ვირუსული დაავადება ე.წ. თურქული, რომელიც ძირითადად შინაურ ცხოველებს ემართებათ, წლის დასაწყისიდან ჯერ გერმანიაში გავრცელდა, შემდეგ უნგრეთში და ინფექციამ ცოტა ხნის წინ სლოვაკეთშიც იფეთქა. რამდენად მომზადებულია ევროკავშირი, რათა დაამარცხოს ეს უკიდურესად გადამდები ვირუსი, რომელიც მუსრს ავლებს საქონლის ზოგიერთ ფერმას?
„თურქული“ ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ვრცელდება მსხვილფეხა საქონელზე, ცხვარზე, თხასა და ღორზე. ეს დაავადება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ დაავადებული საქონელი ძლიერი ტკივილით იტანჯება და მცირე რაოდენობით იძლევა რძესაც და ხორცსაც. შინაური ცხოველების უმეტესობა ინფექციისგან ჯანმრთელდება, მაგრამ ამ უაღრესად გადამდებ ვირუსს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ატარებს. ამიტომ ვირუსის კერის შესაკავებლად აუცილებელია კარანტინი და როგორც დაინფიცირებული, ისე ჯანმრთელი ცხოველის დაკვლა.
ევროპას ვირუსის შეკავების დასარეგულირებლად საკმაოდ ფართო საკანონმდებლო ჩარჩო აქვს, რომელიც მოიცავს საეჭვო საქონლისა და მისგან მიღებული ნაწარმის გაყიდვის შეზღუდვას.
ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ვალდებულია, ჰქონდეს სათადარიგო გეგმა. სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილმა ლაბორატორიებმა უნდა ითანამშრომლონ ევროკავშირის საცნობარო (სტანდარტიზაციის) ლაბორატორიასთან, რათა ექსპერტებმა შეძლონ დახმარება და ვირუსის აფეთქების
თითოეული კერისთვის ყველაზე მართებული გადაუდებელი ზომები განსაზღვრონ. ცხოველების დახოცვა და სავაჭრო შეზღუდვები ხშირად მძიმე ეკონომიკურ დარტყმას აყენებს მთელ ფერმერულ სექტორს.
დაზარალებულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ევროკავშირის საკომპენსაციო ფონდებიდან დახმარება ითხოვონ მას შემდეგ, რაც დათვლიან სრულ ზარალს, რომელიც მიადგა ფერმებსა და მიწოდების ჯაჭვს.
სლოვაკეთში, ინფექცია „თურქული“ სულ მცირე ექვს ფერმაში უკვე აღმოაჩინეს და დაახლოებით 6000-7000 ათასი სული ცხოველი დაკლეს ამ დრომდე.
ასობით ფერმას ზედამხედველობას უწევენ და ყველგან სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. აი, ასეთ დღეშია ვირუსის აფეთქებით დაზარალებული მესაქონლეობის სექტორი, რომელიც ვირუსის გავრცელებისა და პასუხის მოლოდინშია.
დაინფიცირებული პერიმეტრის გარეთ მდებარე რძის ფერმა Agrocontract Mikulas a.s.-ი ჯერჯერობით გადაურჩა დაავადებას. თუმცა თუ ფერმაში ერთი შემთხვევა მაინც დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ იქ მყოფი 6 ათასივე პირუტყვი დაიღუპება, მათ შორის 3 ათასი მეწველი ძროხაც. ფერმასთან მისვლა შეზღუდულია. ფერმაში შემავალ მუშებს და ტრანსპორტს ზედმიწევნით დეზინფექციას უტარებენ, ამბობს ამ ფერმის მესაკუთრე.
“სატვირთო მანქანების საბურავებსაც ვასხურებთ ხსნარს. თანამშრომლებმა ფერმაში შესვლისას გამწმენდი ზონა უნდა გაიარონ, ისინი დღეში რამდენჯერმე იღებენ შხაპს“, – ამბობს მარტინ ზაჰუმენსკი, Agrocontract Mikulas a.s.-ის მფლობელი, ფერმერი. “ძალიან დაძაბულები ვართ. ყოველთვის, როცა ვინმე მირეკავს სხვა ფერმიდან, სიმართლე გითხრათ, სულ ცუდი ამბის გაგებას ველოდებით. ძალიან ცუდად მძინავს. გვადარდებს ჩვენი ბიზნესის ბედი“.
ყოველ წელს ეს ფერმა 35 მილიონ ლიტრა რძეს აწარმოებს. ფერმაში 200 ადამიანია დასაქმებული და ის ძირითადი დამსაქმებელია სლოვაკეთის ამ სოფელში. ფერმა ასევე ფლობს 5500 ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობს, რომელშიც მოჰყავთ მარცვლეული, სოია და ხორბალი ძირითად იმისთვის, რომ გამოკვებონ მეწველი ძროხები, რომლებიც ამ აგრობიზნესის ხერხემალს წარმოადგენენ.
ეს ფერმა, როგორც საოჯახო ბიზნესი, 30 წლის წინ დააფუძნა მარტინის მამამ. ისინი შეშფოთებით ადევნებენ თვალს, თუ როგორ გაანადგურა ვირუსმა სხვა ფერმები რეგიონში.
“ნამდვილად თანავუგრძნობ მათ, ვინც დაზარალდა“, – ამბობს მარიან ზაჰუმენსკი, ფერმერი და Agrocontract Mikulas a.s.-ის ხელმძღვანელი. „ერთ-ერთი დაზარალებული ფერმა ჩვენი მესაქონლეთა ასოციაციის წევრია. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. წარმომიდგენია, რა ტრაგედია დაატყდათ თავს. მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს იმ ადამიანებთან, რომლებმაც გაზარდეს მთელი ჯოგი და ზრუნავდნენ მასზე. ეს წლების განმავლობაში დიდი შრომის ფასად შეძლეს“.
“არსებული ვითარება ყველა ფერმერზე აისახა ეკონომიკურად, რადგან უამრავ ფულს ხარჯავენ დეზინფექციაზე და ბიოუსაფრთხოების სხვა ტიპის ზომებზე,“ – განმარტავს მარტინი. „ამიტომ, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს ზარალი და დაეხმაროს მათ ხარჯის გასტუმრებაში. რაც შეეხება იმ ფერმებს, რომლებშიც საქონლის დახოცვა მოუწიათ, ეს ზარალი ასეთ ფერმებს ძალიან სწრაფად უნდა აუნაზღაურონ, რადგან მთავრობისა და ევროკავშირის დახმარების გარეშე ეს ფერმები ვეღარ შეძლებენ საქმის თავიდან დაწყებას“.
ინფექცია „თურქულის“შესაკავებლად ავსტრიასთან და უნგრეთთან ზოგიერთი სასაზღვრო მონაკვეთი ჩაიკეტა. სლოვაკეთის უნგრეთთან და ჩეხეთთან გამავალი საზღვრის გარკვეული ნაწილი მკაცრად კონტროლდება. მას შემდეგ, რაც კრიზისი დაიწყო, ჩეხეთში მდებარე ეს ლაბორატორია კვირაში ორჯერ იღებს რძის სინჯებს 57 ფერმიდან, რომლებიც სლოვაკეთის ვირუსით დაზარალებულ ნაწილში მუშაობენ. ასეთი ტიპის ანალიზები აუცილებელია, რათა ინფექცია მთელ ევროკავშირში არ გავრცელდეს. ეს ვირუსი საბედისწეროა ცხოველებისა და ფერმებისთვის, თუმცა, როგორც წესი, ადამიანზე არ ვრცელდება, დაჟინებით ამტკიცებს ამ ლაბორატორიის დირექტორი.
“პასტერიზებული რძე და ხორცი, რომელმაც გაიარა დამუშავების პროცესი, განსაკუთრებით, თუ მას საბოლოოდ სითბურად დაამუშავებენ, უსაფრთხოა მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს იან ბარდონი, ოლომოუცის სახელმწიფო ვეტერინარული ინსტიტუტის დირექტორი.
მაინც რამდენად კარგად არის მომზადებული ევროპა, რათა აღკვეთოს ვირუსის გავრცელება ერთიანი ბაზრის ღია საზღვრებს შორის?
“ევროპაში თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზეა. არსებობს ძალიან სწრაფი განგაშის სისტემა, რომლის მეშვეობითაც თითოეული წევრი ქვეყნის ვეტერინარული სამსახური დაუყოვნებლივ იღებს ინფორმაციას“, – ამბობს იან ბარდონი. „ევროკავშირის ფარგლებში მოქმედებს ერთიანი პრევენციის სტრატეგია, თუმცა თითოეულმა ქვეყანამ მას უნდა მოარგოს თავისი სპეციფიკური მონაცემები (კლიმატი და გეოგრაფიული მდებარეობა), ადგილობრივი რესურსები თუ თავად ფერმების მახასიათებლები. მაგალითად, განსხვავებულია მიდგომა იმ ფერმებს შორის, რომელთაგან ერთს 10 ათასი სული საქონელი ჰყავს და მეორეს – მხოლოდ ხუთი ძროხა“.
ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ შეახსენა წევრ ქვეყნებს, რომ გადაუდებელი ზომები მუდმივად უნდა ტარდებოდეს და იცვლებოდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.
ავტორი: ხულიან გომესი