პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებიდან ზუსტად ხუთი თვის თავზე, საქართველოდან თურქეთში გააძევეს „ბათუმელი მედროშე“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თემურ ქათამაძეს 11 ივნისის ღამით, ქვეყანა იძულებით დაატოვებინა და გაძევებიდან 12 საათის შემდეგ, გადაწყვეტილებას „საქართველოს კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისი“ უწოდა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია…. გაფარ ილმაზმა [თემურ ქათამაძე] არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია, რომელიც ბოლო 13 წელია საქართველოში ცხოვრობდა და მას სამშობლოდ მიიჩნევდა. არაერთი უარის მიუხედავად, მან წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ „ბათუმელ მედროშეს“ ოჯახთან დამშვიდობების საშუალებაც არ მისცეს. სახელმწიფო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პასუხსაც არ დაელოდა.
„სამწუხაროდ, თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მისი მეგობრებისა და საცოლის დახმარებით. მიგრაციის დეპარტამენტმა არც ჩვენ, როგორც მის ადვოკატებს და არც მის საცოლეს ამის შესახებ არ აცნობა… [ბრიფინგზე] ალექსანდრე დარახველიძემ ახსენა, რომ ჩვენ მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და უარი გვეთქვა დროებით ღონისძიებაზე, თუმცა მათთვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსაც მივმართეთ, გვქონდა მათთან კომუნიკაცია და ველოდებოდით მათ გადაწყვეტილებას. შსს არ დაელოდა გადაწყვეტილებას, რაც აჩვენებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო, ამ ადამიანს რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ ეტაპისთვის ჩვენთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ თემურ ქათამაძე გადაჰყავთ თურქეთის ქალაქ ორდუში, სადაც მასზე დაკავების ორდერია გაცემული. ის გამოიკითხება. თურქეთში ჩაერთვებიან მისი ადვოკატები და სამომავლოდ უკვე გვეცოდინება ინფორმაცია, როგორ წარიმართება ეს პროცესი. გამომდინარე მუხლისა, რომელსაც თემურ ქათამაძეს ედავებიან და რომელიც ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე პატიმრობას, ჩვენ ვფიქრობთ რომ შესაძლოა, თურქეთის რესპუბლიკაში მისი უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვეს“ – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრისა“ და თემურ ქათამაძის იურისტი მარიამ ყველაშვილი.
თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ „კანონი ყველასთვის თანაბარია“, მაშინ როცა მისი ოპონენტები უსამართლობაზე მიუთითებენ.
„ეს პიროვნება უბრალოდ რაღაც სახელსა და გვარს იბრალებს. უბრალოდ აღმოჩნდა თურქეთის მოქალაქე. ამასთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ დეტალური ბრიფინგი ჩაატარა იმის თაობაზე, რამ გამოიწვია ამ პირის თურქეთში ექსტრადირება… ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ საფრთხე ემუქრება, მაგრამ ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო? შეიძლება, ტყუის…“ – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი უკანონო მიგრანტი ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც მათ შორის ავიწროებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და არის კონკრეტული ფაქტები, თუნდაც, როგორ მიიტაცეს უძრავი ქონების ბიზნესი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა და როდესაც სრულიად გაუგებრად ათი ათასობით მოქალაქეობაა გაცემული, ამ დროს სულით და გულით ქართველი, რომელიც 9 აპრილის შემდგომ ჩამოვიდა საქართველოში რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად, ივანიშვილმა გააძევა ქვეყნიდან, თუმცა სხვა უსამართლობებთან ერთად, ასევე ეს უსამართლობაც გამოსწორდება რუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ.“ – თქვა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
„ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე ახლა თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ერდოღანის ხელისუფლებას მის წინააღმდეგ საქმე აქვს აღძრული და ფეთჰულა გიულენთან კავშირებს ედავება.
თავად თემურ ქათამაძე თურქეთის მთავრობის ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
11 ივნისის საღამოს ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, „ბათუმელი მედროშე“ თურქეთის ქალაქ ორდუს დროებითი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია „ევრონიუს ჯორჯიას“ იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა დაუდასტურა. როგორც ის ამბობს, თემურ ქათამაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თურქეთის სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.