ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს. მათ სიცოცხლისთვის საჭირო სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება მას შემდეგ აღარ მიეწოდებათ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით USAID-ის პროგრამებს დაფინანსება შეუწყვიტა.
დახმარებას ვეღარ იღებს ქალაქ დიკვაში მცხოვრები იაგანა ბულამა. მას აგვისტოში ტყუპები გაუჩნდა, ორივე მათგანი წონით ძალიან პატარა დაიბადა. იაგანასა და მის ოჯახს USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია Mercy Corps ეხმარებოდა. ორგანიზაცია მათ მზა სპეციალური საკვებითა და მედიკამენტებით ამარაგებდა. თუმცა როდესაც თებერვალში ტყუპებს მკურნალობა ესაჭიროებოდათ, Mercy Corps-მა მუშაობა შეწყვიტა.
„მთლიანად ჰუმანიტარულ დახმარებაზე ვიყავი დამოკიდებული. რვა თვის წინ ტყუპები გავაჩინე. სამწუხაროდ, ორივეს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. Mercy Corps-ის ჯგუფმა ამბულატორიულ თერაპიულ პროგრამაში ჩაგვრთო. დაახლოებით 3-კვირიანი მკურნალობის შემდეგ პროგრამა უეცრად შეწყდა. ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტრაგიკულად გაუარესდა, ერთი მათგანი დაიღუპა“, – ამბობს იაგანა ბულამა.

ქალაქ დიკვაში ერთადერთი ჰუმანიტარულ ორგანიზაცია, რომელიც არასწორი კვებით გამოწვეულ დაავადებებს მკურნალობს, იტალიური INTERSOS-ია. თუმცა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პაციენტებს სათანადოდ ვერ მკურნალობენ, რადგან USAID-ის დაფინანსების შეჩერების შემდეგ მათ 20-მდე თანამშრომლის გაშვება მოუწიათ.
„USAID-ის, სხვა დონორების დახმარებით, ბევრი რამ კეთდებოდა. თუმცა, დაფინანსების მკვეთრი შემცირებით, ის რაც აქამდე გაგვიკეთებია, ფაქტობრივად, ნადგურდება. ახლა უფრო მეტი პაციენტი მოდის სხვადასხვა გართულებითა და ჩივილით, განსაკუთრებით ისინი, ვისაც შიმშილით გამოწვეული პრობლემები აქვს”, – ამბობს ორგანიზაცია INTERSOS-ის წარმომადგენელი, აიუბა კაუჯი.
ნიგერიაში თავშესაფრებისა და მხარდაჭერის გარეშე პაციენტებს წასასვლელი არსად აქვთ. ნიგერიაში გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დაფინანსების შემცირების შემდეგ გაჭირვებული ბავშვების რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო მათი დახმარების რესურსები განახევრდა.
„დახმარების 70% საფრთხეშია, თუ ის უკვე სრულად გამქრალი არ არის. ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება არა ხვალ, არამედ დღეს, რომ შევძლოთ ამ ბავშვების გადარჩენა. მართლაც, საშინელი ვითარებაა. ამ პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა თანამშრომლობაა – საერთაშორისო საზოგადოების, ნიგერიულ ორგანიზაციებისა და ნიგერიის მთავრობის თანამშრომლობა. საჭიროა სიახლეები. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, გამოვნახოთ ახალი გზები”, – განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ტრონდ იენსენმა.
ნიგერიის ჰუმანიტარული კრიზისი უფრო მასშტაბური საერთაშორისო ჰუმანიტარული კრიზისის ნაწილია, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის დაფინანსება შეწყვიტა. დაფინანსების გარეშე კი, ნიგერიაში შიმშილის ზღვარზე მყოფ ოჯახებს დახმარების ერთადერთი წყაროც შეუჩერდათ.