლება აგიხდეს“.
შონა მიურეი, ევრონიუსი: „დარწმუნებული ვარ, თქვენც სწორედ ეს გიტრიალებდათ თავში მაშინ, როცა გეგონათ, განწირული იყავით, რადგან თან ფიქრობდით, ეს ხომ თავად წარმოვიდგინეო“.
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და აქტივისტი:
„მაგრამ ჩვენ ხომ ისიც ვიცთ, რით სრულდება ასეთი ამბები. ვიცით, რომ არცერთი რეჟიმი არ გადარჩენილა, ყველა დაემხო. მეფის რეჟიმი დაემხო, კომუნისტების დაემხო და ესეც, პუტინის რეჟიმიც, აუცილებლად დაემხობა ოდესმე. აი, ასეთია რუსეთი, არ ვიცით, რა მოხდება. შეიძლება, ეს ხუთ წელიწადში მოხდეს, შეიძლება – სამ თვეში. ლენინმა თავის ცნობილ ციურიხის გამოსვლაში 1917 წლის იანვარში თქვა, რომ ჩვენ, ხანში შესულები, ვერ მოვესწრებით რევოლუციასო. ის კი ექვს კვირაში მოხდა“.
ავტორი: შონა მიურეი

