მთავარიგადაცემებიEurope Decodedრამდენად შეუძლია ევროკავშირს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტებით მომარაგება?

რამდენად შეუძლია ევროკავშირს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტებით მომარაგება?

მედიკამენტების დეფიციტი ახალი პრობლემა არ არის, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს დეფიციტი რეკორდულად გაიზარდა.

წამლების დეფიციტი დიდი ხანია პრობლემაა, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს დეფიციტი რეკორდულად გაიზარდა. მიწოდების მტკიცე ჯაჭვი ვეღარ ახერხებს აუცილებელი მედიკამენტების მიწოდებას, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც აუცილებელია ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიის, სიმსივნის დროს საჭირო ქიმიოთერაპიისა და ახალი ტიპის დიაბეტების მკურნალობისთვის. ზოგიერთი მათგანის დეფიციტი ბოლო დროს მცირდება, თუმცა ზოგიერთი მედიკამენტი ისევ არ იშოვება. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ჯანდაცვის პოლიტიკის დღის წესრიგში მოექცა „კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების აქტი“ (Critical Medicines Act).

ეს აქტი ევროკომისიის ახალმა შემადგენლობამ პრიორიტეტად გამოაცხადა, თუმცა პირველი 100 დღის განმავლობაში მოსაგვარებელი საკითხების ნუსხაში არ შეიტანა. თუმცა ჯერარდო ფორტუნა, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს „კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების აქტის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ევრონიუსისთვის, ფიქრობს, რომ რომ ეს აქტი წლის ბოლომდე იხილავს დღის სინათლეს.

ამ აქტის მიზანია, მოაგვაროს კოვიდის კრიზისის დროს წარმოქმნილი დეფიციტი, ხელი შეუწყოს ევროკავშირში მედიკამენტების წარმოებას, დისტრიბუციას, მომარაგებასა და ერთიან შესყიდვებს, ასევე ეროვნულ ადმინისტრაციებს, ფარმაცევტულ სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობას.

მაინც რატომ არის ხოლმე მედიკამენტების დეფიციტი?

ამის მრავალი მიზეზი არსებობს. დაწყებული გეოპოლიტიკური ფაქტორებით, როგორებიცაა კოვიდის პანდემია, უკრაინა-რუსეთის ომი თუ ბრექსიტი, ასევე მოთხოვნის უეცარი ზრდა და გარკვეული დაავადების აფეთქება, ან მიწოდების უეცარი წყვეტა, რაც შესაძლოა ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამო წამლის  გაყიდვიდან ამოღებას უკავშირდებოდეს.

დეფიციტის მიზეზი რაც არ უნდა იყოს, ის პაციენტს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის, რადგან სამედიცინო პროდუქტის მიწოდების პრობლემა საკმაოდ დამთრგუნველია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პოლიტიკოსებმა, ემოქმედათ. ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი ფრანკ ვანდერბრუკი ერთ-ერთია ევროპაში იმ ადამიანებს შორის, რომლებიც „კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების აქტს“ უწყობენ ხელს. ის ხელმძღვანელობდა ევროკავშირში წამლების დეფიციტის მოგვარების საკითხს კოვიდის შემდეგ. საინტერესოა, მაინც რა გავლენა იქონია ამ გამოცდილებამ მის პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე?

„ჩვენ ყველაზე დიდი ბიძგი მოგვცა თრომბოლიტური საშუალებების ერთ-ერთმა ყველაზე მძიმე დეფიციტმა, რაც კი ოდესმე გვქონია,“ – ამბობს ფრანკ ვანდერბრუკი. „იყო პერიოდი, როცა ძალიან გვეშინოდა, რომ პაციენტები დაგვეხოცებოდა ამ მედიკამენტის დეფიციტის გამო. და აღმოვაჩინეთ, რომ სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდებოდა; წარმოება შეწყდა და ვერცერთი მთავრობა ვერაფერს აკეთებდა. ამიტომ 2023 წლის მაისში მოვუწოდეთ, რომ ევროკავშირის დონეზე  დაწყებულიყო ინიციატივა და ევროკავშირის 23 წევრი ქვეყენა შემოგვიერთდა. რაც აჩვენებს, რომ ეს სტრუქტურული პრობლემა ყველგან იდგა“.

მაინც რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება „კრიტიკული მედიკამენტების აქტმა“?

„პირველ რიგში, კარგად უნდა გაარკვიო, რა სუსტი მხარეები გაქვს.“ – განმარტავს  ფრანკ ვანდერბრუკი. „რომელი მედიკამენტების დეფიციტია მოსალოდნელი და რატომ. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაარკვიო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების მიწოდების მხრივ სად იქმნება პრობლემა და უკეთ გაიგო, როგორ მუშაობს მიწოდების ჯაჭვი და რა გამოწვევების წინაშე დგას. ეს პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს. შემდეგ, ცხადია, გამოსავალი უნდა მოძებნო ევროპაში წარმოების ხელშეწყობის კუთხით, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დაფიქრდე, თუ რატომ ექმნება პრობლემა ზოგიერთ საბაზისო მედიკამენტის მოწოდების ჯაჭვს. და როგორ შეიძლება მისი საკუთარ წარმოებაში ჩაშვება. და ბოლოს, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, ნაცვლად იმისა, რომ სხვა წევრ სახელმწიფოს ცხოვრება გავურთულოთ. ეს კი ნიშნავს, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინო მედიკამენტების ეროვნული მარაგის შექმნის დროს. როდესაც ერთი სახელმწიფო ცდილობს საკუთარი თავის დაცვას ეროვნული მარაგის შექმნის გზით, ამან შესაძლოა მეორე სახელმწიფოს შეუქმნას პრობლემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ეროვნული მარაგის შექმნისა და ეროვნულ დონეზე დამცავი ზომების გატარების კუთხით.“

რამდენად გადაწყვეტს ეს აქტი ისეთ პრობლემას, როგორიცაა მეტისმეტად ძლიერი დამოკიდებულება ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი?

„ ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი 70-80%-ით არის დამოკიდებული ისეთ ქვეყნებში ნაწარმოებ პროდუქციაზე, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, მართლაც, პრობლემაა,“ – ამბობს ფრანკ ვანდერბრუკი. „თუ გადახედავ გეოპოლიტიკურ ვითარებას, ამ მხრივ გამოსავალი დიდწილად უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების დივერსიფიცირება. თუ, მაგალითად, რამდენიმე პარტნიორი გეყოლება მესამე ქვეყნებს შორის, რომლებიც დახმარებას შეძლებენ, უკეთ იქნები დაცული. ასე რომ, ჩვენი მიზანი მსოფლიოდან იზოლაცია არ არის. ჩვენი ქვეყნის მიზანია უსაფრთხო მოწოდების უზრუნველყოფა საინტერესო პარტნიორობის საშუალებით, რათა მეტისმეტად არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინეთისა და ინდოეთის მსგავს ქვეყნებზე.“

ამჟამად ისევ დგას კითხვა, მაინც რამდენად შეძლებს ევროკავშირი, რომ მედიკამენტების მიწოდების კუთხით სუვერენული გახდეს? „კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მედიკამენტების აქტმა“ რაც შეიძლება უკეთ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა მილიონობით პაციენტის სასარგებლოდ ევროპაში.

ავტორი: შტეფან გრობე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend