მთავარიევროპასლოვაკეთისლოვაკეთში ე.წ. უცხოური აგენტების კანონს აპროტესტებენ

სლოვაკეთში ე.წ. უცხოური აგენტების კანონს აპროტესტებენ

სლოვაკეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. სლოვაკეთის მოსახლეობა ქვეყნის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, კანონი ძალიან ჰგავს რუსეთში მიღებულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ. მმართველი პარტიის კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონი რეპრესიულია, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და აზიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ბრატისლავაში თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები სლოვაკეთის პრეზიდენტს პიტერ პელეგრინის მოუწოდებენ, რომ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

პარლამენტმა სადავო კანონი 17 აპრილს მიიღო. მას მხარს უჭერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად ებრძვის.

სლოვაკეთის პრეზიდენტ პელეგრინის ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. პელეგრინი ფიცოს მოკავშირეა, თუმცა ბოლო პერიოდში მან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა და რამდენიმე კანონპროექტი გააკრიტიკა. სადავო კანონზე გადაწყვეტილების მისაღებად მას 2 მაისამდე აქვს ვადა.

ახალი კანონის მიხედვით, სლოვაკეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთი ლიდერებისა და დონორების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროება მოუწევთ, თუ მათი შემოსავალი წელიწადში 5,000 ევროს აღემატება.

სლოვაკეთის მთავრობაში ამბობენ, რომ კანონი სამოქალაქო სექტორს უფრო გამჭვირვალეს გახდის.

თუმცა კანონის მოწინააღმდეგეების აზრით, ახალი კანონი სლოვაკეთის კონსტიტუციას არღვევს, რადგან ის კონფიდენციალურობის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებას არღვევს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ის ეწინააღმდეგება  ევროკავშირის სხვა წესებსაც.

ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტმა და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრამაც გამოიწვია. ფიცო მოსკოვში ჩასვლას კვლავ გეგმავს. იგი 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციები 20 სხვადასხვა ადგილას არის დაგეგმილი. დემონსტრაციები გაიმართება როგორც სლოვაკეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend