შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნიდან ორი კვირის თავზე, ძალოვან სტრუქტურაში ძირეული საკადრო ცვლილებები დაიწყო.
გელა გელაძის უწყების ცნობით, „პირადი განცხადების საფუძველზე“, თანამდებობა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა. საზოგადოებისთვის მისი სახელი აქტუალური გახდა საქართველოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამართული ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო და პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივად დაშლის ფონზე. სწორედ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მონაწილეობის მიზეზით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ზვიად ხარაზიშვილსაც სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ.
სანქციების დაწესების პარალელურად, გდდ-ის ყოფილი უფროსი მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ზვიად ხარაზიშვილს რომან ქარცივაძე შეცვლის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის საქმიანობას „ქართული ოცნება“ წარმატებულად აფასებს. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ზვიად ხარაზიშვილმა ქვეყანას „რევოლუციური პროცესების განვითარებისა და ხელისუფლების დამხობის მცდელობები აარიდა“.
„უნდა გავიხსენოთ ვის უპირისპირდებოდა და ვინ უპირისპირდებოდა იმ ქვედანაყოფს, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. აქ რევოლუციური პროცესის განვითარების და სახელმწიფოს მმართველობის, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის აშკარა მცდელობა იყო. თუ ის ამას დაუპირისპირდა თავისი ქვედანაყოფით, იმას არ ნიშნავს, რომ იგი თავისი პირადი მოსაზრებებით მოქმედებდა. ასე რომ საკმაოდ მძიმეა ზოგადად დაპირისპირება…“ – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
ძალოვან სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები ოპოზიციამ „ფასადურად“ შეაფასა. „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ საკადრო გადაადგილებები საერთაშორისო სანქციებითაა გამოწვეული.
„შსს-ში ყოველთვის მტკივნეულად მიმდინარეობს მსგავსი ტიპის გადაადგილებები, მითუმეტეს „ხარება“ არ იყო რიგითი ფიგურა „ქართული ოცნების“ შიგნით. ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი შემსრულებელი და „ზონდერი“ იყო. ეს არის გამოწვეული „შიდაკლანური“ დაპირისპირებით. ასევე, სანქციების პოლიტიკიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა თქვან: სანქციები არ მუშაობს, ამას გავლენა არ აქვს, – ფაქტია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ სანქცირებული იყო, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ბატონი ხარაზიშვილია.“ – თქვა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ.
ცვლილებებია პოლიციის დეპარტამენტებშიც. ვაჟა სირაძე პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის ნაცვლად თბილისის პოლიციას უხელმძღვანელებს, ხოლო კრიმინალურიდან დაცვის პოლიციის უფროსად გადაინაცვლა თეიმურაზ კუპატაძემ. ვიდრე ოპონენტები ამგვარ საკადრო გადაადგილებას „ჩამოქვეითებას“ უწოდებენ, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა „აუცილებელი როტაციის პრინციპს“ მიმართა.
„ჩვენ გვყავს ახალი შს მინისტრი და ეს მისი საკადრო გადაწყვეტილებები არის. რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება ნახეთ, რომელიც მან, როგორც მინისტრმა მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-მ ეფექტიანად იმუშაოს. ეს არის სრულად მისი კომპეტენციის ნაწილი. შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს მთავრობის და პარლამენტის ნდობა და რა თქმა უნდა, მისი საკადრო გადაწყვეტილებების მიმართაც გვაქვს ეს ნდობა. შს ახალ მინისტრს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი საკადრო პოლიტიკა გაატაროს, გააძლიეროს ნაწილები, სადაც საჭირო არის… მთელი ესტონეთი არის მილიონ სამასი ათასი და ვაჟა სირაძე არის მილიონნახევრიანი, ესტონეთის მოსახლეობაზე დიდი ქალაქის მქონე პოლიციის უფროსი. რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის ჩამოქვეითება?“ – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
გელა გელაძის ახალი საკადრო პოლიტიკა შეეხოთ ძალოვან უწყებაში მრავალი წლის განმავლობაში მომუშავე პირებსაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პოსტს აღარ იკავებს ქეთი კოვზიაშვილი, რომლის სამსახურიდან გაშვებას შსს უარყოფს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება კოვზიაშვილმა „პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო“. მას ამ პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ანა კანკია შეცვლის. თანამდებობის გარეშე დარჩა შს ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მრჩეველი ნინო გიორგობიანიც.