აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. ისინი 2 საათზე მეტ ხანს საუბრობდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო“.
დონალდ ტრამპი ასევე წერს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება და სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ეს მან ვოლოდიმირ ზელენსკისაც აცნობა.
„დავასრულე ორსაათიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მჯერა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ ცეცხლის შეწყვეტის და რაც მთავარია, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს. პირობებს ორი მხარე მოლაპარაკებების გზით შეათანხმებს, რადგან მათ იციან დეტალები, რომელთა შესახებაც სხვამ არავინ იცის.
საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით. რუსეთს სურს ფართომასშტაბიანი ვაჭრობა აშშ-თან, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება. რუსეთს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს, შექმნას უამრავი სამუშაო ადგილი. მისი პოტენციალი შეუზღუდავია.
ანალოგიურად, უკრაინას შეუძლია დიდი სარგებელი მიიღოს ვაჭრობის კუთხით, ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან საუბრის დასრულებისთანავე ვაუწყე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს. ვატიკანმა, რომელსაც პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებულია უმასპინძლოს მოლაპარაკებებს. დაე, პროცესი დაიწყოს“, – ვკითხულობთ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება პუტინის პოზიციას – როგორც რუსული მედია იუწყება, ვლადიმირ პუტინმა დისკუსიას „გულწრფელი“ და „ძალიან სასარგებლო“ უწოდა. საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა და მზადაა, უკრაინულ მხარესთან ერთად მემორანდუმზე იმუშაოს, რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულებასაც მოიცავს.
„საუბარი შედგა – ის ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ეს ძალიან შინაარსიანი და გულახდილი და მთლიანობაში, ჩემი აზრით, საკმაოდ სასარგებლო საუბარი იყო. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ამერიკის პრეზიდენტს აშშ-ის მხარდაჭერისთვის რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების თაობაზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, უკრაინულმა მხარემ ჯერ კიდევ 2022 წელს შეწყვიტა.
რუსეთი მზადაა, იმუშაოს უკრაინულ მხარესთან შესაძლო სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმზე რიგი პოზიციების განსაზღვრით, როგორიცაა შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ვადები და ა.შ. – მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტაც, თუ შესაბამისი შეთანხმება იქნება მიღწეული.
სტამბოლში შეხვედრისა და მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის კონტაქტები აღდგა. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ზოგადად სწორ გზაზე ვართ”, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე.