მთავარიგადაცემებიEuropeans' Stories„მწვანე ფოლადი“, როგორც გამოსავალი? - ევროკომისია ევროპული ფოლადის ინდუსტრიას უთანასწორო კონკურენციისგან იცავს

„მწვანე ფოლადი“, როგორც გამოსავალი? – ევროკომისია ევროპული ფოლადის ინდუსტრიას უთანასწორო კონკურენციისგან იცავს

ევროპის მეფოლადეები ბრაზობენ – მათ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. ფოლადის მწარმოებელმა გერმანულმა გიგანტმა  ThyssenKrupp-მა  ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ 11 ათასი დასაქმებულის შემცირებას აპირებს რამდენიმე წელიწადში.

 ამერიკის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა, ელექტროენერგიის მეტისმეტად გაძვირებამ, გლობალურმა ჭარბწარმოებამ და ჩინეთის იაფ ფოლადთან კონკურენციამ  დიდი დარტყმა მიაყენა ევროპული ფოლადის ინდუსტრიას. საკითხავია, რამდენად აქვს მომავალი ევროპის მძიმე მრეწველობას? ევროკომისია ფიქრობს, რომ აქვს და მის გადასარჩენად გეგმაც შეადგინა, სახელწოდებით „ფოლადის სამოქმედო გეგმა.“  

ევროპული მრეწველობის გადარჩენის გეგმა უკვე არსებობს. „სუფთა ინდუსტრიის შეთანხმება“ (‘Clean Industrial Deal’) – ასე უწოდა ევროკომისიამ საკუთარ ინიციატივას. ევროკავშირის ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობისა და დეკარბონიზაციის სტრატეგია იმიტომ შეიქმნა, რომ ევროპული მრეწველობა დაიცვას ენერგიაზე უზომოდ გაზრდილი ფასებისა და უთანასწორო კონკურენციისაგან. განსაკუთრებულად დიდი პრობლემები მრეწველობის იმ დარგებს აქვთ, რომლებიც მეტისმეტად ბევრ ენერგიას მოიხმარენ, როგორიცაა, მაგალითად, ფოლადის წარმოება. თანაც მსოფლიოში ფოლადი უკვე ჭარბი რაოდენობით იწარმოება.

ყველაფერთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საბაჟო გადასახადი გაზარდა. შედეგად, არსებობს რისკი იმისა, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ნაკადმა ამერიკიდან ევროპის ერთიანი ბაზრისკენ გადაინაცვლოს. უცხოელმა მომწოდებლებმა, შესაძლოა, ევროკავშირის ბაზრის დაპყრობა დემპინგური ფასებით სცადონ. დემპინგური ფასის მქონე ფოლადმა ევროპელი ფოლადის მწარმოებლები უთანასწორო კონკურენციაში რომ არ დააზარალოს, ევროკომისიამ ტარიფებისა და კვოტების დაწესებით დამცავი ფარის შექმნა ჯერ კიდევ 2018 წელს გადაწყვიტა.

ახალი დამცავი ინსტრუმენტი –  „კარბონის საზღვარზე გათანაბრების მექანიზმი“ (Carbon Border Adjustment Mechanism) ე.წ. CBAM-ი კი 2026 წელს ამოქმედდება. ეს რეგულაცია  ცემენტის, ალუმინის, რკინისა და ფოლადის არაევროპელ მწარმოებლებს ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის დროს  CO2-ის გადასახადს აკისრებს.

ევროპულ მრეწველობას მომავალი რომ ჰქონდეს, ამისთვის ევროკავშირს 100 მილიარდი ევროს მობილიზება სურს. სასწორზე, ევროპის ინდუსტრიული საძირკვლის გარდა,  კიდევ ბევრი რამ დევს.

გერმანიაში სურთ, რომ ქვეყანა 2045 წლისთვის კლიმატნეიტრალური გახდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ფოლადის წარმოების დროს ქვანახშირის ნაცვლად გამოიყენებენ ელექტროენერგიას ან წყალბადს. ევროკომისია მხარს უჭერს ასეთ გარდაქმნას. გერმანიის ფოლადის მწარმოებელი გიგანტი ThyssenKrupp-იც  ერთგულად იცავს ე.წ. „მწვანე ფოლადის“ კონცეფციას.

მე მხოლოდ ბრძმედის დათვალიერების ნება მომცეს, ისიც დამცავი აღჭურვილობის გადაცმის შემდეგ. ბრძმედში ფოლადის ლავის ტემპერატურა 1500 გრადუსი ცელსიუსია. ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ფოლადის მწარმოებელთა ჯოჯოხეთურ ალს კიდევ ერთ მუგუზალს უმატებს: 25-პროცენტიან ტარიფს, რომელიც, შესაძლოა, კიდევ გაორმაგდეს. მთელი მსოფლიოს ფოლადის მწარმოებლები ღელავენ.  ThyssenKrupp-ი ამერიკაში მცირე რაოდენობით ყიდის ფოლადს. მაგრამ ისინი მაინც პანიკაში არიან: თუ მესამე სამყაროს ქვეყნები აზიიდან, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ფოლადს ამერიკაში ვეღარ გაყიდიან, ისინი ევროპის ბაზარზე შეეცდებიან შესვლას დემპინგური ფასით.

„უპირველეს ყოვლისა, თავი გაუმართლებლად იაფი იმპორტისაგან უნდა დავიცვათ,“ – ამბობს  მარკ შტაგე  Mark Stagge,Thyssenkrupp Steel -ის პრესმდივანი. „ყოველ წელს მსოფლიოში  550 მილიონი ტონა ჭარბი ფოლადი იწარმოება. ჩვენ ნახშირბადის გადასახადის ეფექტიანი მექანიზმი გვჭირდება. და, რა თქმა უნდა, როგორც ეროვნულ, ისე ევროპის დონეზე კონკურენტუნარიანი ფასები უნდა იყოს ენერგიაზე“.

პროფკავშირებმა პირველ შესასვლელთან მეთვალყურეობა დააწესეს. ეროლი და მისი კოლეგები უზარმაზარ დემონსტრაციებს გეგმავენ: მეფოლადეებს სურთ, გერმანიაში ქარხნების დახურვა გააპროტესტონ.

„პირველ რიგში, ჩვენი საწარმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა უნდა გადაიფიქრონ 11 ათასი ადამიანის შემცირება,“ – განმარტავს ეროლ ქიუჩუქარსლანი, IG Metall NRW-ის  პროფკავშირის წევრი. „ ევროპას კი იმას ვეტყოდი, რომ განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული ე.წ. „მწვანე ფოლადის“ კონცეფცია უფრო სწრაფად დაინერგოს“.

ეროლი გვაფრთხილებს, რომ დეინდუსტრიალიზაციის საფრთხე არსებობს: „იმის შემდეგ, რაც მაღაროები დავკარგეთ, ახლა მრეწველობაც რომ დავკარგოთ,  გერმანიისთვის და ევროპისთვის კატასტროფა იქნება“.

თხრობა

ამიტომ ევროკომისიის „ფოლადის სამოქმედო გეგმა“ (Steel Action Plan) ძალიან მკაცრია: ეს არის დამცავი ტარიფი დემპინგურ ფოლადზე. პოლიტიკოსები, მენეჯერები და მუშები თანხმდებიან: ფოლადის წარმოების გადაწყობა შესაძლებელია. პროფესიული კავშირის ლიდერი  ნაბიჯის აჩქარებას ითხოვს.

ტრამპის ფოლადის ტარიფების საპასუხოდ ევროკომისიაც აწესებს ამერიკიდან შემოტანილ პროდუქტზე საბაჟო გადასახადს. ევროპის ფოლადის ინდუსტრია კრიზისშია. ამერიკის ტარიფები და ჩინეთის დემპინგური ფასები საფრთხეს ათასობით დასაქმებულს უქმნის – მათ შორის რურის  რეგიონში, გერმანიის ფოლადის წარმოების გულში. გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტში  შევხვდი გალინა კოლეფშეფერს, კიოლნის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორს, ექსპერტს სავაჭრო პოლიტიკისა და გლობალიზაციის საკითხებში.

„გლობალური ბაზარი წალეკა ე.წ. ნახშირბადის მეშვეობით წარმოებულმა ფოლადმა, რომელიც ზიანს აყენებს კლიმატს. ევროკომისიამ უკევ აღიარა ეს პრობლემა“, – ამბობს გალინა კოლეფშეფერსი. „ევროკომისიამ უკვე შემოიღო ე.წ. ნახშირბადის გადასახადი CBAM-ი, რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან ფოლადის იმპორტით გამოწვეულ ნახშირბადის გამონაბოლქვზე გადასახადს გადაიხდიან“.

მაგრამ „მწვანე ფოლადის“ საწარმოებლად ძალიან ბევრი ენერგია გვჭირდება. საიდან უნდა მოვიტანოთ ეს ენერგია? „ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, საჭიროა განახლებადი ენერგორესურსების გაფართოებაც ევროპაში,“ – განმარტავს გალინა კოლეფშეფერსი. „ასევე გვჭირდება ელექტროგადამცემი ხაზების ქსელის გაფართოებაც სამხრეთ  ევროპაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ შესაძლებელია „მწვანე ფოლადის“ წარმოება ხელსაყრელი პირობებით“.

თუმცა დღეს პრობლემას ამერიკის მიერ ევროპულ ფოლადზე დაწესებული

ტარიფებიც ქმნის. ამაზე ექსპერტს ასეთი პასუხი აქვს:

„ეს ევროპის ფოლადის ინდუსტრიას დიდ დარტყმას აყენებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკაზე მოდის ევროპული ფოლადის ინდუსტრიის ექსპორტის 20 პროცენტი, არამედ იმიტომაც, რომ ევროპის ბაზარზე სულ უფრო მეტი ფოლადი შემოდის ამერიკის ტარიფების გამო“.

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend