მთავარიგადაცემებიEuropeans' Storiesევროპას ინოვაციური თავდაცვისა და უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება სურს

ევროპას ინოვაციური თავდაცვისა და უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება სურს

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ევროპას სურს კონფლიქტის მოგერიების უახლესი მეთოდები აითვისოს და ინოვაციურ-ტექნოლოგიური თავდაცვის ბაზა შექმნას.

ევროპის ჯარი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ახალ ტექნოლოგიებზე, რათა გაზარდოს თავისი საოპერაციო ეფექტიანობა, უკეთ დაიცვას თავი და დაასუსტოს მტერი. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების რამდენიმე ძირითადი კატეგორია: ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია, უსწრაფესად გააანალიზოს მონაცემთა ძალიან დიდი რაოდენობა. ეს მექანიზმი საშუალებას მისცემს სამხედროებს, უკეთ განსაზღვრონ საფრთხეები და გააუმჯობესონ ოპერატიული ეფექტიანობა; რობოტიკა და ავტონომიური სისტემები, როგორებიცაა სატრანსპორტო რობოტები, ბატარეების დამტენი სადგურები და დრონები –   ძალიან პოპულარულია;  ექსოსკელეტონები (Exoskeletons), რომლებიც ამჟამად  გადის განვითარების ეტაპს, ჯარისკაცებს კიდევ უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს; ზებგერითი იარაღი, რომელიც ძალიან მაღალ სიჩქარეს ავითარებს დიდ მანძილზე და მტრის თავდაცვის სისტემას ძალიან უჭირს მისი პოვნა. ახალი მასალები და წარმოების ახალი პროცესი, როგორიცაა, მაგალითად, სამგანზომილებიანი პრინტერი, ჯარისკაცებს უფრო გამძლე და ეფექტიან აპარატურას მიაწოდებს. და ბოლოს, კვანტური ტექნოლოგია უამრავ ახალ შესაძლებლობას უხსნის კარს: მისი დახმარებით მარტივია ძალიან მაღალი ხარისხის გამოთვლები, დაშიფვრა, თვალთვალი და ობიექტის პოვნა ზემგრძნობიარე სენსორებით, რომელთა შეუმჩნევლად განთავსებაც შესაძლებელია როგორც წყალქვეშ, ისე ხმელეთზე.

„ევრონიუსის“ კორესპონდენტი ვალერი გორია  პოლონეთში ჩავიდა –  ქვეყანაში, რომელმაც თავდაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა ევროკავშირის საბჭოს როტაციული საპრეზიდენტო ვადის დროს.  ვარშავა, ისევე როგორც მრავალი ევროპული ქვეყანა, თავდაცვის მიზნით ახალი ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჰაკატონი, რომელიც ვარშავაში ჩატარდა. სტუდენტები, ინჟინრები, მეცნიერები და სტარტაპების დამფუძნებლები – სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი დაახლოებით 200 ჰაკერი დაესწრო ამ ღონისძიებას, რომლის განმავლობაშიც ტექნოლოგიური პროექტი 24 საათის განმავლობაში უნდა წარადგინონ. მათ შორის უკრაინელებიც არიან.

“ჩვენ ვქმნით თავდაცვის ინოვაციების ქსელს, რათა დავაინტერესოთ ახალგაზრდები, რომ იმუშაონ ისეთ თემებზე, რომელთაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ, იმუშაონ უსაფრთხოების სასწრაფო და გადაუდებელ საკითხებზე. ევროპა უნდა გამოფხიზლდეს; ჩვენ უნდა გვქონდეს თავის დაცვის საშუალებები“ – ამბობს ბენჯამინ ვოლბა, ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიური ჰაბის ( European Defense Tech Hub ) თანადამფუძნებელი.

ამ ჰაკატონის ფარგლებში წარდგენილ საერთაშორისო პროექტზე შორის იყო პროგრამული რადიო, რომელიც აკონტროლებს მტრის პოზიციებს. გამომგონებელთა ერთმა გუნდმა ერთმანეთთან დააკავშირა ხელოვნური ინტელექტი და ფაგოთერაპია, რომელიც ვირუსების საშუალებით ანადგურებს ბაქტერიებს, რათა უკრაინელ ჯარისკაცებს ინფექციისაგან სწრაფად განკურნების საშუალება მისცენ.

უკრაინელმა სტუდენტებმა შექმნეს ავტონომიური მრგვალი რობოტი, რომელიც  თავდასხმის ოპერაციებს აწარმოებს, ასევე დრონი, რომელიც იარაღსა და ტყვია-წამალს აწვდის.

„ჩემი აზრით, ევროპა სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეს“, – ამბობს ილია ავერჩენკო, კომპიუტერული ინჟინერი უკრაინიდან. „ავტონომიური სისტემების მიმართულებით, რადგან ეს არის მომავალი. ამ გზით შეგიძლია ადამიანი გადაარჩინო, თუ ომი იქნება. ადამიანის ნაცვლად რობოტი იბრძოლებს“.

ჰაკატონის მონაწილე პორტუგალიელი დეველოპერებიც ტექნოლოგიური ამოცანის გადასაჭრელად ჩამოვიდნენ, თუმცა საკუთარი იდეალების დაცვასაც აპირებენ.

“ჩვენ გაწაფულები ვართ სისტემის ინჟინერიაში, ნავიგაციასა და კომპიუტერულ გამოსახულებაში“, – განმარტავს  ჟუან გონსალუ სილვა, კოსმოსური ფრენის დინამიკის ინჟინერი. „მაგრამ, ამ ყველაფრის გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ფასეულობები. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რისიც გვჯერა – ჩვენი, როგორც ევროპელების, თავისუფლებისთვის“.

უახლესი ტექნოლოგიები, სამხედრო ოპერაციების გარდაქმნის გარდა, ახალ საფრთხეებსაც ქმნის ომის ველიდან საკმაოდ შორს.

კიბერშეტევები, ენერგოინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, სულ უფრო სერიოზული ხდება კოსმოსიდან მომავალი კონკრეტული საფრთხეები, ამბობს ფედერიკა ვალენტე, ევროპის თავდაცვის სააგენტოს კვლევის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის კოორდინატორი.

ამიტომ მისი აზრით, ევროპამ უნდა დააჩქაროს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, რათა შესაბამისი პასუხი გასცეს არსებულ საფრთხეებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ფინანსური პრობლემების აღმოფხვრაც: უნდა შეწყდეს თავდაცვაში ჩადებული ინვესტიციების დანაწევრება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, უნდა ამოივსოს სამოქალაქო და თავდაცვის ტექნოლოგიებს შორის არსებული ნაპრალი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ევროპაში, რადგან სამოქალაქო ტექნოლოგიები გაცილებით სწრაფად ვითარდება. და ბოლოს, ისევ პრობლემად რჩება წვდომა კაპიტალზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში დამწყებ სტარტაპებსა და კომპანიებს უჭირთ ინვესტორების პოვნა, რომლებიც თავდაცვის ბაზრით იქნებოდნენ დაინტერესებული. ამ ყველაფერს ემატება თავდაცვის ხარჯი, რომელიც არ არის საკმარისი ან დროული.

„ნამდვილად გვჭირდება კოორდინაცია, რათა თავდაცვის ეს  ინვესტიციები სულ უფრო მეტად მივმართოთ თავდაცვაში ინოვაციური ნაბიჯებისკენ“, – ამბობს ვალენტე.

ავტორი: ვალერი გორია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend