მთავარიგადაცემებიEurope Decodedრამდენად შეუწყობს ხელს ახალი სტრატეგია ევროპაში წყლის სწორ მენეჯმენტს?

რამდენად შეუწყობს ხელს ახალი სტრატეგია ევროპაში წყლის სწორ მენეჯმენტს?

ევროკავშირის ქვეყნების ერთ მესამედს, რომელსაც წყალზე დიდი მოთხოვნა აქვს, წყლის დეფიციტი და დაბინძურების პრობლემა აწუხებს. საჭიროა მეტი ინვესტიცია და ინოვაცია. „ევრონიუსმა“ თვალი გადაავლო ევროპის წყალმომარაგების ახალ სტრატეგიას.

ევროკავშირის ქვეყნების ერთი მესამედი წყლის დეფიციტს განიცდის. წყლის დაბინძურება და ჭარბი ხარჯვაც  ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს შორისაა და მათ გადაჭრას სწორედ ამ წყლის საფილტრ საწარმოში ცდილობენ. კლიმატის ცვლილებისა და ეკონომიკის განვითარების გამო წყალზე დიდი მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებასაც მეტი ინვესტიცია და კანონმდებლობის უკეთესად აღსრულება სჭირდება. ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით, ევროკომისიამ წყალმომარაგების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა.

ევროკავშირში ზედაპირული წყლების მხოლოდ 37%-ს აქვს მინიჭებული  ეკოლოგიურად სუფთა, 29 პროცენტს კი –  მისაღები ქიმიური შემადგენლობის მქონე წყლის სტატუსი. ევროპის კონტინენტზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დათბობის პროცესი, რის გამოც იმატა წყალთან დაკავშირებულ სტიქიურ უბედურებათა რიცხვმა. ამჟამად ევროკავშირის 30 პროცენტი წყლის დეფიციტს გახანგრძლივებული გვალვების გამო განიცდის. ამ დროს კი გამანადგურებელმა წყალდიდობებმა 1980-2023 წლების პერიოდში 325 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა ევრობლოკს. ევროპის წყალმომარაგების სტრატეგია მიზნად ისახავს, შეამციროს წყლის დაბინძურების დონე, აღკვეთოს წყლის ჭარბი ხარჯვა და წყალი ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის.

ევროკომისია პირობას დებს, რომ ამ სტრატეგიის საშუალებით დაეხმარება წევრ ქვეყნებს, უკეთ განახორციელონ „წყლის ჩარჩო დირექტივა 2000“ და მასთან დაკავშირებული სამი კანონი.

ერთ-ერთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც ევროკომისიას სურს, არის წყლის დაბინძურება, განასაკუთრებით ქიმიური ნივთიერება PFAS -ით (პერი- და პოლი-ფლოროალკილ ნაერთები ე.წ. PFAS-ი), რომელიც  უხრწნელ დამაბინძურებლად ითვლება.

„PFAS მოიცავს ნივთიერებებს, რომელთაც მარადიულ დამაბინძურებლებს უწოდებენ, რადგან ისინი ადვილად არ იშლება და დროთა განმავლობაში გარემოში გროვდება,“ – ამბობს ამანდინ ჰესი, ევრონიუსის რეპორტიორი, რომელიც ამ საკითხებს აშუქებს. „პრობლემა ის არის, რომ როგორც კვლევამ აჩვენა, PFAS-სთან  შეხება სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. ამიტომ ევროკომისია საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის წამოწყებას აპირებს, რათა ხელი შეუწყოს ისეთი ინოვაციების განვითარებას, რომლებიც გარემოს გაწმენდენ  PFAS-ისა და სხვა ქიმიკატებისგან. აამოქმედებენ პრინციპს  – „დამაბინძურებელი იხდის“, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსებას  მხოლოდ ისეთი ადგილების გასუფთავებისთვის გამოიყენებენ, სადაც ვერ მოხერხდება მის დაბინძურებაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა“.

არასამთავრობო სექტორსა და ევროპის მწვანეთა პარტიაში ამბობენ, რომ ეს სტრატეგია ახლოსაც არ არის იმასთან, რომ პრობლემებს კონკრეტულად გასცეს პასუხი.

„მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მწვანეებმა და ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკეს ეს სტრატეგია იმის გამო, რომ არ შეიცავს მკაფიო ლეგალურ მოთხოვნებს, რომ მისი მოთხოვნები არ არის სავალდებულო და  არ იძლევა მიზნობრივ დაფინანსებას,“ – განმარტავს ამანდინ ჰესი. „ეს ერთი კრიტიკული შენიშვნა. მეორე შენიშვნა, კრიტიკოსების აზრით, ის არის, რომ ის ვერ ჭრის პრობლემას დაბინძურების წყაროს დონეზე. ამიტომ ისინი სასუქებისა და ქიმიკატების უფრო მკაცრ მართვას მოითხოვენ. წყლის რაოდენობასთან დაკავშირებით კი, ევროკომისია წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ 2030 წლისთვის სულ მცირე 10%-ით უფრო ეკონომიურად მოიხმარონ წყალი.“.

ევროკომისიის ინფორმაციით, მთელ ევროპაში წყლის პრობლემის გადასაჭრელად დაახლოებით 55 მილიარდი ევრო იხარჯება, მაგრამ ყოველ წელს ამ საკითხის ბოლომდე მოგვარებას მაინც 23 მილიარდი ევრო აკლდება. ამ დეფიციტის შესავსებად ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო უფრო გააფართოებს რეგიონული განვითარების ფონდის მოცულობას, რომელიც ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს ხმარდება და ამით წყლის მართვას დააფინანსებს. გარდა ამისა, ევროპის საინვესტიციო ბანკი ახალ პროგრამას დაიწყებს: 2025-2027 წლებში 15 მილიარდი ევრო გამოიყოფა იმისთვის, რომ კომერციული ინვესტორებისგან კიდევ 25 მილიარდი ევრო მიიზიდოს. საინტერესოა, რამდენად საკამრისი იქნება ეს ფული?

„ვნახოთ, რა იქნება, იმიტომ, რომ ბიუჯეტის ირგვლივ მოლაპარაკებები ახლა დაიწყო,“ – ამბობს ევროპარლამენტარი ჰილდეგარდ ბენტელე მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიიდან“, რომელიც  პარლამენტში  წყლის ჯგუფის (MEP Water Group) თავმჯდომარეა. „ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პრიორიტეტად ჩათვლა. ყველამ იცის, რომ ამ სექტორში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ინვესტიციების ჩადება. უკვე გვაქვს მაჩვენებლები, ამიტომ შეგვიძლია მათი  ბიუჯეტში გათვალისწინება და,  როგორც თავად ბრძანეთ, რეგიონული განვითარების პოლიტიკის უკეთ გამოყენება, რადგან ვნახეთ, რომ მის ფონდს არც კი იყენებდნენ ინვესტირებისთვის. ასე რომ, ამაზე უნდა დავფიქრდეთ“.

2030 წლისთვის წყლის 10 პროცენტით უფრო ეკონომიურად გამოყენების მიზნით ევროკომისია მოხალისეობრივ საფუძველს გვთავაზობს. მაგრამ ამ მიზნის მიღწევის არავითარი გზამკვლევი ან  აღსრულების მექანიზმი არსად ჩანს.

„ეს კეთილი სურვილია და თან, მე ვიტყოდი, ცოტა არ იყოს, თავმდაბალიც, რადგან 10% არ არის ბევრი,“  – განმარტავს ჰილდეგარდ ბენტელე  . „თუმცა რაც არ უნდა იყოს, ის მაინც დღის წესრიგში დგას. ჩემი აზრით, მეტის მიღწევაც შეგვიძლია, მაგალითად, საჯარო შესყიდვების გზით. თუ გავწერთ, რომ წყლის ეფექტიანად გამოყენების მექანიზმების ამოქმედება სავალდებულოა, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ფულის დაზოგვის ყველაზე იაფი გზა მისი ეკონომიურად გამოყენებაა. თუმცა, პირველ რიგში, მეტი გამჭვირვალობა გვჭირდება, რადგან ხალხმა არ იცის, რამდენ წყალს ხარჯავს საყოფაცხოვრებო მიზნით“.

და მაინც, უფრო კონკრეტული ზომები და სანქციებიც ხომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული იმ წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ნაკლებად აქტიურობენ წყლით გამოწვეული სტიქიური უბედურებების -გვალვა იქნება თუ წყალდიდობა –  როგორც პრევენციის, ისე კატასტორფის შემდეგ აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მხრივ?

„გვაქვს მაგალითად, „წყლის ჩარჩო დირექტივა“ და ეს კანონი. თუ არ დაემორჩილები კანონს, შეგვიძლია სანქცია დაგიწესოთ, რადგან თუ წევრი სახელმწიფო არად მიიჩნევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს, მას სანქცია უნდა დაეკისროს,“ – ასე ფიქრობს ჰილდეგარდ ბენტელე. „ჩვენ გვაქვს ბევრი მიზანი, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაინცდამაინც დიდი პროგრესი არ გვქონია, ამიტომ უნდა ავჩქარდეთ. და ვისურვებდი, რომ ევროკომისია უფრო მკაცრი იყოს მომავალში, მათ შორის ამ სტრატეგიასთან დაკავშირებითაც“.

ევროკომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, თუმცა გარემოსდამცველები ამბობენ, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ ბუნების დასაცავად. მათი აზრით, წყლის მენეჯმენტი ჭაობების დაცვას, ასევე სასუქებისა და პესტიციდების შემცირებასაც უნდა გულისხმობდეს. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, თუ რა ზომებს იღებენ ევროპაში წყლის დაცვასთან დაკავშირებით.

ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend