პარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერების თქმით, აშშ-ში მიღებული „MEGOBARI აქტის“ დოკუმენტის ერთგვარი პასუხია.
ამ რეზოლუციის მიღებამდე გაიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც დოკუმენტის შინაარსი დეპუტატებსა და საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავად გააცნო.
განცხადება პარლამენტმა 87 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBAR აქტს“ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრულ აქტად აფასებს.
დოკუმენტში საუბარია ე.წ. Deep State-ზე და მასში ნათქვამია, რომ ე.წ. Deep State-ი და მისი ინსტიტუტები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ.
პარლამენტის შეფასებით, ე.წ. “მეგობარი აქტი“ სამ ცრუ ბრალდებას ეფუძნება, რომ ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს “რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“.
“დასანანია, რომ კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა – ჯორჯ ვაშინგტონმა, ტომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა, ჯეიმზ მადისონმა და სხვებმა ჩაუყარეს საფუძველი და რომელიც ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად იყო ცნობილი, 2025 წლის 5 მაისს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში მძიმედ შელახა”, – წერია რეზოლუციაში.
“ქართული ოცნების” გუნდის მიერ წარმოებულ პოლიტიკას აკრიტიკებენ პოლიტიკოსები ოპოზიციიდან. მათი შეფასებით, მმართველი პარტია უკვე დიდი ხანია აცდენილია პარტნიორებთან ურთიერთობის ადა დემოკრატიის გზას, რასაც ეს რეზოლუციაც ადასტურებს.
„კარგად ჩანს, არალეგიტიმურ პარლამენტში და „ქართული ოცნების” დერეფნებში, როგორ პანიკას იწვევს „MEGOBARI აქტის“ მიღების პროცესი და რამხელა ზიანს იღებენ ისინი ამ პოლიტიკური ნაბიჯიდან. ეს ჩანს იგივე იმ სამარცხვინო და უბადრუკ წერილში, რომელიც გუშინ, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს დააწერინა. რა თქმა უნდა, არანაირი რეალური გავლენა პროცესზე არ ექნება იმას, თუ რა წყევლა-კრულვით მიმართავენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ცხადია, რომ ის პოლიტიკური დარტყმა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე” „MEGOBARI აქტი” ახდენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა, ამ ქცევაში და ისტერიაში, რომელშიც უკვე რამდენიმე დღეა ჩავარდნილები არიან”, – განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.