მთავარიdraft geoსასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული, 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. პროცესს არ ესწრებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელმაც დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, დაცვის მხარისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ჩვენ არ დაგვიფიქსირებია პოზიცია პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ჩემი პირადი პოზიცია ნიკას პოზიციას ემთხვევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ მოღალატეობრივმა, არაადამიანურმა რეჟიმმა როგორ გაუშვა ციხეში 4 წლითა და 6 თვით 21 წლის პატრიოტი მათე დევიძე, ამ პირობებში ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბარი, განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.

პროკურატურისგან რაიმე განსხვავებულის მოლოდინი არ გვქონია, რადგან სამწუხაროდ, ყველაფერი წინასწარ არის ხოლმე ცნობილი.

ნიკას გადაწყვეტილება იყო და ამის საფუძველზე კითხვები არ გვქონია მოწმესთან. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ საქმეში სამართლებრივი შეფასებაა პრობლემა და არა ფაქტები“, – თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმის პროკურორი გამოეხმაურა სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობის საკითხსაც. მისი თქმით, პოლიტიკოსის ამ ნაბიჯს „შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“ ექნება.

„ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადასახდელად 50 დღე ჰქონდა განსაზღვრული. მიუხედავად ამ ვადის გასვლისა, მან ეს თანხა არ გადაიხადა. გარდა ამისა, ამას დაემატა ის გარემოება, რომ ბრალდებული არც წინა სხდომაზე, არც დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა თუნდაც, მიმალვის საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ, რაც სასამართლომ გაიზიარა და ბრალდებულ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა…“ – განაცხადა პროკურორმა, მარი მეშველიანმა.

პროკურატურა ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ამავე ბრალდებით პატიმრობა აქვთ შეფარდებული კოალიცია „ცვლილებისთვის“ კიდევ ორ ლიდერს, ნიკა მელიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend