საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც წინა ხელისუფლების საქმიანობას სწავლობს, 19 მაისის სხდომაზე რამდენიმე პირს მოუსმინა. მათ შორის იყვნენ, ეკონომისტი და პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე და ჭადრაკის მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები განიხილეს. კომისიაზე მისულმა პირებმა განაცხადეს, რომ 26 მაისის აქციის დარბევისას, მაშინდელმა ხელისუფლებამ შეკრებილ მოქალაქეებზე “წარმოუდგენლად სასტიკად” იძალადა.
„ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაცია იყო, ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ იმიტომ, რომ იქ რაც მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა, 9 აპრილიდან დაწყებული რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც დაწყებულა, მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა. სამი კორდონი იყო ჩვენ ირგვლივ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული.
9 აპრილი, ეს საშინელება იმიტომ ვახსენე, რომ კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ და აქ არ ჰქონდათ. ყველა აქცია, რომელიც ჩვენს მიერ არის ჩატარებული, იქნებოდა რეგიონებში თუ თბილისში, არცერთ აქციაზე ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა. ვინც ვიყავით სცენაზე, ისინი ვლაპარაკობდით. ვყვებოდით იმას, რაც ხდებოდა- წამებები, ჩაცხრილვები, დაჭერები, უამრავი ასეთი სიტუაცია იყო. მარტო ვლაპარაკობდით ჩვენ და იქ ხალხი მოდიოდა“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.