მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ჟურნალისტის ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, პოლიციამ საქმეში მტკიცებულებები გააყალბა.
ჟურნალისტის საჩივარს, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დაჯარიმებას ეხება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ხვალ, 20 მაისს, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
ამასთან, მზია ამაღლობელის ადვოკატები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ და მოუწოდებენ, დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მოხელეების მიმართ, რომლებიც მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში იყვნენ ჩართული.
დღეს, 19 მაისს, ჟურნალისტის უფლებადამცველებმა საზოგადოებისთვის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის დეტალების გასაცნობად პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ საქმეში პოლიციის მიერ წარმოდგენილი ორი ვიდეოჩანაწერი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მისი სისხლის სამართლის წესით დაკავებისასაა გადაღებული.
გარდა ამისა, ადვოკატების თქმით, ვიდეოჩანაწერები ადასტურებს, რომ საქმეში პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის, გოჩა ვანაძის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება.
ადვოკატებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა ჟურნალისტის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სწორედ მისი ადმინისტრაციული დაკავებით არის დასაბუთებული.
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვიდეომასალა გახდა მზია ამაღლობელის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი, ხოლო მისი პირველი დაკავება ასევე დაკავშირებულია სისხლის სამართლის ბრალდების საქმესთან და მისი პატიმრობა დღემდე დასაბუთებულია სწორედ ამ უკანონო ადმინისტრაციული დაკავებით, გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ ახალი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ (ა) პოლიციის მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეოჩანაწერი გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ასახავს პოლიციის მიერ 00:43 საათზე ლ. გაბაიძის დაკავებას, ხოლო მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 22:58 საათზე და (ბ) პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის გ. ვანაძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს.
ვიდეომტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამატებით წარვუდგინეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო საჩივრით მოვითხოვთ სასამართლომ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება”, – ნათქვამია ჟურნალისტის უფლებადამცველების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც ე. წ. სტიკერის გაკვრის ეპიზოდს უკავშირდება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ჟურნალისტი 2 000 ლარით დააჯარიმა.
ამავე ეპიზოდზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მაისს კიდევ ერთი საქმის წარმოება დაიწყო – ამჯერად სხვა მუხლით, რომელიც „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებურ შეცვლას“ ითვალისწინებს.