თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2025 წლის სექტემბერში დასრულდება
კადრი, რომელიც საშინელებათა ფილმის ფრაგმენტს გვაგონებს, თბილისის გარეუბნის მცხოვრებთა ყოველდღიური რეალობაა. მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერის დემონტაჟისა და მისი რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც 2022 წლის დეკემბერში, 2 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო, ბოლო კვლავაც არ უჩანს.
მეტროსადგურის მდგომარეობით უკიდურესად შეწუხებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
„წვიმა ჩამოდის, არ არის უსაფრთხო!“
ევრონიუს ჯორჯიამ ვარკეთილის მეტროსთან ახლოს, მეტროსადგურიდან მომავალ მოქალაქეების აზრი მოისმინა.
“როდემდე იქნება ასე არ ვიცი, ყველგან გაკეთდა როგორც საჭიროა და აქ ჯერჯერობით რაღაც შეფერხებაა”..
“უსაფრთხოებაზეც ვერაფერს გეტყვით და რას ჰგავს აბა? ასე მგონია რაღაც დამეცემა – ზემოთ ისეა, ძალიან ცუდ დღეშია”
“ამდენი ხანი რომ არ არის გაკეთებული, ძალიან ცუდია. მე შედარებით იშვიათად ვსარგებლობ მაგრამ ვინც სარგებლობს, მათგან ვიცი, რომ ძალიან ცუდ დღეშია მეტრო”…
“უსაფრთხო შეიძლება იყოს, მაგრამ ეთიკურად რა სილამაზეა ეს? დროა უკვე რომ გაკეთდეს” – ამბობენ მოქალაქეები.
„ღამის საათებში როცა მეტრო იხურება 600-მდე ჩვენი თანამშრომელი სწავლობს ყველა გვირაბს ყველა სადგურს, ყოველდღიურად მოწმდება ეს სადგურიც და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს“, – ამბობს თამაზ რობაქიძე, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
მეტროსადგურის უსაფრთხოებისა და მისი რეაბილიტაციის თაობაზე კითხვებით ევრონიუს ჯორჯიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიაკითხა. ოფიციალური ინფორმაციით, მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში იგეგმებოდა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, პროცესის გაჭიანურება დამატებითი კვლევების აუცილებლობამ განაპირობა.
„როდესაც მოხდა დემონტაჟი, აღმოჩნდა, რომ რკინა-ბეტონის კონსტრუქციასაც ჰქონდა ხარვეზები, ამიტომ მოვიწვიეთ დამატებითი ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან. მათ დაადასტურეს ხარვეზი და დამატებითი კვლევების რეკომენდაცია გასცეს. აღმოჩნდა, რომ ასეთ რთულ კვლევებს საქართველოში ვერავინ ატარებდა, ამიტომ, საბოლოოდ, მოვიძიეთ უცხოური, რომელსაც ჰყავს წარმომადგენლობა საქართველოშიც. ეს კომპანია ახლაც ატარებს კვლევებს – მას დაევალა ყველა ხარვეზის აღმოჩენა და ახალი პროექტის მომზადება. უახლოეს დღეებში დასრულდება ეს პროექტიც. ტენდერი თავიდან მხოლოდ ქოლგის – ჭერის შეცვლაზე იყო გამოცხადებული , თუმცა მისი მოხსნის შემდეგ გამოჩნდა, რომ რკინა-ბეტონის კონსტრუქციასაც აქვს პრობლემები და ამიტომ მოხდა დამატებითი კვლევების ჩატარება“, – ამბობს თამაზ რობაქიძე.
რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდა კიდევ ორი მეტროსადგურის შემთხვევაში. მეტროსადგურ ავლაბრის განახლებას – ორ წელიწადზე მეტი, გოცირიძის ხელახლა გახსნას კი თითქმის სამი წელი დასჭირდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვარწმუნებენ, მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია საბოლოოდ 2025 წლის სექტემბერში დასრულდება.