NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „NATO-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა.
სტუმრებს უმასპინძლა სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ. საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და NATO-ს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბის სამხედრო თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა მარტინ რემესმა.
მათ NATO-საქართველოს ურთიერთობებში სწავლების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს პროცესი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს ხელს შეუწყობს, რათა გააუმჯობესონ ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებები.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება თანამშრომლობის გაღრმავებას, გამჭვირვალობის გაძლიერებას, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთნდობის განმტკიცებას ემსახურება.
„ეს სწავლება დიდი მიღწევაა ორივე მხარისთვის, როგორც NATO-სა და მისი მოკავშირეებისთვის, ისე საქართველოსთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებისთვის. ვფიქრობ, 2014 წელს, უელსის სამიტზე NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალებმა მოკავშირეების მხარდაჭერით, ძალიან დიდი პროგრესს მიაღწიეს. შედეგი შეგვიძლია ახლა ვნახოთ. „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ სწორედ ამ ხანგრძლივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის შესანიშნავი შედეგია“ – განაცხადა გენერალმა მარტინ რემესმა, ალიანსის ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბის (SHAPE) წარმომადგენელმა.