მთავარიმსოფლიოზარი მოსკოვში - ვაშინგტონი მიანიშნებს, რომ მისი მოთმინება იწურება

ზარი მოსკოვში – ვაშინგტონი მიანიშნებს, რომ მისი მოთმინება იწურება

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ურთიერთობებში მორიგი სატელეფონო ზარის დრო დადგა. უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში გამართული შეხვედრების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვს შეუთვალა, რომ საუბარი სურს. კრემლში ზარს ყურადღებით ელიან, თუმცა ამჯობინებენ ამაზე ბევრი არ ისაუბრონ, რადგან ამერიკის კეთილგანწყობაში ცვლილებები მათთვისაც საგრძნობია.

„ეს საუბარი მნიშვნელოვანი იქნება. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს”, -აღნიშნავს სპიკერი კრემლიდან, დიმიტრი პესკოვი.

და არა მხოლოდ ამას, თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკვე დიდი ხანია მოთმინებით ელის რუსეთის პასუხს ერთთვიან ზავზე, თუმცა კის ან არას ნაცვლად ვაშინგტონი მოსკოვისგან დროის გაჭიანურებასა და ფუჭ დაპირებებს იღებს. სწორედ ამიტომ, „ბლუმბერგი” წერს, რომ აშშ-მა ევროპელ ლიდერებთან შეთანხმებით, უკვე შეიმუშავა მოსკოვისთვის გამანადგურებელი სასანქციო პაკეტი. საუბარია 500%-იანი ტარიფების დაწესებაზე აშშ-ში იმპორტზე მომუშავე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისგან ნავთობსა და ბუნებრივ აირს შეიძენენ.  ეს ვარიანტი მაგიდაზე თავიდანვე იდო, იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვის დათმობებამდე მიყვანა გაჭირდებოდა. შესაბამისი პროცესები კაპიტოლიუმშიც დაძრულია. ამასთან, საჯაროდ დონალდ ტრამპი ჯერჯერობით რიტორიკას არც ცვლის.

„ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარის მთავარი საკითხი იმ სისხლისღვრის შეჩერებაა, რომელსაც საშუალოდ 5000-ზე მეტი  რუსი და უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ეწირება. ასევე ვისაუბრებთ ვაჭრობაზე. ამის შემდეგ დაველაპარაკები პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინიდან და მასთან ერთად ნატოს სხვადასხვა წევრს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას და დავასრულებთ ომს, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო. უფალმა დაგვლოცოს”, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ბოლო შეხვედრისგან განსხვავებით,  უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე ღიმილიც იყო და პოზიტიური შეფასებებიც.

ჯეი დი ვენსსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვის გაცვლის საშუალება რომში, ახალი პაპის ინაუგურაციაზე მოხერხდა. იქ მხარეებმა სწორედ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობებზე და იმ ალტერნატიულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომელიც ამის მისაღწევად უნდა გადაიდგას.

„საუბრის დროს განვიხილეთ სტამბოლის მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გამოგზავნა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების მანდატი არ გააჩნიათ. დავარწმუნე ამერიკული მხარე იმაში, რომ უკრაინა მზადაა რეალური დიპლომატიისთვის. ხაზი გავუსვი უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე. შევეხეთ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საჭიროებას. რუსეთზე ზეწოლა საჭიროა, რათა მათ ომი შეაჩერონ”, -აღნიშნა ჯეი დი ვენსთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დასავლურ მედიაში წერენ, რომ პუტინის გეგმებში არა ომის დასრულება, არამედ წლის ბოლომდე 4 უკრაინულ რეგიონზე კონტროლის დამყარებაა. საუბარია დონეცკზე, ლუჰანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე. ასეთი დაშვება მარტივი წარმოსადგენია ევროპელი ლიდერებისთვის, რომლებსაც პუტინის სამშვიდობო განწყობების დიდი ხანია აღარ სჯერა. ისინი ამერიკელ პარტნიორებს საღი აზრისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს. ვიცი, რამდენად აქტიურად ხართ ჩართული ამ ომის დასრულებაში და ამისთვის მადლობას გიხდით. ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერში წინ წავიწიოთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირა ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება“, – უთხრა რომში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.

გარდამტეხი მომენტი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში თუ მორიგი ეპიზოდი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად? ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაგეგმილი სატელეფონო ზარის შემდეგ საკითხის ირგვლივ მეტი სიცხადე გაჩნდება. პუტინთან საუბრამდე კი ოვალური კაბინეტიდან ზარები დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის დედაქალაქებმა მიიღეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend