მთავარისაქართველოაქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე სასამართლოში ორი პოლიციელი გამოიკითხა

აქციებისას დაკავებული 11 პირის საქმეზე სასამართლოში ორი პოლიციელი გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

დღეს მხარეთა შეკითხვებს პროკურატურის ორმა მოწმემ – პოლიციელებმა ნიკოლოზ ხურცილავამ და ლაშა იუღლიშვილმა უპასუხეს. მათ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

ორივე პოლიციელი დაზარალებულადაა მიჩნეული აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეშიც, რომლის ფარგლებშიც გუშინ გამართულ პროცესზეც გამოიკითხნენ.

ორივე სხდომაზე მათ თქვეს, რომ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების მიერ ნასროლი ქვა მოხვდათ და დაშავდნენ, თუმცა არ იციან, არიან თუ არა დაკავებულებს შორის ის პირები, ვინც ისინი დააზიანა.

წინა სხდომაზე, მხარეთა კითხვებს უკვე უპასუხა დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა გიორგი ზაბახიძემ. მან სხდომაზე განაცხადა, რომ 28 ნოემბრის აქციაზე მარჯვენა თვალში ქვა მოხვდა, რის შედეგადაც მხედველობა თითქმის სრულად დაკარგა. თუ ვის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა, არც მან იცის.

პროკურატურა აქციებისას დაკავებულ 11 პირს, რომელთა საქმეც ერთ წარმოებად განიხილება, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

დაკავებულთაგან ბრალს არცერთი აღიარებს.

საქმეზე შემდეგი სხდომა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 19 მაისს ჩანიშნა. მომდევნო პროცესზე პროკურატურის სამი მოწმე უნდა გამოიკითხოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend