მთავარისაქართველო„ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის“ - ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოზე საუბრობს

„ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის“ – ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოზე საუბრობს

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა.

მარტა კოსის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა კონკრეტულმა კანონებმა ხელი შეუწყო საქართველოში ანტიდემოკრატიულ პროცესებს, რამაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრება შეაჩერა.

„საქართველო მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრების გზაზე უკუსვლა შესაძლებელია. შეხსენებაა იმისა, რომ, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსს ვაძლევთ, ეს თავისთავად არ ნიშნავს ევროკავშირისკენ ავტომატურად წინსვლას. მაშინ, როცა ათასობით მოქალაქე ევროკავშირის დროშით მსვლელობებს მართავს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის. საქართველოს მიერ მიღებული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, „მაუწყებლობისა“ და „გრანტების შესახებ“ კანონებთან ერთად ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს.

გასულ კვირას ჩვენს ერთობლივ განცხადებაში მე და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინონ თავიანთი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ, ასევე გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, პროტესტის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ ამას ისევ და ისევ გავიმეორებთ“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ევროკომისარი ამბობს, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დაუბრუნდეს ევრობლოკში გაწევრების გზას.

„პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუკი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად. ამ პერიოდში ჩვენ ნამდვილად უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს“, – განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისარმა, მარტა კოსმა.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო, რის შემდეგაც, პროცედურის თანახმად, ევრობლოკში გასაწევრებლად აუცილებელი მოლაპარაკებების ეტაპზე უნდა გადასულიყო.

2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში უწყვეტი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend