„Tbilisi Open Air 2025”

„Tbilisi Open Air” დასრულდა. ფესტივალის ორგანიზატორები და მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ მუსიკა ნამდვილად ათავისუფლებს.

კარგად ნაცნობი ფესტივალის შემადგენლობა წელს უჩვეულო იყო. გასული წლებისგან განსხვავებით, წელს „Tbilisi Open Air-ის” სცენას მხოლოდ ქართველი არტისტები იკავებდნენ – თანაც ისეთი კოლაბორაციებით, როგორიც აქამდე არ მოგვისმენია.

იმ მუსიკოსებთან, რომლებიც ფესტივალზე თითქმის ყოველ წელს ვხვდებით ხოლმე, სცენა ამჯერად ისეთმა შემსრულებლებმა გაიყვეს, როგორიც, მაგალითად, ნანი ბრეგვაძე და მერაბ სეფაშვილი არიან.

ფესტივალის გზავნილი კი სოლიდარობა იყო – სოლიდარობა ქართველი არტისტების, მედიისა და აქციებისას დაკავებულების მიმართ.

„Tbilisi Open Air თავიდანვე გაჩნდა იმ იდეით, რომ მუსიკა ათავისუფლებს. ამ სლოგანის გარშემო ყოველწლიურად ვერთიანდებით იმ საბაზისო ღირებულებების გარშემო, რაც არის სოლიდარობა…” – ამბობს Tbilisi Open Air-ის მედია მენეჯერი, სოფო ებრალიძე.

სოლიდარულები იყვნენ არტისტებიც და ფესტივალის მონაწილეებიც. 24 და 25 მაისს ფესტივალის მთავარი სცენიდან არაერთხელ გაისმა ფრაზა – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს.” ევრონიუს ჯორჯიას კი არაერთმა არტისტმა უთხრა, რომ სწორედ ეს იყო ის გზავნილი, რომლის მიტანაც მაყურებლამდე ყველაზე მეტად სურდათ.

„ყველაფერი, რაც ხდება, ყველაფერი, რაც ფონად სდევს ამ დღეებს რუსთაველზე, და არამარტო რუსთაველზე – ამაზე გამოხმაურება სცადეს ორგანიზატორებმაც და მუსიკოსებმაც. სულ ვამბობთ ხოლმე, რომ აქაურობის სლოგანი თავის სახელს ამართლებს. მუსიკა მართლა ათავისუფლებს და მუსიკა მართლა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბიძგი და მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდობისთვის – იმისთვის, რომ რაღაცები უფრო ნათელი იყოს”, – ამბობს Skazz-ის წევრი საბა ვაშაყმაძე.

„ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიჭების ციხიდან გამოშვება მგონია. სხვათა შორის, ნებისმიერ ფასად. არ გვაქვს უფლება, მათ ცხოვრება დავაკარგვინოთ. ამიტომ, ეს ბიჭები ნებისმიერ ფასად უნდა გამოვუშვათ. და არა მარტო ბიჭები, ამ ყველაფერში ჟურნალისტებსაც ვგულისხმობ”, – ამბობს მუსიკოსი ,,თამადა’’.

default

უკვე წლებია „Tbilisi Open Air-ის” ნაწილია „თავისუფლების სოფელიც” – სივრცე, სადაც ფესტივალის სტუმრებს საინტერესო დისკუსიების მოსმენის შესაძლებლობა აქვთ. წელს ამ სივრცეში სხვა ორგანიზაციებთან ერთად მედიაც იყო.

ასე შეხვდა „Tbilisi Open Air” საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის იდეაც სწორედ ის იყო, რომ თავი თავი იმ ქართველი მუსიკოსებისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეყარათ, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვას ემსახურებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend