მთავარიმსოფლიოუკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეხვდებიან, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები შეხვდებიან, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე

„მე აქ ვარ“ – ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი თურქეთის დედაქალაქიდან და ამ გზავნილის მთავარი ადრესატი ვლადიმერ პუტინი იყო. თუმცა პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზების მიუხედავად, პუტინი, როგორც ჩანს, ანკარაში ჩასვლას არც გეგმავდა.

სტამბოლში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კრემლის დელეგაცია არათუ პირველი პირის, მინისტრების დონეზეც კი არ იყო დაკომპლექტებული. ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე პუტინმა მინისტრების მოადგილეები გაგზავნა, დელეგაციის ხელმძღვანელი კი მისივე თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი იყო.

პუტინის თანაშემწე, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი ჟურნალისტებს ხვდება, რუსეთის საკონსულო სტამბოლში, თურქეთი, 15 მაისის, 2025 წელი Copyright AP Photo/Francisco Seco

უკრაინის პრეზიდენტმა ამ დელეგაციას „დეკორაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი არათუ უკრაინის, არამედ შეერთებული შტატებისა და თურქეთის მიმართაც სრული უპატივცემულობაა.

„მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციის შესახებ შევიტყვეთ, მივხვდით, რომ სამწუხაროდ, ისინი რეალურ მოლაპარაკებებს ძალიან არასერიოზულად უყურებენ. ჯერჯერობით აქ მყოფთა შორის ვერ ვხედავთ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს რეალურად იღებს. აგრეთვე, მინდა შეგახსენოთ, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების წინადადება სწორედ რუსეთისგან მივიღეთ. დონალდ ტრამპის პირადი მხარდაჭერაც ჰქონდა იმ იდეას, რომ ლიდერები ერთმანეთს შეხვედრილიყვნენ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამ კრემლში, როგორც ჩანს, დიდი წყენა გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას და ის დამამცირებლად მოიხსენია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა © AP/TASS Host Photo Agency

„ვინ იყენებს სიტყვა „დეკორატიულს?“ წარუმატებელი კლოუნი და გაურკვეველი განათლების მქონე პირი საუბრობს დიპლომატებზე, რომლებსაც აქვთ არა მხოლოდ საბაზისო აკადემიური ხარისხი, არამედ მიღწევები თავიანთი ქვეყნის სამსახურში. მათ თავიანთი პროფესიონალიზმი საქმით დაამტკიცეს და ის მათ უწოდებს „დეკორატიულს?“ – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსულ დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა, თუმცა დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი მათთან შეხვედრას მაინც გამართავს. შეხვედრები, სავარაუდოდ, 16 მაისს შედგება.

„უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი მოლაპარაკებებზე არ იქნებიან. დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს და მის გვერდით იქნებიან პროფესიონალები – სამხედრო მოსამსახურეები და დაზვერვის ოფიცრები“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დიდი ალბათობით, მოლაპარაკებები მაინც შედგება, თუმცა დიდი მოლოდინები არც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს აქვს. მისი აზრით, შეხვედრა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნდა შედგეს. ამერიკელი მაღალჩინოსანი 15 მაისს თურქეთში ჩავიდა, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, იქნება თუ რა ის ჩართული რაიმე სახის მოლაპარაკებაში.

„მინდა გულწრფელი ვიყო, არ გვაქვს დიდი მოლოდინები. გულახდილად რომ ვთქვა, სრულიად ნათელია – ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ გარღვევა გვექნება, პრეზიდენტი ტრამპისა და პრეზიდენტი პუტინის შეხვედრაა. ამ საკითხში გარღვევისთვის, ჩართულობის ასეთი დონეა საჭირო. არ ვფიქრობ, რომ რაიმე პროდუქტიული მოხდება მანამ, სანამ ისინი არ ჩაერთვებიან გულახდილ და პირდაპირ დიალოგში, რომლისთვისაც ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი მზადაა“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და ვიზიტის დასრულების შემდეგ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტზე დასასწრებად ალბანეთში გაემგზავრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend