მთავარისაქართველოსოფელი დე-ფაქტო საზღვართან

სოფელი დე-ფაქტო საზღვართან

ერგნეთის მცხოვრებლებს პროდუქტისა და წამლების შესაძენად მეზობელ სოფელში წასვლა უწევთ

სიმწვანეში ჩაძირულ ამ ლამაზ სოფელში, სადაც გამუდმებით ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობს. მათი სახლების აივნებიდან ცხინვალი ხელისგულივით მოჩანს – ეს ერგნეთია, სოფელი პირობით საზღვართან.

ადგილობრივები ვიდეოკამერასთან გამოჩენას ერიდებიან, კამერის მიღმა კი ძირითადად ყოფით პრობლემებზე გვიყვებიან.

„ასეთ მივარდნილი და მიგდებული სოფელი მეორე არ არის… რამდენჯერ განაცხადი გავაკეთეთ ტრანსპორტის გამო, მაგრამ ავტობუსს არ გვინიშნავენ – საათ-ნახევარი, ორი საათი ველოდებით ტრანსპორტს, ვერაფერს გავყვებით-ხოლმე და ვბრუნდებით მერე სახლში… ყველას ხომ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მანქანით გადავადგილდეთ. ბევრჯერ ხან გასვენებაში მივდიოდი, ხან სად, ვერ წავსულვარ და მოვბრუნებულვარ ისევ უკან…”

ირკვევა, რომ დე-ფაქტო საზღვრისპირა სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა პრობლემაა საკვებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენაც…

„სულ ტყუილი ლაპარაკი – არაფრის იმედი ჩვენ არ გვაქვს ამ ქვეყანაზე. მაღაზია არ გვაქვს, არ გვაქვს საშუალება, რომ რაღაც ვიყიდოთ, 7-8 კილომეტრის იქითაა მაღაზიები ტირძნისში. თუ გადავალთ და იქ ვიყიდით, ამიტომ ყველაფერს ვიმარაგებთ, მაგრამ როდემდე შეინახება? დასეტყვილი და მიწასთან გასწორებული სოფელია. აფთიაქი ჩვენ არ გვაქვს. ერთი ამბულატორიაა და იქაც კვირაში ერთხელ ხან მოდიან და ხან არა, მაგრამ მთავარი წამალია – აფთიაქი მაინც რომ იყოს, კიდევ რა გვიშავდა, ასე თუ ისე…”

ადგილობრივების ყური სროლის ხმას უკვე დიდი ხანია შეეჩვია – ცხინვალიდან კილომეტრ-ნახევარში მცხოვრებლებს პერიოდულად სამხედრო წვრთნების ხმა ესმით.

„რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ახლა შიგა და შიგ თუ ისმის ხოლმე სროლა… ადრე უფრო მასიურად იყო და ახლა ძალიან არა… ცოტაა ხალხი – 2008 წლის მერე უფრო დაცოტავდა… და ვინც ვართ, ასე ვართ დატანჯულები – მაღაზია არა გვაქვს, აფთიაქი არა გვაქვს. ელემენტარული მოთხოვნით კი ვითხოვთ. ჩავდივართ, მაგრამ ამ მოთხოვნასაც არ გვიკმაყოფილებენ. ვისაც მანქანა არ აქვს სახლში, იმან რა ქნას? მთელი დღეა დაკარგული, ერთ ასანთის ყიდვა რომ დაგჭირდეს… აფთიაქშიც ტირძნისში, ტყვიავში, გორში დავდივართ… ვაი და უცებ დასჭირდეს ადამიანს, ან მოუსწრებენ იმ წამალს, ან უნდა მოკვდეს – აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს”, – გვეუბნება ერგნეთში მცხოვრები ქალი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მისი თქმით, ოჯახების უმეტესობა აქ მხოლოდ სეზონურადღა ჩამოდის.

„ზაფხულის პერიოდში მოდიან ცოტა ხნით შემოდგომამდე, რაღაცას მოიყვანენ და მერე ისევ ქალაქში არიან, აი, ზამთრის პერიოდში რომ მობრძანდეთ, შეიძლება ვიღაც გამვლელიც ვერ ნახოთ სოფელში”.

ერგნეთის სკოლაში ამ დროისთვის 40 ბავშვი სწავლობს, კლასებში ბავშვების რაოდენობა კი თითზე ჩამოსათვლელია.

„ბავშვებიც მეტწილად უკვე ქალაქში ჰყავთ – იქ მეტი შესაძლებლობაა. წელს, მაგალითად, ერთი ბავშვია პირველ კლასში ვინც მიდის, მე-12 კლასი სულ ოთხმა მოსწავლემ დაამთავრა. შარშან არ იყო არავინ პირველ კლასში და ამიტომ წელს მეორე კლასი არა გვყავს. ერთი ბავშვი იყო შარშანაც და მშობლებმა გორში წაიყვანეს, იქ ასწავლიან.

ექსპონატად ქცეული კასეტური ბომბის ფრაგმენტების გარდა დე-ფაქტო საზღვრისპირა პატარა მუზეუმში ათეულობით საინტერესო ნივთი და ფოტოა გამოფენილი. ყველა ეს ექსპონატი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს გვახსენებს. „2008 წლის აგვისტოს მუზეუმი“ ლია ჩლაჩიძემ USAID-ის მხარდაჭერით 2017 წელს გახსნა. რას აღარ ნახავთ აქ: სამხედრო აღჭურვილობას, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, ჭურჭელს  –  ყველაფერს, რაც ომს გადაურჩა და რასაც ომის კვალი ეტყობა.

ლია ჩლაჩიძე

ლია ჩლაჩიძე ცხინვალში დაიბადა, იქვე დაამთავრა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. მეუღლე 1991 წლის საომარი მოქმედებების დროს ერგნეთში დაეღუპა. თავად საცხოვრებლად აქ 2000 წელს გადმოვიდა, 2008 წლის ომის შემდეგ კი საკუთარ სახლში ეს მუზეუმი გახსნა. სიმწვანეში ჩაფლული მისი პატარა სახლი დე-ფაქტო საზღვრიდან ყველაზე ახლოს – რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დგას.

„აი, ახლა მე რომ წავიდე, 15 წუთში ფეხით ვიქნები ცხინვალში. კილომეტრ-ნახევრით ვართ დაცილებულები. აბსოლუტურად ყველანაირად მიბმულები ვიყავით ცხინვალზე – სკოლა, ბაღი, ინსტიტუტი, საავადმყოფო, ბაზარი, მაღაზიები – აბსოლუტურად ყველაფერი იქიდან გვქონდა, სარწყავი წყალიც კი, ელექტროენერგია – იმის შემდეგ ეს კავშირი რომ გაწყდა, ინფრასტრუქტურულადაც ჩვენ აღმოვჩნდით კოლაფსში”, – ამბობს ლია.

2008 წლის საომარი მოქმედებების დროს ერგნეთში საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დაიწვა და განადგურდა, მათ შორის იყო ლია ჩლაჩიძის სახლიც.

„160 სახლი დაიწვა, ადამიანები დაიღუპნენ… იყო გაუსაძლისი სიტუაცია, ომის შემდეგაც… ძალიან რთული გახდა ჩვენი ცხოვრება, ვინც დავბრუნდით – არა ტანსაცმელი, არა პროდუქტი… ყველაფერი იყო დამწვარი და დაფერფლილი, ვიყავით საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად. აბა, რა გითხრათ? აგენტი გახდა სულყველა… ძალიან მძიმეა… არადა, ჩვენ მათ გადაგვარჩინეს… პლუსი რაც გვაქვს, უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ მუდმივი გაზი გვაქვს, აღარ გვიხდება მანქანების ლოდინი, რომ გაზის ბალონები დავტენოთ. წყლის პრობლემაც გადაწყდა – 24 საათი გვაქვს წყალი.

