მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა „მოსახლეობის ფართო ფენებზე აისახება“

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა „მოსახლეობის ფართო ფენებზე აისახება“

3 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დასაქმების მაჩვენებლებსა და ეკონომიკის სფეროში ხელისუფლების გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, სტატისტიკური მონაცემები დადებით ტენდენციაზე მიუთითებს და მზარდი რიცხვები „მოსახლეობის ფართო ფენებზე აისახება“.

„ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. 4 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.8% და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ, არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების გაგრძელება. 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში საქართველოში 185 000-ით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე… ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სიღარიბეზეც და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მაჩვენებელი მინიმუმამდეა შემცირებული, ხოლო დასაქმებულთა საშუალო შრომითი ანაზღაურება – გაზრდილი.

„2023 წელს 11.8% იყო სიღარიბის მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით. პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, 9.4%. მინდა შეგახსენით, რომ 2012 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს… გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა. გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდეს. ეს არის აბსოლუტურად რეალური. შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend