მთავარიმსოფლიოპაკისტანი და ინდოეთი ერთმანეთს კვლავ „სერიოზულ პროვოკაციებში” ადანაშაულებენ

პაკისტანი და ინდოეთი ერთმანეთს კვლავ „სერიოზულ პროვოკაციებში” ადანაშაულებენ

როგორც პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ინდოეთის არმიამ იერიშები 7-8 მაისის ღამეს დაიწყო და ამჯერად აქტიურად იყენებს „ჰაროპის“ ტიპის თვითმკვლელ კამიკაძე დრონებს. 

პაკისტანის თავდაცვის უწყების მიერ ერთ-ერთი ბოლო განცხადების მიხედვით, მათ ინდოეთის არმიის 25 დრონი გაანადგურეს.

ისლამაბადი კვლავ ამტკიცებს, რომ ინდოეთი მშვიდობიან მოქალაქეებს ესხმის თავს, რაც კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას სძენს ამ კონფლიქტს.

„ამ წუთებშიც ინდოეთი ჰაროპის ტიპის  დრონებს უშვებს, ეს უტიფარი სამხედრო აგრესია  გრძელდება. პაკისტანის შეიარაღებული ძალები მობილიზებული არიან და რეალურ დროში ახერხებენ მტრის იერიშების განეიტრალებას. 

ეს არის სერიოზული პროვოკაცია. სავარაუდოდ, ინდოეთმა დაკარგა სტრატეგიული მიმართულება. რაციონალური გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, ინდოეთი კიდევ უფრო აღვივებს დაძაბულობას ისედაც ადვილად აალებად გარემოში — მხოლოდ იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მმართველი ელიტის მანიაკური ამბიციები. საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად შეუძლია დაინახოს, რა კურსს ირჩევს ინდოეთი უკიდურესად პროვოკაციული სამხედრო აგრესიით ისეთ რეგიონში, რომელიც უკვე მყიფეა. ამით კი საფრთხე ექმნება როგორც რეგიონულ,  ისე გლობალურ უსაფრთხოებას“, – ამბობს პაკისტანის არმიის პრესსპიკერი, აჰმედ შარიფ ჩოუდჰარი.

თვითმკვლელი დრონი „ჰაროპი“, რომელზეც პაკისტანი საუბრობს, ისრაელის წარმოების უპილოტო საფრენი აპარატია. ეს შეიარაღება ინდოეთის არმიაში 2007 წლიდანაა. მისი მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრამდე შემოიფარგლება.

თავად ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ ინდოეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ უტევს. მათი მტკიცებით,  შეიარაღებული ძალები   პაკისტანის იერიშების შესაბამისად მოქმედებენ.

7–8 მაისის ღამეს პაკისტანმა სცადა, ჩრდილოეთ და დასავლეთ ინდოეთში დრონებისა და რაკეტების გამოყენებით სხვადასხვა სამხედრო ობიექტზე  მიეტანა იერიში.  ინდოეთის   საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით გაანეიტრალეს ეს შეტევები. ნამსხვრევები სხვადასხვა ადგილზე იპოვეს, რაც პაკისტანის მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას ადასტურებს. დღეს დილით ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანში მდებარე საჰაერო თავდაცვის რადარებსა და შესაბამის სისტემებს შეუტიეს.  ინდოეთის საპასუხო მოქმედება იმავე სფეროსა და ინტენსივობის იყო, როგორიც პაკისტანის თავდასხმები. სანდო წყაროების თანახმად, ლაჰორში განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემა განეიტრალდა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე ინდოეთისა და პაკისტანის  შეიარაღებული ძალები კვლავ მზადყოფნაში არიან. სახმელეთო ოპერაციების შესახებ ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება, თუმცა პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა ათაულა თარარმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მათ არამხოლოდ მოწინააღმდეგის დრონები გაანადგურეს, არამედ იერიში მიიტანეს ქვეითი ბრიგადის შტაბზეც – „ჩვენ არა მხოლოდ გავანადგურეთ მოწინააღმდეგის 40 თუ 50 ჯარისკაცი, არამედ ავაფეთქეთ მათი ბრიგადის შტაბებიც. მე არ ვსაუბრობ ქვედანაყოფზე. ეს უდიდესი მიღწევაა კონვენციური ომის წარმოებისას,  როდესაც ანადგურებ მთლიანად ბრიგადას.  კონვენციურ ომში ეს დიდი გამარჯვებაა.“

ინდოეთის შეიარაღებული ძალები ამ ფაქტს ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ სამხედრო ძალებზე იერიშებს.

საბრძოლო დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონვენციური იარაღის გამოყენებით გრძელდება. ასეთი საშუალება ორივე ქვეყნის არმიაში მრავლადაა.

ჯერჯერობით არ არსებობს  იმის ნიშანი,    რომ კონფლიქტში გამოჩნდება არაკონვენციური შეიარაღებაც, მაგალითად, ბირთვული არსენალი, რომლითაც ასევე კარგად არიან აღჭურვილი  დელიც და ისლამაბადიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend