13 ივნისის დილას ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიშები წამოიწყო. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში.
ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც დაადასტურა.
„რამდენიმე წუთის წინ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „ამომავალი ლომი“, მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანიც ისრაელის მიმართ ირანული საფრთხის აღმოფხვრაა. ეს ოპერაცია იმდენი დღე გაგრძელდება, რამდენიც ამ საფრთხის მოსაშორებლად იქნება საჭირო. ათწლეულების განმავლობაში თეირანის ტირანები ისრაელის განადგურებისკენ თავხედურად და ღიად მოუწოდებდნენ. მათ თავიანთი გენოციდური რიტორიკა ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამით დაამტკიცეს“, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
Prime Minister Netanyahu:
“Moments ago, Israel launched Operation Rising Lion, a targeted military operation to roll back the Iranian threat to Israel’s very survival.This operation will continue for as many days as it takes to remove this threat.” pic.twitter.com/3c8oF1GCYa
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) June 13, 2025
ისრაელის თავდასხმა მას შემდეგ ხდება, რაც თეირანის სწრაფად განვითარებადი ბირთვული პროგრამის გამო დაწყებულმა რამდენიმეკვირიანმა მოლაპარაკებებმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ხელშესახები შედეგი ვერ მოიტანა.
ისრაელის მთავრობა წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას არ დაუშვებდა.
„ბოლო წლებში ირანმა გამდიდრებული ურანი 9 ატომური ბომბისთვის გამოიმუშავა, ცხრა. ბოლო თვეებში ირანმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც აქამდე არასდროს გადაუდგამს, ნაბიჯები ამ გამდიდრებული ურანით იარაღის შექმნისკენ და თუ ირანს არ შევაჩერებთ, ის ბირთვული იარაღის შექმნას ძალიან მოკლე დროში შეძლებს. ეს შესაძლოა ერთ წელიწადში მოხდეს. ეს შესაძლოა რამდენიმე თვეში მოხდეს, ერთ წელზე ნაკლებ დროში, რაც აშკარა და რეალური საფრთხეა ისრაელისთვის“, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.
მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მან უარყო თავდასხმაში ვაშინგტონის ჩართულობა და დასძინა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა.
„დღეს ღამით ისრაელმა ირანზე ცალმხრივი ქმედება განახორციელა. ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა. ისრაელმა გვაცნობა, რომ მათი აზრით, ეს თავდაცვისთვის აუცილებელი იყო. პრეზიდენტმა ტრამპმა და ადმინისტრაციამ გადადგეს ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენი ძალების დასაცავად და მჭიდრო კონტაქტში არიან რეგიონულ პარტნიორებთან. მინდა ნათლად განვაცხადო: ირანმა არ უნდა ამოიღოს მიზანში აშშ-ის ინტერესები ან პერსონალი“, – წერია მარკო რუბიოს განცხადებაში.
ირანის სახელმწიფო მედიაში წაიკითხეს ირანის სულიერი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის მიმართვა, რომელშიც ის მკაცრი სასჯელით იმუქრება.
With this crime, the Zionist regime has prepared for itself a bitter, painful fate, which it will definitely see.
— Khamenei.ir (@khamenei_ir) June 13, 2025
„დიად ირანელ ერს! დღეს დილით, გამთენიისას, სიონისტურმა რეჟიმმა თავისი საზიზღარი და სისხლიანი ჩვენი საყვარელი ქვეყნისკენ გამოიშვირა და გამოავლინა თავისი ბოროტი ბუნება საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვით. რეჟიმს მკაცრი სასჯელი ელის. ყოვლისშემძლე ღმერთის სახელით, ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ძლიერი ხელი მათ დაუსჯელად არ დატოვებს. მტრის თავდასხმების დროს რამდენიმე მეთაური და მეცნიერი მოწამეობრივად დაიღუპა. მათი მემკვიდრეები და კოლეგები, ღვთის წყალობით, დაუყოვნებლივ შეუდგებიან თავიანთ მოვალეობას. ამ სისასტიკით, სიონისტურმა რეჟიმმა საკუთარ თავს მწარე და მტკივნეული განაჩენი გამოუტანა და მას უეჭველად მიიღებს“, – წერს ირანის სულიერი ლიდერი, აითოლა ალი ხამენეი.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, თეირანში, იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეჩერებულია.
ასევე, სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამი ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
დაღუპულებს შორის არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი და ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი სპეციალისტი, დოქტორი მოჰამედ მეხდი ტეჰრანჩი. ინფორმაცია სხვა სამხედრო მაღალჩინოსნების გარდაცვალებაზეც ვრცელდება.
სახელმწიფო მედიამ აჩვენა კადრები ნატანცში, ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარი ობიექტის, რომელიც კვამლში იყო გახვეული. უცნობია, თუ რამდენად მძიმეა დაზიანება.