„საკანი 84, საკანი, სადაც პატარა რუსთაველი გვაქვს მოწყობილი. საკანი, სადაც მხოლოდ პოლიტპატიმრები ვართ და რეჟიმის ტყვეების გარდა აქ ვერავინ შემოვა. ჩემი საწოლის თავზე გაკრულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ზვიად გამსახურდიას, გიორგი ანწუხელიძის, გალაკტიონის სურათები, ასევე ფოტოები აქციიდან…”- ეს სიტყვები, 84-ე საკნის პატიმარს, რეზო კიკნაძეს ეკუთვნის.
და ახლა მათი წაკითხვა, გაზეთშია შესაძლებელი, გაზეთში რომელსაც ჰქვია – „თავისუფლების ხმა ციხიდან“. ამ გამოცემაში, მათი წერილებია დაბეჭდილი, ვინც თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გაზეთის პირველ ნომერში 18 პატიმრის წერილია.
დღეს დაკავებულთა ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ, რათა გაზეთის გამოცემა საზოგადოებისათვის ემცნოთ.
„მათეს წერილში ნათლად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია პირადად მათე, და რომ ყოველდღიურად უწევს ბრძოლა იმ სიბნელესთან რაც მის გარშემოა. არ ნებდება და მაგალითს გვაძლევს, რომ ვინც გარეთ ვართ, არ დავნებდეთ. უნდა ვიბრძოლოთ იმიტომ, რომ გამარჯვება ახლოსაა და ჩვენი ამდენი ბრძოლა არ ჩაივლის უკვალოდ“ – ამბობს ელენე დევიძე, მათე დევიძის და.
„წერილებიდან კვლავ გადავლენ აუდიტორიებში და გააგრძელებენ სწავლას, ამის იმედი მაქვს. ისინი არიან სინდისის პატიმრები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ქვეყნის სიყვარული დანაშაულია? პატრიოტები არიან და ამისთვის ისჯებიან“, – აცხადებს ნარგიზ დავითაძე- ზვიად ცეცხლაძის დედა.
ინიციატივის ავტორები ქალები არიან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თეონა ჭალიძე და ბარბარა ჯიმელი სულაშვილი – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები; მედეა მეტრეველი, „ლელო ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი და ანა გოგოლაძე, პარტია „ახალის” წევრი. ისინი ამბობენ, რომ კიდევ არაერთი ნომერი დაიბეჭდება, „რათა საზოგადოებას იმ პატიმრების ხმა მიაწვდინონ, ვინც საპატიმროში პროტესტის გამოხატვის გამო, პოლიტიკური ნიშნით მოხვდა”.
„მათ წერილებს წაკითხვის შემდეგ ვხედავთ, რომ დღეს ციხეში სხედან ამ ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივრები… გვინდა, ეს ადამიანები საქართველოს მოსახლეობამ კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს და მიხვდეს რამდენად გულწრფელია ამ ხალხის ბრძოლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის” – აცხადებს ანა გოგოლაძე, იდეის ერთ-ერთი ინიციატორი, პარტია „ახალის“ წევრი.
„ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში თავისუფლებისთვის, ყველა გზა გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებისთვის. ძალიან ბევრს არ აქვს სოციალური ქსელი, არ აქვს წვდომა ტელევიზიასთან, ამიტომაც გაზეთი არის უალტერნატივო წყარო, რომ ინფორმაცია და რეჟიმის ტყვეების გზავნილები ყველა მოქალაქემდე მივიდეს“ – ამბობს მედეა მეტრეველი, იდეის ერთ-ერთი ინიციატორი, „ლელო-ძლიერი საქართველო-ს“ წევრი.
გამოცემის „თავისუფლების ხმა ციხიდან“ ინიციატორები ამბობენ, რომ გაზეთის შემდეგ ნომრებში, კვლავ დაიბეჭდება საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა წერილები. მათ იმედი აქვთ, რომ ამ გზით, საზოგადოება უფრო მეტს გაიგებს იმ პატიმრების შესახებ, რომლებიც საპროტესტო აქციებზე დააკავეს და რომელთა სასამართლო პროცესებიც თვეებია გრძელდება.