მაგრამ აქ საშიშროება ყოველთვის არის – ფაქტობრივად ჩვენ ვცხოვრობთ დენთის კასრზე, როდის და რა აფეთქდება, არ ვიცით. ქალები ტოვებენ ოჯახებს და მიდიან სხვაგან სამუშაოდ და ძირითადად ეს სოფლები ასაკიანი ადამიანების პენსიითა და შემწეობით ცხოვრობს. ფაქტობრივად ასაკიანი ხალხი ასაზრდოებს ამ სოფლებს, ახალგაზრდები აღარ ჩერდებიან სოფელში იმიტომ, რომ არანაირი განვითარების პერსპექტივა არ აქვთ. შენ თუ აქაურობა მიატოვე და დატოვე, აღარ დასჭირდება ცხინვალს, რუსეთს ომითა და ბრძოლით შემოსვლა.

ლია საუბრობს იმ ყოველდღიურობაზე, რომელიც ერგნეთში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია.

„ის ვერ დაურეგულირებიათ, რომ ვიცოდეთ, რა დროს იქნება ტრანსპორტი, რომ არ იჯდე საათობით და არ ელოდო ან გორში, ან აქედან ვინმე თუ გაგიყოლებს, ან შემთხვევით თუ გამოჩნდა რაღაც, ტრანსპორტია ძალიან სერიოზული პრობლემა – ამაზე ბევრი ვიდავეთ, მაგრამ ვერ დაადგა საშველი. არ არის ინფრასტრუქტურული ობიექტი – არც მაღაზია, არც აფთიაქი, არც პურის საცხობი – არაფერი არ არის… ელემენტარულად რომ გინდა, ორი პური იყიდო, ორ პურში 2 ლარი უნდა გადაიხადო. რომ წახვიდე გორში, 5 ლარი უნდა დახარჯო გორში, აქ ვერ ვყიდულობთ პურს, ან მივდივართ ახლო სოფელში, ან სახლში ვაცხობთ, ან გორში თუ წავალთ, იქიდან გამოვაყოლებთ ხოლმე. სხვა გზა არ არსებობს. მე პირადად პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის და მარშრუტკით ვერ დავდივარ, როცა მჭირდება ექიმთან წასვლა, ტაქსის ვიძახებ და გორში ჩასვლა მიჯდება 40 ლარი. აქ სულ ძირითადად ასაკოვანი ადამიანები არიან… მეც ძალიან მიჭირს სიარული, თუ ჩემი შვილი არ მოვიდა მანქანით, არ მაქვს პროდუქტი. მაგალითად, წინა შაბათ-კვირას ვერ ჩამოვიდა და ძალიან შემომაკლდა… თავს ყველა რაღაცით კი გაიტანს, მაგრამ როცა არ გაქვს არაფრის საშუალება, მიდიან ადამიანები, ძალიან დიდი მიგრაციაა ახალგაზრდების. მარტო ჩემი სახლის ირგვლივ 14 სახლია დაკეტილი. და ვინც ზამთარშიც რჩება, ასეთი სულ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი. დღისით, მზისით სოფელი კვდება! აგერ გორიდან 30 კილომეტრში…

ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ აქ ვცხოვრობ, შენ ნახე და ყველამ თავისი თვალით ნახა, რა გაგიკეთა რუსეთმა და კიდევ რუსეთისკენ გაქვს სწრაფვა. მეუღლე რუსმა მომიკლა, სახლ-კარი რუსმა გადამიწვა და ახლა კიდევ რუსეთი მინდა? არ მინდა! არც აგენტი არა ვარ! მე ჩემი ქვეყნის შვილი ვარ! მე ერთმა ქართველმა რიგითმა ადამიანმა გავაკეთე ეს მუზეუმი, რომ ნახოს მსოფლიომ, ვინ გვყავს მეზობელი. ახლა შესრულდა წლისთავი თამაზ გინტურის, რომელიც იქ მოკლეს ეკლესიასთან. როგორ, მე ჩემს სოფელში ეკლესიაში ვერ უნდა შევიდე? რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს!”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend