თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის პროცესი დასრულდა. მომდევნო სხდომა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 27 მაისს ჩანიშნა.
19 მაისის სხდომაზე მოუსმინეს საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციელს, საბა ნაბახტეველს. მისი თქმით, აქციის მიმდინარეობისას ის იმყოფებოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე, რა დროსაც სახეში ქვა მოხვდა. ადვოკატმა, ბექა ხოხობაშვილმა პოლიციელს აჩვენა საქმეში მტკიცებულებად წარმოდგენილი ერთ-ერთი ვიდეომასალა, რომელშიც ისმის სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების გინება და გაუპატიურების მუქარა.
საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე საბა ნაბახტეველს სასამართლო სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უსმენდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მას სხდომა ისე დაატოვებინა, რომ ყველა ადვოკატს კითხვის დასმის უფლება არ მიეცა. ბრალდებულთა უფლებადამცველებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს. ნინო გალუსტაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სხდომაზე სასამართლომ დაზარალებულის სტატუსის მქონე კიდევ ერთ მოწმე პოლიციელს, ივანე კაპანაძეს მოუსმინა. მისი თქმით, დაზიანების მიღებისას, საპოლიციო ძალებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი არ ჰქონდა გამოყენებული და ადგილზე არც სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული. ადვოკატთა თქმით, ვიდეომტკიცებულებაში, რომელიც ბრალდებულების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს ახლავს, ჩანს, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ტექნიკაა განთავსებული.
სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლეს ბრალდებულებმა რევაზ კიკნაძემ, ანდრო ჭიჭინაძემ და ონისე ცხადაძემ.
„როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?“ – ამ კითხვით მიმართა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელს, ივანე კაპანაძეს. ბრალდებულის კითხვას მან უარით უპასუხა.
პროკურატურის თანახმად, აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი 40 სამართალდამცველი. ისინი აცხადებენ, რომ დემონსტრანტების მხრიდან ნასროლი საგნების, მათ შორის ქვების შედეგად, ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს, თუმცა არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია, ბრალდებულთაგან რომელმა მიაყენა ზიანი. დაცვის მხარის შეფასებით, პროკურატურის მოწმეები წარმოდგენილი არიან ერთმანეთის მსგავსი და დაუსაბუთებელი ჩვენებებით.
11 დაკავებულის – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, რევაზ კიკნაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რუსლან სივაკოვისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე გაერთიანდა. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.