მთავარისაქართველოთბილისის საქალაქო სასამართლო აქციებისას დაკავებული გიორგი ახობაძის საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო აქციებისას დაკავებული გიორგი ახობაძის საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საპროტესტო აქციებისას დაკავებული გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ექიმმა დაასახელა პოლიციელი, რომელიც მისი თქმით, მისთვის „ნარკოტიკის ჩადების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა“.

გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ეს პოლიციელი გიორგი გურეშიძეა და რომ მან პოლიციელის ამოცნობა სამმართველოების უფროსების ფოტოებიდან შეძლო. მისივე თქმით, იგი გიორგი გურეშიძის, ლევან მაისურაძესთან – საპატრულო პოლიციის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან სატელეფონო კომუნიკაციასაც შეესწრო. დაკავებული ექიმი ამბობს, რომ როგორც ჩანს, ლევან მაისურაძემ „გადაამოწმა ეფექტიანად შეასრულეს თუ არა მის დაქვემდებარებაში მყოფებმა მიცემული დავალება.“

გიორგი ახობაძე სამართალდამცველებმა 7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან,შინ მიმავალი დააკავეს.პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი ამბობს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“. ერთ-ერთ პროცესზე მან განაცხადა, რომ დაკავებისას რამდენიმე ადამიანმა გაკოჭა-იგრძნო, რომ ჯიბეზე ეხებოდნენ, თუმცა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, რომ მათთვის წინააღმდეგობა გაეწია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend